აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი აცხადებს, რომ რესპუბლიკელები მხარს დაუჭერენ ტრამპის ინიციატივას ღაზასთან დაკავშირებით

ტრამპი მაიკ ჯონსონი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ რესპუბლიკელები მხარს დაუჭერენ დონალდ ტრამპის ინიციატივას ღაზასთან დაკავშირებით. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, აიღოს პასუხისმგებლობა ღაზის სექტორზე.

მაიკ ჯონსონმა შეაქო აღნიშნული წინადადება და განაცხადა, რომ პალატის რესპუბლიკელები დადგებიან ტრამპის გვერდით.

„გუშინდელმა განცხადებამ ბევრი გააოცა, მაგრამ, ვფიქრობ, მსოფლიოს მასშტაბით მოწონება დაიმსახურა. რატომ? იმიტომ, რომ ეს რეგიონი უკიდურესად სახიფათოა, და ის გაბედულ, გადამწყვეტ ნაბიჯებს დგამს ამ რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად“,- განაცხადა ჯონსონმა პრესკონფერენციაზე.

ჯონსონმა აღნიშნა, რომ ელოდება დამატებით დეტალებს ტრამპის გეგმის შესახებ. მისივე თქმით, ამ საკითხს ხვალ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან კაპიტოლიუმში დაგეგმილი შეხვედრისას განიხილავს.

„ვფიქრობ, ხალხი ხვდება ამის აუცილებლობას და ჩვენ მხარს დავუჭერთ ისრაელს ამ მიზნისკენ სვლაში. ასევე მხარს დავუჭერთ პრეზიდენტის ინიციატივას“,- განაცხადა ჯონსონმა.