ამ მძიმე პერიოდში, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ პოლონეთის მთავრობას და ხალხს - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს. ამ მძიმე პერიოდში, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ პოლონეთის მთავრობას და პოლონელ ხალხს ხალხს. პოლონეთი ევროპის გულია. ეს არავინ არ უნდა დაივიწყოს!“- წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.

ცნობისთვის, პოლონეთში რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტების სამიზნე სავარაუდოდ უკრაინა იყო, თუმცა ამ დრომდე დამატებითი ინფორმაცია უცნობია. მედიისვე ცნობით, რუსული რაკეტა პოლონეთის ქალაქ პრეჟვოდოვში ჩამოვარდა, რომელიც რუსეთ-პოლონეთის საზღვართან მდებარეობს. პოლონეთმა ორი მოქალაქის დაღუპვა დაადასტურა.

„ის მოხდა, რაზეც დიდი ხანი ვაფრთხილებდით ყველას“,- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი მომხდარს.

ბაიდენმა თქვა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტა რუსეთიდანაა ნასროლი.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარ რინკევიჩის განცხადებით, NATO-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოგდება კრემლის მხრიდან ძალიან საშიში ესკალაციაა.

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ პოლონეთს მტკიცე სოლიდარობა გამოუცხადა და დაწერა, რომ NATO-ს მთელი ტერიტორია დაცული უნდა იყოს.

მომხდარს გამოეხმაურა ესტონეთის საგარეო უწყება. მათი განცხადებით, ესტონეთი მზადაა, დაიცვას ალიანსის მთელი ტერიტორია.

ერდოღანი პოლონეთის ტერიტორიაზე თავდასხმას „სავარაუდოდ ტექნიკურ შეცდომას“ უწოდებს.

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაიმ კი დაღუპულების გამო პოლონეთს მიუსამძიმრა და რუსეთს კიდევ ერთხელ უწოდა ტერორისტული სახელმწიფო.