გუშინ ჩვენ ვიყავით უაღრესად სამწუხარო მომენტის მოწმენი ამერიკის ისტორიაში, ვნახეთ, როგორ გაერთიანდა აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის დიქტატორ ვლადიმერ პუტინთან - სენატორი ბერნი სანდერსი

ბერნი სანდერსი

ვერმონტის შტატის სენატორის, ბერნი სანდერსის განცხადებით, ამერიკელი ხალხი „ძალიან სამწუხარო მომენტის მოწმეა“, რადგან, სანდერსის თქმით, „აშშ-ის პრეზიდენტი ცვლის ცნებებს, ცრუობს უკრაინისა და ევროპის შესახებ და დგება აგრესორი ქვეყნის, რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის მხარეს“.

„გუშინ ჩვენ ვიყავით უაღრესად სამწუხარო მომენტის მოწმენი ამერიკის ისტორიაში. ჩვენ ვნახეთ, როგორ გაერთიანდა შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუსეთის დიქტატორ ვლადიმერ პუტინთან, რათა ძირი გამოუთხაროს უკრაინის დამოუკიდებლობასა და დემოკრატიას. მოდით, გულწრფელები ვიყოთ: ტრამპი გვიჩვენებს, რომ ის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ დიქტატორს თავის მეგობრად მიიჩნევს, ხოლო ჩვენს ძველ დემოკრატიულ მოკავშირეებს ევროპაში – თავის მტრებად. მას სურს ისეთი მსოფლიო, რომელიც უსაფრთხოა ავტორიტარული რეჟიმებისა და ოლიგარქებისთვის, მაგრამ უკიდურესად საშიშია დემოკრატიებისთვის. თქვენ ალბათ არ გაგიკვირდებათ, როცა ვიტყვი, რომ ტრამპი ცრუობს, როგორც ის ხშირად აკეთებს ამას“, – განაცხადა ბერნი სანდერსმა.

ბერნი სანდერსის თქმით, ტრამპმა იცრუა იმის შესახებ, რომ უკრაინამ დაიწყო ომი.

„გუშინ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინამ დაიწყო ომი. ეს არ არის სიმართლე. რუსეთი ორჯერ შეიჭრა უკრაინაში: ჯერ 2014 წელს და შემდეგ კვლავ 2022 წელს. ახლა რუსეთს ოკუპირებული აქვს უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20%. პუტინის საშინელი შეჭრის შემდეგ ერთ მილიონზე მეტი ადამიანი მოკლეს ან დაჭრეს. ყოველდღიურად რუსეთი განაგრძობს უკრაინული ქალაქების დაბომბვას ასობით რაკეტითა და დრონით. პუტინის ძალები კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას და იტაცებენ ათასობით უკრაინელ ბავშვს“, – განაცხადა სანდერსმა.

მისივე თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2023 წელს გასცა პუტინის დაპატიმრების ორდერი, როგორც სამხედრო დამნაშავის.

„შემდეგ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის დიქტატორი უწოდა. ესეც სიცრუეა. ზელენსკიმ თავისუფალ არჩევნებში ხმების 75% მიიღო და, სინამდვილეში, მისი რეიტინგი უფრო მაღალია, ვიდრე ტრამპს აქვს. ტრამპმა განაცხადა, რომ ჩვენმა ევროპელმა მოკავშირეებმა ცოტა რამ გააკეთეს უკრაინის მხარდასაჭერად მის ბრძოლაში, პუტინის შემოჭრის წინააღმდეგ. მან თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა სამჯერ მეტი წვლილი შეიტანა, ვიდრე ევროპამ, მაგრამ ეს უბრალოდ კიდევ ერთი სიცრუეა. სინამდვილეში, ევროპამ უფრო მეტი დახმარება გაუწია უკრაინას, ვიდრე აშშ-მა. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, საით უნდა მას ჩვენი ქვეყნის და, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიოს წაყვანა. ტრამპი კომფორტულად გრძნობს თავს ვლადიმერ პუტინთან. მაშ ვინ არის პუტინი და როგორი მსოფლიოს აშენება სურს პუტინს? პუტინი არის დიქტატორი, რომელმაც ჩაახშო რუსეთის სვლა დემოკრატიისკენ ცივი ომის დასრულების შემდეგ. რუსეთი ყოველ ექვს წელიწადში ატარებს ფიქტიურ არჩევნებს, სადაც პუტინი „იღებს“ ხმების 90%-ს და ხელისუფლება არც კი ცდილობს გაყალბების დაფარვას“, – აღნიშნა ამერიკელმა სენატორმა.

ბერნი სანდერსის განცხადებით, პუტინის რუსეთში არ არის სიტყვის თავისუფლება და თავისუფალი მედია არ არსებობს, პროტესტებს სასტიკად ახშობენ, ათი ათასობით ადამიანს დევნიან და ციხეში სვამენ, ხოლო ზოგიერთს, „როგორც ალექსეი ნავალნის, კლავენ“. მისი თქმით, „რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ასობით ათასი რუსი გაექცა პუტინის სასტიკ რეჟიმს, მაგრამ კრემლის მეთაურმა შეინარჩუნა კონტროლი თავის ქვეყანაზე, შესთავაზა რა რუს ოლიგარქებს მარტივი გარიგება: თქვენ თუ მომცემთ აბსოლუტურ ძალაუფლებას, ნებას დაგრთავთ, მოიპაროთ რუსი ხალხისგან იმდენი, რამდენიც გინდათ“.

„სწორედ ამიტომ, ქვეყანაში, სადაც ბევრი ებრძვის ეკონომიკურ სირთულეებს, რუსმა ოლიგარქებმა ტრილიონობით დოლარი დამალეს ოფშორულ ანგარიშებზე. აი ეს არის რუსეთის ლიდერი, რომლითაც აღფრთოვანებულია ტრამპი. აი, ეს არის რუსული ოლიგარქია, რომელსაც ის უჭერს მხარს, მაგრამ ეს არ არის ამერიკელი ხალხის თვალსაზრისი. ჩვენ ვიცით და ვამაყობთ იმით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის მსოფლიოს უძველესი დემოკრატია. ჩვენ ვიცით, რომ მრავალი ასი ათასი მამაცი ამერიკელი წლების განმავლობაში იბრძოდა და იღუპებოდა დემოკრატიის დასაცავად. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ჩვენი მოკავშირეები მსოფლიოში არიან ის ქვეყნები, რომლებსაც სწამთ დემოკრატიის და არა ავტორიტარიზმის. ჩვენი ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში იმედი მაქვს, ყველა ამერიკელი, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ეტყვის „დიახ“ დემოკრატიას, „არა“ ოლიგარქიას და „არა“ავტორიტარიზმს“, – განაცხადა სენატორმა სანდერსმა.