„აუცილებელია მოლაპარაკებები, რომლის დროსაც "ორივე მხარეს მოუწევს რაღაცის დათმობა" - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუსეთ-უკრაინის ომზე

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომი უნდა დასრულდეს და ორივე მხარე დათმობაზე უნდა წავიდეს.

"პირველ რიგში, ნება მომეცით ვთქვა ეს: ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის, რაც პუტინმა გააკეთა, საშინელება იყო. სხვა ქვეყანაში შეჭრა, სისასტიკე და საშინელი რამ ჩაიდინა", - თქვა რუბიომ, თუმცა, დაამატა, ბაიდენის ადმინისტრაცია "არაკეთილსინდისიერი" იყო, როცა ხალხის იმაში დაარწმუნა, რომ უკრაინას რუსეთის დამარცხება შეეძლო.

მანვე აღნიშნა, რომ ომმა "უკრაინა 100 წლით დახია უკან", რადგან ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ნადგურდება, ბევრი უკრაინელი უკრაინას ტოვებს და სამუდამოდ მკვიდრდება საზღვარგარეთ.

რუბიოს თქმით, აშშ-ის წინა ადმინისტრაცია "უკრაინის განადგურებას აფინანსებდა".

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ომის დასასრულებლად, აუცილებელია მოლაპარაკებები, რომლის დროსაც "ორივე მხარეს მოუწევს რაღაცის დათმობა".