დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც უსაფრთხოებისა და თავდაცვის ხელმძღვანელებს მოუწოდებს, გააფართოონ მიგრანტთა დაკავების ცენტრი აშშ-ის საზღვაო ბაზაზე, გუანტანამოს ყურეში

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც უსაფრთხოებისა და თავდაცვის ხელმძღვანელებს მოუწოდებს, გააფართოონ მიგრანტთა დაკავების ცენტრი აშშ-ის საზღვაო ბაზაზე, გუანტანამოს ყურეში.

ბრძანება ოფიციალურ პირებს ავალებს, დაწესებულება სრულ მზადყოფნაში მოიყვანონ, რათა უზრუნველყონ დამატებითი სივრცე აშშ-ში უკანონოდ მყოფი მძიმე დანაშაულის ჩამდენი უცხოელების დაკავებისთვის და გადაჭრან თანმდევი იმიგრაციის აღსრულების საჭიროებები, რაც გამოვლენილია თავდაცვის დეპარტამენტისა და შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ.

ტრამპის ბრძანებით, დაკავების ცენტრში, სულ მცირე, 30 000 დაკავებული მიგრანტის დატევა უნდა შეძლონ. როგორც ცნობილია, მემორანდუმის მიზანია, შეაჩეროს საზღვარზე უკანონოდ ხალხის შესვლა და ეროვნული სუვერენიტეტის აღსადგენად.

გუანტანამოს ყურე კუბის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ამერიკული სამხედრო ბაზა აქ 1898 წლის შემდეგ არსებობს, ხოლო, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ იქ გუანტანამოს ციხე გაიხსნა, სადაც დაახლოებით 800 ადამიანი იყო განთავსებული, უმეტესად ტერორიზმის ბრალდებით.

ამერიკული მედია იტყობინება, რომ დღემდე იქ 15 პატიმარი იმყოფება, მათ შორის, 11 სექტემბრის ტერაქტის სავარაუდო ორგანიზატორი ხალიდ შეიხ მუჰამედი.

„ბიბისი“ ასევე წერს, რომ დაახლოებით 30 ადამიანი იყო გადაყვანილი გუანტანამოს ციხეში ბაიდენის ადმინისტრაციის დროს. ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს ობამამ ბრძანება გასცა ამ ციხის დახურვის შესახებ, თუმცა 2017 წელს დონალდ ტრამპის პრეზიდენტად მოსვლის შემდეგ ტრამპმა ეს ბრძანება გააუქმა.