ბოლო ცნობებით, მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 3500-მდე გაიზარდა

მიანმარი

7 აპრილის მდგომარეობით, 28 მარტს მიანმარში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 3500-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვმა 5012-ს მიაღწია.

აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის (USGS) ინფორმაციით, მიანმარში მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდას შეადგენდა და მისი სიღრმე 10 კილომეტრი იყო.

USGS-ს ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მანდალაიდან დაახლოებით 17.2 კილომეტრში მდებარეობდა, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 1.2 მილიონია. ძლიერი ბიძგი იგრძნობოდა იანგონსა და ბანკოკშიც.

ტაილანდის ხელისუფლების ინფორმაციით, ცათამბჯენის ჩამონგრევის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, ხოლო სულ მცირე 34 დაშავდა.

აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის პროგნოზირებული მოდელირების მიხედვით, მსხვერპლთა რაოდენობამ შეიძლება 10 000-ს გადააჭარბოს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მსხვერპლის რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებზე ბევრად მაღალია, ხოლო ტელეკომუნიკაციების შეფერხებისა და მრავალი ადგილის მიუწვდომლობის გამო, ვარაუდობენ, რომ ციფრები შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს, როგორც კი მეტი დეტალი გახდება ცნობილი.