ტრეფიკინგის ბრალდებით ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დააკავეს - თბილისში მომხდარი დანაშაულის დეტალები

ტრეფიკინგის საქმე

სექსუალური ექსპლუატაციის ბრალდებით თბილისში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დააკავეს, რომლებიც 40 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალს სხვადასხვა მამაკაცებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდნენ, მიღებულ თანხას კი თავად ეუფლებოდნენ.

ფიზიკური ანგარიშსწორების შიშით, მსხვერპლი იძულებული იყო მთელი დღის განმავლობაში სექსუალური მომსახურება არაერთი კლიენტისთვის გაეწია. საქმეში დევს ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერებიც. ირკვევა, რომ საკმარისი თანხის არქონის გამო შშმ ქალი ბრალდებულმა ლევან აბულაძემ სასაფლაოზე აიყვანა და სასტიკად სცემა. საქმის მთავარი ფიგურანტია მისი მეუღლე, 48 წლის ხათუნა აბულაძე, რომელსაც ქმარი ძალადობის შემდეგ ანგარიშს ტელეფონით აბარებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებში ისმის, თუ როგორ აიძულებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდა ქალს სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას. ამ გზით გამომუშავებულ თანხას კი ცოლ-ქმარი სრულად ეუფლებოდა. მეტი სარგებლის მიღების მიზნით, ქალს დღის განმავლობაში საკვების მიღებასაც კი უკრძალავდნენ.

სექსუალური ექსპლუატაციის ადგილი მტკვრის მარცხენა სანაპიროა. 40 წლის მსხვერპლი აქ თითქმის ყოველდღიურად გამოდიოდა და სხვადასხვა მამაკაცთან სექსუალური მომსახურებით გამომუშავებულ თანხას, ტრეფიკიორებს სრულად ურიცხავდა. ამავე ტერიტორიაზე მდებარე კომერციულ დაწესებულებებში მსხვერპლს კარგად იცნობენ, თუმცა ძალადობის შესახებ ინფორმაცია, მხოლოდ დღეს შეიტყვეს.

"კურიერი" დღეს გლდანში, აბულაძეების საცხოვრებელ მისამართზეც იმყოფებოდა. მეზობლები ადასტურებენ, რომ პოლიციამ ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, რის შემდეგაც ცოლი სახლიდან, ქმარი კი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან აიყვანეს.

დაზარალებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალი ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფარში გადაიყვანეს. ბრალდებულ ცოლ-ქმარს კი სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. მათ 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.