აშშ-მა, შესაძლოა, უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტების წარმოების ლიცენზია მისცეს

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის ლიდერთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ვაშინგტონმა, შესაძლოა, კიევს Patriot-ის ტიპის რაკეტების წარმოებისთვის საჭირო ლიცენზია მისცეს.

„ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც განვიხილავთ არის ის, რომ მოგცეთ ლიცენზიას, რათა Patriot-ის ტიპის რაკეტები თავად აწარმოოთ. შესაბამისად, ის [ზელენსკი] აღარ იტყვის, რომ ჩვენ მას საკმარის რაოდენობას არ ვაძლევთ. თავად აწარმოეთ“, - განაცხადა ტრამპმა.

თეთრი სახლის ლიდერმა ევროპაში Patriot-ების სავარაუდო წარმოების შესახებაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ეს არის თავდაცვითი იარაღი, რომელიც მას შეტევით იარაღზე უფრო მეტად უყვარს. მისი თქმით, ევროპაში აღნიშნული რაკეტების წარმოების საკითხი განიხილება.