დიდ ბრიტანეთში, შესაძლოა, ასობით სახელმწიფო ორგანიზაცია დახურონ

britaneti

დიდ ბრიტანეთში განაცხადეს, რომ, შესაძლოა, დახურონ ასობით სახელმწიფო ორგანიზაცია, რათა გლობალური არასტაბილურობის ახალ ეპოქაში შეამცირონ ხარჯები და გაზარდონ პროდუქტიულობა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ბრიტანეთში არსებობს ასობით კვაზი ავტონომიური არასამთავრობო ორგანიზაცია. ისინი ფინანსდებიან გადასახადის გადამხდელების მიერ, მაგრამ არ კონტროლდებიან მინისტრებისგან; ასევე, შეიძლება, დახურონ ისეთ სახელმწიფო ორგანოები, როგორებიცაა, მაგალითად, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების აღმასრულებელი კომიტეტი და მიგრაციის საკონსულტაციო კომიტეტი.

„ყველა ასეთ ორგანიზაციას გადახედავენ დახურვის, შერწყმის ან მათი ფუნქციების სამთავრობო დეპარტამენტებისთვის დაბრუნების მიზნით, თუ მათი შემდგომი არსებობა ვერ იქნება გამართლებული“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.

„როიტერი“ წერს, რომ ბრიტანეთი იმყოფება „ქამრების შემოჭერის“ რეჟიმში, რადგან ფინანსთა მინისტრი რეიჩელ რივზი ცდილობს, დაიცვას ფისკალური წესები, ასევე ებრძოლოს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ტარიფების შედეგებს. ამ ყველაფერმა შეამცირა ეკონომიკური ზრდის პროგნოზები.

დიდი ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ გლობალური არასტაბილურობის პირობებში ბიუროკრატიის რეფორმა უფრო სწრაფად უნდა განხორციელდეს.

მარტის თვეში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ გააუქმებს NHS England-ს, ორგანოს, რომელიც ზედამხედველობას უწევს ჯანდაცვის სისტემას და დაუბრუნებს მის ფუნქციებს მთავრობის ჯანდაცვის დეპარტამენტს, რათა დაზოგოს ასობით მილიონი ფუნტი სტერლინგი.

მთავრობამ განაცხადა, რომ რეფორმა არ შეეხება ზოგიერთ ორგანიზაციას, მაგალითად, მათ, რომლებიც დაკავებულნი არიან მთავრობის საქმიანობის კონტროლით ან კანონის უზენაესობის დაცვით.