ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპის გადაიარაღების გეგმა წარადგინა - ევროპა მზად არის, მასიურად გაზარდოს თავდაცის ხარჯები

ursula fon der laini

ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერებისა და სამხედრო შესაძლებლობების გაზრდის ახალი გეგმით შესაძლებელი იქნება 800 მილიარდი ევროს მობილიზება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპა მზად არის, მასიურად გაზარდოს თავდაცვის ხარჯები.

„ჩვენ ვცხოვრობთ ყველაზე გადამწყვეტ და მნიშვნელოვან დროს. არ არის საჭირო, აღვწერო ჩვენს წინაშე არსებული საფრთხეების სერიოზულობა ან გამანადგურებელი შედეგები, რომლებიც დადგება, თუ ეს საფრთხეები ასრულდება, რადგან შეკითხვა აღარ დგას ემუქრება თუ არა რეალური საფრთხე ევროპის უსაფრთხოებას ან უნდა აიღოს თუ არა ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე. სინამდვილეში, ჩვენ დიდი ხანია, ვიცით ამ კითხვებზე პასუხები. რეალური კითხვა ჩვენს წინაშე არის მზად არის თუ არა ევროპა, იმოქმედოს ისე მტკიცედ, როგორც ამას კარნახობს სიტუაცია, მზად არის თუ არა ევროპა და აქვს თუ არა უნარი იმოქმედოს ისე სწრაფად და ამბიციურად, როგორც საჭიროა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, მან წერილით მიმართ ევროპელ ლიდერებს 6 მარტს დაგეგმილი ევროკავშირის სამიტის წინ. წერილში მან ლიდერებს „ევროპის გადაიარაღების გეგმა“ წარუდგინა. ეს არის ხუთპუნქტიანი შეთავაზებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის ხელთ არსებული ფინანსური ბერკეტების გამოყენებას, რათა დაეხმაროს წევრ სახელმწიფოებს, სწრაფად და მნიშვნელოვნად გაზარდონ თავდაცვის ხარჯები.

ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი წევრ სახელმწიფოებს შესთავაზებს უფრო მეტ ფისკალურ სივრცეს თავდაცვაში ინვესტიციებისთვის, ასევე ამგვარი ინვესტიციებისთვის 150 მილიარდი ევროს კრედიტების სახით, ასევე იმუშავებს კერძო კაპიტალის მობილიზებაზე.

„ჩვენ ვიმყოფებით გადაიარაღების ეპოქაში და ევროპა მზად არის, მასიურად გაზარდოს თავდაცვის ხარჯები, რათა რეაგირება მოახდინოს მოქმედების და უკრაინის მხარდაჭერის მოკლევადიან სასწრაფო საჭიროებაზე და ასევე რეაგირება მოახდინოს გრძელვადიან საჭიროებაზე, რაც ევროპის უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობის აღებას გულისხმობს“, – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ამგვარად, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ამ გეგმით შესაძლებელია 800 მილიარდი ევროს მობილიზება.

„ევროპა მზად არის, თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა. ევროპის გადაიარაღების გეგმას“ შეუძლია 800 მილიარდ ევრომდე მობილიზება უსაფრთხო და მედეგი ევროპისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ნატო-ში ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო მუშაობას. ეს არის მომენტი ევროპისთვის და ჩვენ მზად ვართ გავაქტიურდეთ“, – თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.