საქართველოში სუროგაციის მიზნით ჩამოყვანილი ტაილანდის რამდენიმე მოქალაქე ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა - ბანგკონკის ინტერპოლთან თანამშრომლობით შსს-მ გამოძიება დაიწყო

aeroporti

უცხოური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტაილანდის რამდენიმე მოქალაქე საქართველოში ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა. Bangkonkpost წერს, რომ ქალები საქართველოში სუროგაციის მიზნით ჩამოიყვანეს, თუმცა ისინი სისტემატიურ ექსპლუატაციას განიცდიდნენ და არც სამშობლოში დაბრუნების უფლებას აძლევდნენ.

ინფორმაციის დასაზუსტებლად, "რუსთავი 2" შსს-ს დაუკავშირდა, სადაც განგვინარტეს, რომ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს და უკვე გამოიკითხა უცხო ქვეყნის 70-მდე მოქალაქე. გატარებული ოოერატიული მოქმედებებისთვის ბანგკოკის ინტერპოლი საქართველოს შსს-ს მადლობას უხდის.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბანგკოკის ინტერპოლიდან მიღებული წერილის საფუძველზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყეს, რაც ადამიანით ვაჭრობას გულისხმობს.

სამართალდამცველებმა გამოძიების დაწყებისთანავე ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება განახორციელეს, მათ შორის დაინიშნა ექსპერტიზები და სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდა ჩხრეკა. გამოიკითხა 70-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქე, თუმცა არცერთ მათგანს გარდა 3 ტაილანდელი ქალბატონისა, რაიმე სახის პრეტენზია არ დაუფიქსირებია.

გამოკითხული 3 ტაილანდელი ქალბატონი განმარტავდა, რომ აღარ სურდათ სუროგატი დედობა და საცხოვრებელ მისამართზე დარჩენა. სამართალდამცველების მიერ იმავე დღეს მოხდა სამივე ქალბატონის გადაყვანა ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფარში და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ მათ ქვეყანა დატოვეს.

პოლიციამ, ასევე გამოიკითხა უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე, რომელთა მიერაც ტაილანდის მოქალაქეების საქართველოში სუროგაციის მიზნით ჩამოყვანა მოხდა.

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები, საიდანაც გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება", - განგვიმარტეს შსს-ში.