გერმანიის თავდაცვის მინისტრი: რუსეთის მიმდინარე აგრესიის გათვალისწინებით, უნდა ვაღიაროთ, რომ უკრაინაში მშვიდობა უახლოეს მომავალში მიუღწეველი ჩანს

ბორის პისტორიუსი

გერმანიამ და ბრიტანეთმა პარასკევს რუსეთს გზავნილი გაუგზავნეს, რომ უკრაინა დასავლური მხარდაჭერის წყალობით ბრძოლის გაგრძელებას შეძლებს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters.

ნატოს შტაბ-ბინაში რამშტაინის ფორმატში გამართულ რიგით 27-ე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა, ჯონ ჰილიმ და გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა გახსნეს.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე აგრესიის გათვალისწინებით, უნდა ვაღიაროთ, რომ უკრაინაში მშვიდობა უახლოეს მომავალში მიუღწეველი ჩანს“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა.

ჟურნალისტებთან საუბრისას, როგორც პისტორიუსმა, ასევე მისმა ბრიტანელმა კოლეგამ უკრაინა დაარწმუნეს, რომ დასავლეთის სამხედრო მხარდაჭერა გაგრძელდება.

„ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინამ ჩვენი ერთობლივი სამხედრო მხარდაჭერით სარგებლობა განაგრძოს. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ უკრაინას ბრძოლის გაგრძელება შეუძლია და ჩვენ მას მხარს დავუჭერთ... უკრაინას ჩვენი იმედი შეუძლია ჰქონდეს“, - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

„ახლა ამ ომის კრიტიკული მომენტია... და ჩვენ უკრაინას ვეუბნებით: ჩვენ თქვენთან ერთად ვდგავართ ბრძოლაში და თქვენთან ერთად დავდგებით მშვიდობაშიც“, - დასძინა ბრიტანელმა მინისტრმა.