თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა – დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

პოლიცია ლენტა

1-ელ თებერვალს, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში, ერთი ადამიანი მოკლეს. საქართველოს პროკურატურამ დაკავებულს ბრალი ორი მუხლით წაუყენა.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1 თებერვალს, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა”, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 3 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.