პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკა საქართველოშიც წარმატებული იქნება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„რეფერენტული ფასწარმოქმნა და ეს პოლიტიკა უკვე მსოფლიოში აპრობირებულია. ამას იყენებს ყველა წარმატებული ევროპული, თუ ამერიკული ქვეყანა და უკვე აზიურიც. სხვათა შორის, ამ პოლიტიკას ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც იყენებენ. მთლიანობაში, ფარმაცევტული სექტორის რეგულირებისთვის ყველაზე წარმატებულ მოდელად ითვლება და ვფიქრობთ, საქართველოშიც ნამდვილად იქნება წარმატებული“, – განაცხადა ღუდუშაურმა.
შესაძლებელია თუ არა, წარმოიქმნას რისკები და რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკამ მაგალითად, გარკვეული ტიპის მედიკამენტების ბაზრიდან გაქრობაც კი გამოიწვიოს, ზოგიერთმა კომპანიამ კი სრულად დატოვოს საქართველოს ბაზარი, ილია ღუდუშაურმა განაცხადა, რომ საქართველოს მეთოდოლოგია შემუშავებულია იმ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რომლებიც თავის დროზე, ევროპულ ქვეყნებში ამ რეფორმის მიმდინარეობის დროს იყვნენ ჩართული, მათ გააზრებული აქვთ რისკები, რაც რეფორმას თან ახლავს და შესაბამისად, ეს რისკები დაზღვეული აქვთ.
„რისკი თავისთავად, ნებისმიერ რეფორმას გააჩნია. არ შეიძლება, რაღაც რეგულირება განახორციელო, რეფორმა ჩაატარო, რომელსაც რისკები არ ახლავს, მაგრამ მთავარია, ეს რისკები იყოს მართული და გადაზღვეული“, – განაცხადა ღუდუშაურმა.
მისი თქმით, საქართველოს მეთოდოლოგიას ფარმაცევტული კომპანიები საკმაოდ პოზიტიურად შეხვდნენ და თუ მათი მხრიდან იქნება კონკრეტული შენიშვნა, ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის, ეს შენიშვნები გაითვალისწინოს, თუმცა სექტორისთვის შეთავაზებულ რეფერენტული ფასის მეთოდოლოგიაში საბოლოო ჯამში, არსებითი ცვლილებების შეტანა საჭირო არ უნდა გახდეს.
„ჩვენ მათ გავაცანით მეთოდოლოგია, რასაც საკმაოდ პოზიტიურად შეხვდნენ. რა თქმა უნდა, პოზიტივის საფუძველი მათთვის არ არის ის, რომ მარჟები დავუშვათ კონკრეტულ მედიკამენტებზე და მარჟები შეუმცირდეთ, თუმცა არ არის რისკი, რომ მათ შეიძლება, ბაზრის დატოვება მოუხდეთ“, – განაცხადა ღუდუშაურმა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მედიკამენტების შერჩევის მთავარი აზრი არის ის, რომ ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტები ძირითადად, მოწყვლადი ჯგუფების მიერ გამოიყენება, რომლებსაც ნაკლებად აქვთ შესაძლებლობა, მედიკამენტები არ შეიძინონ, ან სხვა შეიძინონ და ისინი მედიკამენტებზე ყველაზე დიდ დანახარჯს ხარჯავენ.
„ამიტომ ვფიქრობდით, რომ ყველაზე პირველად ფასის გაიაფების ბენეფიტები მიიღონ იმ ადამიანებმა, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. მათ შორის, ამ მედიკამენტების დიდ ნაწილს სახელმწიფო აფინანსებს და ჩვენ საშუალება მოგვეცემა, გავზარდოთ როგორც ქრონიკული მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, ასევე გავზარდოთ ადამიანთა ის ჯგუფები, რომლებსაც ეს მედიკამენტები უფინანსდებათ. გარდა ამისა, წელს ქრონიკული მედიკამენტების დაფინანსების ბიუჯეტი ფაქტობრივად, ორმაგდება“, – განაცხადა ღუდუშაურმა.
მისივე თქმით, რეფორმა მოიცავს იმასაც, რომ მედიკამენტები ხელმისაწვდომ ფასად მიიღონ იმ ადამიანებმაც, რომლებიც ამ ეტაპზე სახელმწიფო დაფინანსების ნაწილში არ ხვდებიან.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით რეფორმის შინაარსი არის მაქსიმალური ჭერის დაწესება კონკრეტულ მედიკამენტზე, ხარისხის უზრუნველყოფა კი, სხვა ღონისძიებებს მოითხოვს და ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროს სხვა სამოქმედო გეგმა აქვს. ილია ღუდუშაურმა განაცხადა, რომ საზოგადოება გაიაფებული რეფერენტული ფასების რეფორმით სარგებლობას იანვრიდან შეძლებს.