ახალგაზრდა, რომელსაც ოთხი დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1738772877
ამ წუთებში სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულების სასამართლო სხდომა მიმდინარეობს - მსჯელობენ გიგი უგულავას და კიდევ 3 პირის აღკვეთის ღონისძიებაზე.
დიმიტრი ბიძინაშვილის და დანარჩენი სამი პირის პროცესი ცოტა ხანში დაიწყება.
„წარდგენილი ბრალდება არის იმდენად აბსურდული, რომ მოთხოვნაც და მოლოდინიც გვაქვს, რომ გიგი უგულავა და სხვა დაკავებულებიც უნდა დარჩნენ ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე“, - აცხადებს გიგი უგულავას ადვოკატი ირაკლი აბესაძე.
ადვოკატების განცხადებით, გზის ბლოკირების მცდელობა არ ყოფილა, ამიტომ ისინი ბრალდებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.
„რაც შეეხება პროკურატურის შუამდგომლობას, ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია რას ითხოვს ბრალდების მხარე. ნებისმიერი მოთხოვნის შემთხვევაში, ეს იქნება პატიმრობა თუ გირაო, არ არსებობს არანაირი საფუძველი არც ფაქტობრივი და არც ფორმალური. ირაკლი დააკავეს მაშინ, როდესაც იდგა ტროტუარზე, შესაბამისად, ნებისმიერი სახის მტკიცება, რომ ირაკლი თითქოს გზას კეტავდა ან იმ დროს ან მანამდე, წარმოუდგენელია, ამას ადგილი არ ჰქონია“, - აცხადებს დიმიტრი ბიძინაშვილის ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი.
ირაკლი ტაბატაძის ადვოკატის, მარიამ გოგორელიანის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს დანაშაულის ჩადენას, ვინაიდან მას არ ჩაუდენია როგორც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, აგრეთვე არც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ორივე შემთხვევაში უკანონოდ იყო დაკავებული. ის აპირებს ბრძოლას“, - აცხადებს ირაკლი ტაბატაძის ადვოკატი, მარიამ გოგორელიანი.
„თბილისი მოლის“ მიმდებარედ დაკავებულების ნაწილს გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულს რომ ედავება, გუშინ გახდა ცნობილი - 8 პირს ჯგუფურად, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირების მცდელობას ედავებიან - დანაშაული 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.