იმედი ონკოლოგიაში! - აღმოაჩინეს ნაერთები, რომელიც პანკრეასის კიბოს მეტასტაზებს 90%-ით აჩერებს

სიმსინე

კიდევ ერთი ახალი იმედი ონკოლოგიაში - მეცნიერებმა აღმოაჩინეს ნაერთები, რომლებიც პანკრეასის კიბოს მეტასტაზებს 90%-ით აჩერებს! 

პანკრეასის კიბო (კონკრეტულად კი მისი ყველაზე გავრცელებული ფორმა - სადინრის ადენოკარცინომა) მედიცინაში ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ და რთულად განკურნებად დაავადებად ითვლება. ჟურნალ Oncotarget-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ფლორიდის A&M უნივერსიტეტის ფარმაცევტებმა შექმნეს უნიკალური ნაერთები, რომლებსაც ამ ვერაგი სიმსივნის შეჩერება შეუძლიათ.

პანკრეასის სიმსივნეების უმეტესობას წარმართავს მუტაციები KRAS გენში, რაც უჯრედების უკონტროლო და სწრაფ დაყოფას იწვევს. ათწლეულების განმავლობაში KRAS-ს მედიცინაში ფაქტობრივად „უწამლოს“ უწოდებდნენ, რადგან მის წინააღმდეგ არცერთი პრეპარატი არ მოქმედებდა.

მეცნიერებმა გამოცადეს სპეციალური მოლეკულები - პოლიიზოპრენილირებული ცისტეინილის ამიდური ინჰიბიტორები (PCAI). მხოლოდ ერთი კონკრეტული მუტაციის ნაცვლად, ეს ნაერთები ერთდროულად ბლოკავენ KRAS-ის მუტაციით გამოწვეულ თითქმის ყველა პათოლოგიურ ცილოვან კავშირს.

დატესტილ ნაერთებს შორის ლიდერობს NSL-YHJ-2-27, რომელმაც დაბალი დოზირების პირობებშიც კი, ლაბორატორიულ მოდელებში კიბოს უჯრედების გავრცელებისა და მიგრაციის 90% დაბლოკა.

ამ მოლეკულებმა დაშალეს აქტინის ფილამენტები - უჯრედის შიდა ხარაჩო, რომელსაც კიბო მოძრაობისა და ქსოვილებში შეჭრისთვის იყენებს. საინტერესოა, რომ ნაერთებმა კიბოს უჯრედებში ზრდის სიგნალები იმდენად ინტენსიურად გადატვირთეს, რომ მათ რეაქტიული ჟანგბადის სახეობების მოზღვავება და ფაქტობრივად, თვითგანადგურება გამოიწვიეს.
ამ ეტაპზე ტესტები მხოლოდ ლაბორატორიულ უჯრედებსა და კომპლექსურ 3D მოდელებზე ჩატარდა, თუმცა, სხვა კვლევებში PCAI ნაერთებმა უკვე აჩვენეს ეფექტურობა ფილტვის, ძუძუსა და პროსტატის კიბოს უჯრედების წინააღმდეგაც, რაც მეცნიერებს ფართო სპექტრის ანტისიმსივნური თერაპიის შექმნის იმედს აძლევს.