გამარჯვების გზაზე ვდგავართ და არ გავჩერდებით - ბენიამინ ნეთანიაჰუ

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთში პალესტინელებს დაბრუნების უფლებას არ მისცემენ, ვიდრე იქ ბრძოლა გრძელდება.

ამის შესახებ განცხადება ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო კანონმდებლობას შეესაბამება.

„საერთაშორისო კანონი მარტივ რამე ამბობს – შენ უნდა გამოიყვანო მშვიდობიანი მოსახლეობა, ვიდრე საფრთხე არსებობს. ახლა ღაზის ჩრდილოეთში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს და ჩვენ არ დავაბრუნებთ მოსახლეობას, ვიდრე ბრძოლა გრძელდება”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის მთავრობის მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელი განიხილავს ღაზის სექტორისა და ეგვიპტის საზღვრის გასწვრივ მდებარე „ფილადელფიის დერეფანზე” კონტროლის შენარჩუნებას.

„ჩვენ ვერ დავასრულებთ ომს ამ გასასვლელის ჩაკეტვის გარეშე. სხვაგვარად ჩვენ ვერ გავანადგურებთ „ჰამასს“ და ვერ მოვახდენთ ღაზის სექტორის განიარაღებას, რადგანაც შემდეგ მეტი იარაღი შევა ღაზაში სამხრეთის გასასვლელით. ცხადია, რომ ჩვენ ის უნდა ჩავკეტოთ. არსებობს რამდენიმე შესაძლებლობა და ჯერ გადაწყვეტილება არ მიგვიღია”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სამხედრო მოქმედებები ღაზის სექტორში არ შეწყდება, მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას გამოიტანს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო, სადაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ისრაელს გენოციდში სდებს ბრალს.

„ახალი ნაცისტების მხარდამჭერები ბედავენ ჩვენს გენოციდში დადანაშაულებას. ჩვენ უპრეცედენტოდ მორალურ და სამართლიან ბრძოლაში ვართ „ჰამასის“ მონსტრების წინააღმდეგ, რომლებიც არიან ახალი ნაცისტები. ჩვენ გამარჯვების გზაზე ვდგავართ და ჩვენ არ გავჩერდებით, ვიდრე არ გავიმარჯვებთ. არ წავალთ კომპრომისზე და არ გავჩერდებით”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის მთავრობის მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ისრაელის მთავრობა გამორიცხავს 7 ოქტომბრის თავდასხმამდე ისრაელის არმიის შესაძლო შეცდომების დასადგენად გარე გამოძიების ჩატარებას, რაც, ნეთანიაჰუს თქმით, კონტრპროდუქტიული იქნებოდა.

„ვფიქრობ, არავის სურს, რომ თავდაცვის ძალების მეთაურები, ნაცვლად ომისა, ადვოკატებს ეძებდნენ“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.