მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვისაც მწვანე ბარათის შევსება სურს
1728133604
ეკვადორში, ქალაქ გუაიაკილიში შეიარაღებული პირების ჯგუფი სახელმწიფო ტელევიზია TC-ს სტუდიაში პირდაპირი ტრანსლაციის დროს შეიჭრა.
როგორც „ბიბისი“ სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებზე დაყრდნობით წერს, ნიღბიანმა პირებმა სტუდიაში მყოფი ადამიანები იარაღის მუქარით იატაკზე დააწვინეს. პირდაპირ ეთერში სროლისა და ყვირილის ხმაც ისმოდა, რის შემდეგაც მაუწყებლობა შეწყდა.
ოფიციალური ინფორმაცია დაშავებულების შესახებ ამ დრომდე არ ვრცელდება, თუმცა ეკვადორის პოლიციამ ტელევიზიიდან პერსონალის ევაკუირება მოახდინა, მოგვიანებით კი, რამდენიმე თავდამსხმელის დაკავება დაადასტურა.
„პოლიციის დანაყოფებმა მოახერხეს დანაშაულთან დაკავშირებული რამდენიმე პირის დაკავება“, – აღნიშნავს ეკვადორის პოლიცია სოციალურ ქსელში.
„ბიბისის“ ცნობით, სატელევიზიო სტუდიაზე თავდასხმის შემდეგ ეკვადორის პრეზიდენტმა შიდა შეიარაღებული კონფლიქტის მდგომარეობის გამოცხადების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი და რამდენიმე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი „ტერორისტულ” და „არასახელმწიფოებრივ” ორგანიზაციების სიაში შეიყვანა.
ტელევიზიაში შეჭრა ეკვადორში 60-დღიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან მეორე დღეს მოხდა.
ეკვადორის პრეზიდენტმა, დანიელ ნობოამ საგანგებო მდგომარეობას მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ერთ-ერთი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი ციხის საკნიდან გაუჩინარდა. ადოლფო მასიას ვილიამარი, მეტსახელად „ფიტო“, ციხეში სასჯელს 12 წლის განმავლობაში იხდიდა და ამავდროულად ძლიერ კრიმინალურ დაჯგუფებას, „ლოს ჩონეროსს“ ხელმძღვანელობდა.
„ბიბისის“ ცნობით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დაჯგუფების წევრებმა სულ მცირე შვიდი პოლიციელი გაიტაცეს.
მედია იუწყება, რომ პატიმრის გაქცევაში დახმარებაში ეჭვმიტანილი ციხის ორი თანამშრომელი დაკავებულია.
როგორც „ბიბისი“ წერს, „ლოს ჩონეროსი“ არის ციხის დაჯგუფება, რომელიც სავარაუდოდ, დაკავშირებულია ციხეებში მომხდარ აჯანყებებსა და ჩხუბებთან.
„ბიბისი“ ასევე აღნიშნავს, რომ ოფიციალური ინფორმაცია, უკავშირდება თუ არა ტელევიზიაში შეჭრა ციხიდან გაქცევის ფაქტს, ჯერჯერობით არ ვრცელდება.