გერმანიაში ტვინის სიმსივნის საწინააღმდეგო ვაქცინა გამოცადეს - რა აჩვენა შედეგმა

გერმანიაში ტვინის სიმსივნის საწინააღმდეგო ვაქცინა გამოცადეს

გერმანელმა მეცნიერებმა ტვინის სიმსივნის საწინააღმდეგო პერსპექტიული ვაქცინა გამოცადეს. კვლევა კიბოს კვლევის გერმანული ცენტრის, მანჰაიმის საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრის, ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო კლინიკისა და სხვა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მეცნიერებმა ჩაატარეს.

მასში მონაწილე 33 პაციენტიდან 66% რვა წლის შემდეგაც ცოცხალი იყო, მონაწილეთა 42%-ში კი სიმსივნის ზრდა აღარ განახლებულა.

ტვინის კიბოსთან ბრძოლაში ეს საკმაოდ იმედისმომცემი შედეგებია. როგორც წესი, პაციენტები ქიმიოთერაპიასა და სხივურ თერაპიას გადიან, თუმცა ამის მიუხედავად, აგრესიული სიმსივნის მქონე ადამიანები დიაგნოზის დასმიდან ხშირად 5 წელზე მეტს ვერ ცოცხლობენ. კვლევის ერთ-ერთმა წამყვანმა ავტორმა, მანჰაიმის საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრის ნევროლოგიის განყოფილების დირექტორმა, მიხაელ პლატენმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ პაციენტების მნიშვნელოვან ნაწილში სიმსივნეს ასეთი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ზრდა აღარ განუახლებია.

აღნიშნული ვაქცინა პაციენტის იმუნურ სისტემას წვრთნის, რათა მან დამოუკიდებლად შეძლოს სიმსივნესთან ბრძოლა.