ექიმების გადაწყვეტილებით, მზია ამაღლობელი კლინიკა "ვივამედში" რჩება - მას დამატებითი კვლევები ჩაუტარდება

მზია ამაღლობელი

ექიმების გადაწყვეტილებით, მზია ამაღლობელი კლინიკა "ვივამედში" რჩება - მას დამატებითი კვლევები ჩაუტარდება. საპატიმროში გადაყვანა გადაიდო. "ვივამედის" კლინიკური დირექტორის თქმით, პაციენტი კვლევების ჩატარებაზე თანახმაა და მას 26-დღიანი შიმშილობის შესაბამისი ჩივილები აქვს.

"არანაირი გართულება არ ყოფილა, პაციენტთან გრძელდება მონიტორინგის პროცესი. დღეს უგრძელდება ლაბორატორიული კვლევები, გარდა ამისა, მას უტარდება სპეციალისტების კონსულტაციები," - აღნიშნა "ვივამედის" სამედიცინო დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

დღეს ჟურნალისტი მოინახულა მისმა ადვოკატმაც. ჯუბა ქათამაძის თქმით, ამაღლობელი შიმშილობას განაგრძობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად, ხვალ, შესაძლოა, სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი მედიკოსთა ჯგუფი შევიდეს.

"მადლობა გადაუხადა იმ ადამიანს, ვინც შიმშილობა შეწყვიტა და ყველას სთხოვა, რომ მის გამო თავგანწირვა არ ღირს. კლინიკამ ითხოვა, კლინიკაში გარკვეული დრო დაეყო, კვლევები ჩატარებულიყო, რაღაც ცვლილებებიც აღმოჩნდა გასტროენტეროლოგიურ კვლევებში. ხვალ, შესაძლოა, შემოვიდეს სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი მედიკოსთა ჯგუფი და უნდა გაირკვეს, რა სახის კვლევები იქნება საჭირო, დანარჩენი ხვალ გაირკვევა. ქალბატონი მზიას მოთხოვნაა, თუ რამე კვლევაა დარჩენილი, დღეს ჩატარდეს, ხვალ ექიმებიც შევიდნენ და, მაქსიმუმ, ხვალ საღამოს დააბრუნონ პენიტენციურ დაწესებულებაში," - განაცხადა ადვოკატმა, ჯუბა ქათამაძემ.