„ამჟამად, სარეალიზაციო ქსელში არსებული „სოფლის ნობათის“ პროდუქცია, სრულად შეესაბამება უვნებლობის სტანდარტებს“ - სესი

სოფლის ნობათი

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ამჟამად, სარეალიზაციო ქსელში არსებული „სოფლის ნობათის“ პროდუქცია (რძე, მაწონი, არაჟანი, ხაჭო და სხვ.) სრულად შეესაბამება უვნებლობის სტანდარტებს.

მათივე ცნობით, „სოფლის ნობათის“ ის კონკრეტული პარტია, სადაც აფლატოქსინ M1 დაფიქსირდა, სრულად ამოღებულია სარეალიზაციო ქსელიდან.

„სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე განმარტავს, რომ სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული რძის (“სოფლის ნობათი”) ის კონკრეტული პარტია, სადაც აფლატოქსინ M1 დაფიქსირდა. პროდუქციის ამოღების პროცესს სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით უწევენ ზედამხედველობას. კომპანია “ვიმ- ბილ-დან საქართველო” აქტიურად თანამშრომლობს სააგენტოსთან და დარღვევის გამოვლენისთანავე,  მყისიერად დაიწყო პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვა. ამჟამად სარეალიზაციო ქსელში არსებული  “სოფლის ნობათის”  პროდუქცია (რძე, მაწონი, არაჟანი,ხაჭო და სხვ.) სრულად შეესაბამება უვნებლობის სტანდარტებს.

„სურსათის ეროვნული სააგენტო რძის გადამამუშავებელ კომპანიებს გეგმურად წელიწადში  მინიმუმ  4-ჯერ მაინც ამოწმებს.  შარშან სააგენტომ რძის მწარმოებელი ბიზნესსექტორი დაახლოებით, 1500-ჯერ შეამოწმა და 1031 ნიმუში აიღო, მათ შორის  “ვიმ- ბილ-დან საქართველო ”15- ჯერ შემოწმდა (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება ნიმუშების კვლევა სხვადასხვა მაჩვენებელზე, მათ შორის აფლატოქსინზე) და  არცერთი დარღვევა არ გამოვლინდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს რძის მწარმოებელი კომპანიების კონტროლს და ლაბორატორიულ კვლევას, რომლის შედეგებიც  პერიოდულად ეცნობება საზოგადოებას. სურსათის ეროვნული  სააგენტო, აფლატოქსინის შემცველობაზე  რძეს ევროკავშირის რეგულაციის შესაბამისად 2022 წლიდან იკვლევს“, - ნათქვამია განცხადებაში.