ერდოღანი პოლონეთის ტერიტორიაზე თავდასხმას „სავარაუდოდ ტექნიკურ შეცდომას“ უწოდებს

ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ის სერიოზულად აღიქვამს რუსეთის უარყოფას პოლონეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობაზე. თურქეთის პირველი პირის თქმით, ეს სავარაუდოდ, ტექნიკური შეცდომის შედეგი იყო.

ერდოღანმა აღნიშნული განცხადება ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტზე გამოსვლისას გააკეთა.

„მე გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შევხვდი. არის ზოგადი შთაბეჭდილება, რომ ეს რაკეტა რუსული წარმოების არ არის“, - აღნიშნა ერდოღანმა.

როგორც თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, დაჟინებით არ უნდა ვამტკიცოთ, რომ ეს რაკეტა რუსეთიდან გაუშვეს. მისივე თქმით, ეს პროვოკაცია იქნება.

„მშვიდობა შეიძლება დამყარდეს მხოლოდ დიალოგით და ჩვენ გვსურს დიალოგის დამყარება“, - დასძინა ერდოღანმა.

ცნობისთვის, პოლონეთში რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტების სამიზნე სავარაუდოდ უკრაინა იყო, თუმცა ამ დრომდე დამატებითი ინფორმაცია უცნობია. მედიისვე ცნობით, რუსული რაკეტა პოლონეთის ქალაქ პრეჟვოდოვში ჩამოვარდა, რომელიც რუსეთ-პოლონეთის საზღვართან მდებარეობს. პოლონეთმა ორი მოქალაქის დაღუპვა დაადასტურა.

„ის მოხდა, რაზეც დიდი ხანი ვაფრთხილებდით ყველას“,- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი მომხდარს.

ბაიდენმა თქვა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტა რუსეთიდანაა ნასროლი.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარ რინკევიჩის განცხადებით, NATO-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოგდება კრემლის მხრიდან ძალიან საშიში ესკალაციაა.

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ პოლონეთს მტკიცე სოლიდარობა გამოუცხადა და დაწერა, რომ NATO-ს მთელი ტერიტორია დაცული უნდა იყოს.


მომხდარს გამოეხმაურა ესტონეთის საგარეო უწყება. მათი განცხადებით, ესტონეთი მზადაა, დაიცვას ალიანსის მთელი ტერიტორია.

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაიმ კი დაღუპულების გამო პოლონეთს მიუსამძიმრა და რუსეთს კიდევ ერთხელ უწოდა ტერორისტული სახელმწიფო.