ავსტრალიამ სიძულვილის დანაშაულებისთვის სავალდებულო პატიმრობა შემოიღო

ავტრალია

ავსტრალიაში ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულები და სიძულვილის სიმბოლოები, მათ შორის ნაცისტური მისალმება, ერთიდან ექვსი წლის ვადით თავისუფლების სავალდებულო აღკვეთით დაისჯება.

ეს ცვლილებები სიძულვილის დანაშაულის კანონმდებლობაში 6 თებერვალს მიიღეს.

როგორც BBC წერს, ახალი კანონები ქვეყანაში ანტისემიტური თავდასხმების გახშირების ფონზე მიიღეს.

სავალდებულო მინიმალური სასჯელი მერყეობს 12 თვიდან ნაკლებად მძიმე სიძულვილის დანაშაულებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, საჯაროდ ნაცისტური მისალმება, 6 წლამდე ტერორისტული აქტის ჩადენის ან დაგეგმვისთვის. ტერორიზმის დაფინანსებისთვის დაწესებული სასჯელი კი მინიმუმ 3 წელია.

ოფიციალური პირების შეფასებით, ეს ცვლილებები ავსტრალიის ისტორიაში "სიძულვილის დანაშაულების წინააღმდეგ მიღებული ყველაზე მკაცრი კანონებია".

ნაცისტური მისალმებისა და ნაცისტური სიძულვილის სიმბოლოების საჯაროდ გამოყენება ავსტრალიაში 2024 წლის იანვრიდან აკრძალულია და ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხუთშაბათს მიღებული ცვლილებებით კი, ეს სასჯელი სავალდებულო გახდა.

სიძულვილის დანაშაულის კანონი ასევე კრძალავს ძალადობის ან ძალის გამოყენების მუქარას პირების მიმართ მათი რასის, რელიგიის, უნარშეზღუდულობის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე.

ავსტრალიაში ქვეყნის მასშტაბით ბოლო თვეების განმავლობაში საგრძნლობლად გაიზარდა თავდასხმები სინაგოგებზე და ებრაული თემის წევრების ავტომობილებსა და სახლებზე.

"ჩვენ გვინდა, რომ ანტისემიტურ აქტივობებში ჩართული პირები დაიჭირონ, ბრალი წაუყენონ და ციხეში ჩასვან. ეს არის ჩემი პრიორიტეტი" – განაცხადა ავსტრალიის პრემიერმინისტრმა ენტონი ალბანიზმა ხუთშაბათს, კანონის მიღების შემდეგ.