„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
პარლამენტში შეტანილი გვაქვს ახალი კანონპროექტი, რომელიც რეფერენტული ფასების დაწესებას ითვალისწინებს, რაც უკვე გაიაფებულ წამლებს დამატებით 40% მდე გააიაფებს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, რეფორმის შედეგად მოსახლეობამ 2022 წელს 80 მილიონ ლარამდე დაზოგა, 2023 წელს კი 200 მილიონ ლარს გადააჭარბებს აღნიშნული რეფორმით მიღებული ეკონომია.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ზურა აზარაშვილი აქტიურად მუშაობს მედიკამენტების ფასების შემცირების საკითხზე და პრემიერის ინიციატივის, კერძოდ თურქეთის ბაზრის გახსნის შედეგად, დაახლოებით 200 მლნ ლარს ზოგავს ქვეყნის მოსახლეობა წელიწადში.
ამასთან, პრემიერმა, საჯაროდ გააჟღერა ინფორმაცია, სააფთიაქო ქსელებშო მომხმარებლების შეცდომაში შეყვანაზე და მკაცრი გაფრთხილება მისცა აღნიშნულ ქსელს.
ერთი საგანგაშო ინფორმაცია მოვისმინე რამდენიმე დღის წინ. მინდა, პირდაპირ დავასახელო ეს კომპანია - PSP. თითქოს PSP-ს აფთიაქებში მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას აქვს ადგილი.
მაგალითად, როცა შედის მომხმარებელი და კონკრეტული წამლის ყიდვას ითხოვს, გამყიდველი ეუბნება: „რომელი გნებავთ ხარისხიანი, ძვირიანი, თუ უხარისხო თურქული?“. - ამას რა ჰქვია, თუ არა მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა, ესაა მტრობა, პირდაპირ.
როგორ შეიძლება ადამიანმა ასეთი უმსგავსობა ჩაიდინოს და მომხმარებელი შეიყვანოს შეცდომაში, პენსიონერი და ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანი ყიდულობს წამალს, ნებისმიერ შემთხვევაში, რა მნიშვნელობა აქვს ვინ შევა აფთიაქში. ამას სჭირდება რეაგირება, მე ამის თაობაზე მქონდა საუბარი ბატონ ზურა აზარაშვილთან.
მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში, ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება თითოეულ ასეთ შემთხვევას, ესაა დაუშვებელი, მიუღებელი კატეგორიულად. გასაგებია, რომ ეს 200 მლნ ლარი, რომელიც მათ უნდა წაეღოთ და მათ შორის ამ ჯგუფის ხელმძღვანელს, ეს მათთვის არაა სასიამოვნო ინფორმაცია, მაგრამ ჩვენი მთავარი ვალდებულება, მინდა, ყველას შევახსენო, მათ შორის, ოპოზიციას და ოპონენტებს, არის ჩვენს ხალხზე ზრუნვა და სწორედ, რაც ხალხს სჭირდება, ის უნდა გავაკეთოთ. ამიტომ ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ახალი ამბავი ნამდვილად არ არის, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად საქართველოში, ასზე მეტი დასახელების მედიკამენტია იმპორტირებული. მათი ფასი კი საშუალოდ 60-80%-ით არის შემცირებული.
თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატების ჩამონათვალსა და აფთიაქების მისამართებს, სადაც მათი შეძენა არის შესაძლებელი გაეცნობით ამ ბმულზე.
სწორედ, მთავრობის მეთაურის ინიციატივით გაიხსნა თურქეთის ბაზარი. ამასთან, პრემიერმა თავიდანვე თქვა, რომ ხარისხიანი GMP სტანდარტების წამლების შემოტანა დაიწყებოდა, რაც განხორციელდა წარმატებით.
„ძალიან სკეპტიკურად იყო განწყობილი ძალიან ბევრი ადამიანი, არ სჯეროდათ ამ რეფორმის წარმატების. მახსოვს ერთ-ერთი მთავარი მსხვილი შემომტანი, ფარმაცევტული კომპანიის მფლობელი აკრიტიკებდა ამ პროგრამას. მე მესმის, რომ ეს მათთვის იყო საკმაოდ დიდი დარტყმა, ვინაიდან დაახლოებით 200 მლნ ლარს დაზოგავს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა წელიწადში, ამ რეფორმის შედეგად, მხოლოდ ამ ერთი კონკრეტული გადაწყვეტილების შედეგად“,- თქვა პრემიერმა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ღუდუშაური დარწმუნებულია, რომ რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკა საქართველოშიც წარმატებული იქნება.
„რეფერენტული ფასწარმოქმნა და ეს პოლიტიკა უკვე მსოფლიოში აპრობირებულია. ამას იყენებს ყველა წარმატებული ევროპული, თუ ამერიკული ქვეყანა და უკვე აზიურიც. სხვათა შორის, ამ პოლიტიკას ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც იყენებენ. მთლიანობაში, ფარმაცევტული სექტორის რეგულირებისთვის ყველაზე წარმატებულ მოდელად ითვლება და ვფიქრობთ, საქართველოშიც ნამდვილად იქნება წარმატებული“, – ამბობს ღუდუშაური.
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე უკვე იმსჯელეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რაც საკანონმდებლო დონეზე რეფერენტული ფასწარმოქმნის დაშვებას ითვალისწინებს.
„კანონპროექტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ იცვლება სახელმწიფო პოლიტიკა ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის სფეროში და თუკი დღეს სახელმწიფო პოლიტიკა ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის სფეროში ითვალისწინებს ეფექტიანი, უსაფრთხო და ხარისხიანი ფარმაცევტული პროდუქტის არსებობას საქართველოს ბაზარზე, შემოთავაზებული ცვლილებებით - სახელმწიფო პოლიტიკა ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის სფეროში ითვალისწინებს ხარისხიან, უსაფრთხო და ეფექტიან ფარმაცევტულ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, მედიკამენტზე დაწესდება ზედა ზღვარი, რომელზეც მეტად მედიკამენტები აღარ გაიყიდება, საუბარია საბითუმო დონეზე რეფერენტული ფასის განსაზღვრაზე. შედარება ხდება იმ ქვეყნებთან, რომლებიც საქართველოს მსგავსია მთლიანი შიდა პროდუქტის, მოსახლეობის რაოდენობის და სხვა ეკონომიკური პარამეტრების მიხედვით. ეს მეთოდოლოგია აპრობირებულია ევროპის ქვეყნებში, სადაც ბევრი ქვეყანა იყენებს რეფერენტული ფასების მეთოდოლოგიას, როგორც ერთ-ერთ მექანიზმს მედიკამენტების ფასის რეგულაციის და მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის.
ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე მთავრობის გადაწყვეტილებას მედიკამენტების ფასების დარეგულირებასთან დაკავშირებით უპრეცედენტო გადაწყვეტილებად აფასებს.
მისი თქმით, ზღვრული ფასები დაწესდება მედიკამენტებზე...ანუ ფარმაცევტული კომპანია, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ვერ იმოქმედებს და ვალდებული იქნება ზღვრულ ფასებს დასჯერდეს, რაც საზოგადოების ინტერესებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამით ფარმაცევტულ "მაფიას" კიდევ ერთი შეზღუდვა უწესდება და ძალაუნებურად ბაზარი ხდება კონკურენტუნარიანი და სამართლიანი!“,- აღნიშნავს ქადაგიძე.
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, დღეისათვის, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, რომლებსაც ჩვენი მოქალაქეები უფასოდ იღებენ აფთიაქებში, დაახლოებით, 24 მილიონი ლარით ფინანსდება. 2023 წლის იანვრიდან, რეფერენტული ფასები, ანუ ღირებულების ზედა ზღვარი ამ წამლებზეც დაწესდება.
მისი თქმით, 2023 წლიდან, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება გაორმაგდება და დაახლოებით, 50 მილიონი ლარი გახდება.
„შესაბამისად, იმ 24 მილიონით, რა თანხითაც ახლა ფინანსდება, გაცილებით მეტ მედიკამენტს მოვიცავთ. ამასთან, მომდევნო წლიდან, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ბიუჯეტიც გაორმაგდება და 50 მილიონ ლარამდე იქნება. ეს კი ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი მოქალაქისთვის, მეტი დასახელების მედიკამენტი გახდება ხელმისაწვდომი, რაც თავის მხრივ, აისახება კიდეც მათ კმაყოფილებაზე“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ცნობისთვის, პირველ ეტაპზე, რეფერენტული ფასები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, ეტაპობრივად კი ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება.
საქართველოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტებით მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფებს უფასოდ შეუძლიათ ისარგებლონ. პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფას:
გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები;
ფილტვის ქრონიკული დაავადებები;
დიაბეტი (ტიპი II);
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
ეპილეფსია;
პარკინსონის დაავადება.
აღნიშნული პროგრამით სარგებლობა შეუძლია შემდეგ კატეგორიას:
პირი, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ერთეულს;
მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა საპენსიო ასაკი (ქალი - 60 წლიდან, მამაკაცი - 65 წლიდან);
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (შშმ ბავშვი, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი);
ვეტერანი;
პარკინსონით დაავადებული საქართველოს მოქალაქე;
ეპილეფსიით დაავადებული საქართველოს მოქალაქე;
გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის, დუშეთის, ონის, საჩხერის, ზუგდიდის, მესტიის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა.
ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 0-5 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის გათვალისწინებულია ანტიბაქტერიული სამკურნალო საშუალებები.