Instagram-მა Reels-ისთვის ხმოვანი იდენტობა შეიმუშავა

ინსტაგრამი

როგორც ჩანს, ინსტაგრამს საკუთარი იდენტობის გაძლიერება სურს, ამას კი ბგერებით აპირებს. პირდაპირ გეტყვით, Reels-ს ახალი ხმა ემატება, რომელიც, თუ ინსტაგრამს დავუჯერებთ, ხმების ახალ სამყაროსთან გვაზიარებს და ბრენდთან ჰარმონიულიც იქნება. 

ამ ხმას ყველა გადმოწერილი Reel-ის ბოლოს გაიგებთ. თანაც პლატფორმის შემოქმედებითმა აუდიო და ბრენდინგის გუნდებმა ბგერის დახვეწას უამრავი დრო დაუთმეს, თითოეული ნოტი ისე შეარჩიეს, რომ ჩვენში მრავალი ემოცია გაეღვიძებინათ. შესაბამისად, პროცესი უამრავ ვორქშოფს მოიცავდა, განსხვავებული ხმების ტესტირებებსა და ექსპერიმენტებს მანამ, სანამ სასურველს არ მიაგნეს. საბოლოოდ კი მივიდნენ ხმამდე, რომელიც ყველა რილსს ესადაგება, იქნება ეს რაღაც ძალიან სერიოზული, შთამაგონებელი თუ სულაც სასაცილო.

კომპოზიციის პირველი ბგერა დრამის დარტყმაა, რითაც მომხმარებლებისთვის ენერგიული მუხტი სურდათ, გადაეცათ და ასე იმ შემოქმედებითობაზეც გაესვათ ხაზი, რომელსაც Reels გვთავაზობს. შემდგომ ხმებს კი პლატფორმა მარტივ, ადამიანურ და მხიარულ ბგერებად აღწერს.

„ჩვენ მოვიტანეთ ენერგია, რომელიც არასრულყოფილია. ეს კი მეტაფორაა ყოველდღიური შემოქმედებითობის, რომელიც სულაც არ უნდა იყოს სრულყოფილი იმისათვის, რომ გააზიაროთ“, - აცხადებს სიერა სინკლერი, Meta-ს ხმის დიზაინერი.

Reels-ის ახალ ხმას კი Instagram პოსტში მოისმენთ, თუმცა მანამდე გეტყვით, რომ პლატფორმისთვის ეს ერთადერთი შემთხვევა არ იქნება, როგორც ამბობენ, ისინი ბრენდის ხმოვანი იდენტობის მთლიან სიმფონიას შემოგვთავაზებენ.