52 წლის შემდეგ პოლ მაკ-კარტნის კუთვნილი, მოპარული გიტარა დააბრუნეს

გიტარა

52 წლის შემდეგ პოლ მაკ-კარტნის კუთვნილი, მოპარული გიტარა დააბრუნეს. ლეგენდარული The Beatles-ის წევრმა იგი ბენდის პირველი ორი ალბომის ჩაწერისას გამოიყენა. მათ შორისაა ჰიტები "She Loves You" და "All My Loving". ათწლეულების შემდეგ შემსრულებელს თავად დაუკავშირდა ანონიმური პირი ინგლისიდან, რომელმაც გიტარის ადგილსამყოფელი გაუმხილა და იგი უსასყიდლოდ გადასცა პირვანდელ მეპატრონეს.

ინსტრუმენტი 1972 წლის ოქტომბერში, ლონდონში, ნოტინგ ჰილში, ფურგონიდან მოიპარეს. მსოფლიო პრესამ მალევე მას "ყველა დროის ყველაზე საკულტო გაუჩინარებული ინსტრუმენტი" უწოდა და ამბობდნენ, რომ სწორედ ამ გიტარით დაიწყო ბიტლომანია.

შარშან, პოლ მაკ-კარტნის გადაწყვეტილებით, კერძო საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა. გამოძიების ნაწილი საზოგადოების ინფორმირება იყო. მათ რამდენიმე ვიდეორგოლიც გადაიღეს, რომელშიც გიტარის ისტორიასა და ბიტლზისთვის მის მნიშვნელობაზე ჰყვებოდნენ. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ანონიმურმა პირმა, რომ ლეგენდარულ მუსიკოსს დაკავშირებოდა.

გიტარამ, ავთენტურობის დასადგენად, სპეციალური შემოწმებაც გაიარა. მას მცირე ვიზუალური დაზიანებები აღენიშნება, მაგრამ თავად მაკ-კარტნი ამბობს, რომ, რაც მთავარია, მასზე დაკვრა კვლავ შესაძლებელია. 

ასევე ნახეთ:

ბიძინა კულუმბეგოვის რეკომენდაციები - ნახეთ, როგორ უნდა გამოვიცნოთ რა ტიპის ალერგია გვაწუხებს

არ დაუშვათ ტრაგიკული შეცდომა - ვინ და რატომ არ უნდა მონათლოს ბავშვები