1693080603
ლევან მაჭავარიანი ევროკავშირის დაფინანსებულ ტრენინგზე: სამწუხაროა, როდესაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენჯეოები“ საქართველოში მავნებელ საქმიანობას ემსახურებიან

ლევან მაჭავარიანმა თბილისში ჩატარებულ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ტრენინგებზე „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა და სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენჯეოები“ საქართველოში მავნებელ საქმიანობას ემსახურებიან.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენჯეოები“ საქართველოში მავნებლურ საქმიანობას ემსახურებიან. რა თქმა უნდა ყველას არ ვგულისხმობ, მაგრამ ასეთები ძალიან მრავლად არიან. როდესაც ევროკავშირს არაერთხელ მოვთხოვეთ, ასევე შალვა პაპუაშვილმა პირად საუბრებში და შემდეგ წერილიც კი მისწერა ჰერჩინსკის, რომ იქნებ გაესაჯაროებინათ EED, რომელიც ყველაზე მსხვილი დონორი ორგანიზაციაა, რას აფინანსებდა საქართველოში, 6 თვის თავზე მიიღო ძალიან ბუნდოვანი წერილი, სადაც აღნიშნული იყო, რომ ამას ვერ გაასაჯაროებდნენ. ეს საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ ეს ფული მთლიანად არ ხმარდება კეთილ საქმეს. ამის კარგი მაგალითია ის, რომ მასკის დეპარტამენტმა პირდაპირ გამოააშკარავა USAID-ი და NED-ი, თუ როგორ მავნებლურ საქმიანობას ეწეოდნენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ EED-იც ანალოგიურად მოქმედებს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
დახურული შეხვედრები თბილისში - ევროკავშირის დაფინანსებით ტრენინგების სერია დღეს დასრულდა. „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“ - ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები რეგიონებიდან ჩამოიყვანეს.
შეხვედრები სამი დღის წინ დაიწყო და როგორც თავად აცხადებდნენ, საუბრის ერთ-ერთი თემა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებიც იყო.