დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
7-წლიანი პაუზის შემდეგ, რეგიონში მზარდი დაძაბულობის ფონზე, საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია. მეზობელი ქვეყნის ლიდერს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური დახვედრა მოუწყვეს.
მაშინ, როცა, რეგიონში არსებული მწვავე პოლიტიკური ქარტეხილების ერთ-ერთი ფიგურანტი აზერბაიჯანია, ქვეყნის ლიდერმა მოახერხა და მშვიდობისა და ეკონომიკური იდეების გასაზიარებლად საქართველოს მთავრობის მეთაურთან სალაპარაკოდ ჩამოვიდა.
საქართველოც მზად არის და აზერბაიჯანსაც სწორედ საქართველოს ჩართულობით წარმოუდგენია სამშვიდობო მოლაპარაკებების „თუნდაც დღესვე“ დაწყება სომხეთთან, რომელსაც ჯერ არ განუცხადებია თანხმობა, ყარაბაღში სამხედრო მარცხის შემდეგ, ბაქოს მიერ შეთავაზებულ ყველა პირობაზე.
სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზაობა საქართველოს მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადრეც გაახმოვანა და თქვა, რომ უმნიშვნელოვანესია კონფლიქტის მოგვარება მშვიდობიანი გზით.
„მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა” არ ეწინააღმდეგება და არ ანაცვლებს თანამშრომლობის სხვა ფორმატს, პირიქით, ეს დაეხმარება, და, მჯერა, ერთად ბევრ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ... მივესალმები თქვენს მიერ პრაღაში გაჟღერებულ ინიციატივას, ერთობლივი სამმხრივი ფორმატის მექანიზმის შექმნაზე სამხრეთ კავკასიაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
„სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა“ ირაკლი ღარიბაშვილმა, 2021 წლის სექტემბერში, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გაახმაურა. ის გულისხმობს სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატის შექმნას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით.
ილჰამ ალიევის მიერ, ოქტომბერში, პრაღაში გახმაურებული სამშვიდობო ინიციატივა კი, „აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის განხილვის ერთიანი პლატფორმის შექმნას“ ისახავს მიზნად.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გასულ წელს, აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის ომის დროს ტყვედ ჩავარდნილი 15 სომეხი მებრძოლი, 2021 წლის ივნისში, საქართველოს გავლით დაბრუნდა სამშობლოში. სწორედ ამავე პერიოდში გადასცა აზერბაიჯანს სომხეთმა ყარაბაღში დანაღმული ტერიტორიების რუკები.
პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ალიევს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის არსებული კეთილმეზობლური, მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობიდან და თანამშრომლობის დღის წესრიგიდან გამომდინარე ვიზიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
სპეციალურ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რუსეთ -უკრაინის ომს და აღნიშნა, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს, აუცილებლად მოლაპარაკების გზით.
„ჩვენ ყველანი ვთანხმდებით რომ ის რაც ხდება უკრაინაში უნდა დარეგულირდეს მოლაპარაკების გზით. ასევე მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა რეგიონსა და მსოფლიოში სწრაფად ცვალებადი და რთული გამოწვევის პირობებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობას და სტაბილურობას, რომელიც არის საკვანძო მოცემულობა ჩვენი რეგიონის განვითარების და ზოგადად ჩვენი ხალხების კეთილდღეობისთვის. ჩვენ ასევე, შევეხეთ რეგიონში არსებულ სიტუაციას, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, უკანასკნელ პერიოდში მიღწეულ შეთანხმებას მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესის დაწყების თაობაზე , ეს ჩვენ რა თქმა უნდა , დიდ იმედს გვაძლევს. აქვე მინდა დავადასტურო კიდევ ერთხელ, რომ საქართველო, პირადად მე და ჩვენი მთავრობა აცხადებს სრულ მზადყოფნას რომ გავაგრძელოთ და ხელი შევუწყოთ მშვიდობიან პოლიტიკას, რომელიც ჩვენ ერთად დავიწყეთ და წამოვიწყეთ“,- თქვა პრემიერმა.
ქვეყნის მეთაურმა ბრიფინგზე ჰეიდარ ალიევის სიტყვები გაიხსენა, რომელიც მან საქართველოში ვიზიტის დროს წარმოსთქვა:
„ბოლოს მინდა დავესესხო თქვენს მამას, აზერბაიჯანის ეროვნულ ლიდერს , ჩვენთვის ძალიან პატივსაცემ ადამიანს ჰეიდარ ალიევს და გავიხსენო ის სიტყვები, რომლებიც მან წარმოთქვა საქართველოში თბილისში ვიზიტის დროს და რომლითაც მან მიმართა ქართველ საზოგადოებას: აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხს ბედი ჰქონიათ, როდესაც მათ მიეცათ მეზობლად ცხოვრების და მჭიდრო ურთიერთობების შესაძლებლობა, ჩვენმა წინაპრებმა ნახეს ამ ბედნიერების ნაყოფი, ჩვენი ამოცანაა, რომ ამ ტრადიციებს მარადიული სიცოცხლე შევძინოთ და გადავცეთ მომავალ თაობებს, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თავის მხრივ ძალიან სწორხაზოვანი და მკაფიო გზავნილები გააჟღერა აზერბაიჯანის ლიდერმა და თქვა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის „შეხმატკბილებული, ერთობლივი ძალისხმევა“ სჭირდება ბოლო პერიოდში გაჩენილი ახალი შესაძლებლობების გამოყენებას, რაც, თავის მხრივ, სტაბილურ და სანდო გარემოს მოითხოვს.
ილჰამ ალიევმა საგანგებოდ გაამახვილა ყურადღება, ევროკავშირის მიმართულებით გაზრდილი მოთხოვნების დაკმაყოფილების პოტენციალზე - ენერგეტიკული თუ სავაჭრო მიმართულებებით.
აზერბაიჯანი აპირებს, 2027 წლისთვის, ევროპაში თითქმის 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გაიტანოს და ეს მარშრუტი საქართველოზე გადის. შესაბამის მემორანდუმს ხელი მოეწერა ივლისში, როცა ბაქოს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურზულა ფონ დერ ლაიენი სტუმრობდა.
ალიევმა ილაპარაკა სუფსის ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე და ასევე თქვა, რომ აზერბაიჯანი ელექტროენერგიის ექსპორტსაც გეგმავს - საქართველოზე გაივლის.
„ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ თქვენს ლამაზ ქვეყანაში ჩამოვედით. მიხარია, რომ ვიმყოფები ამ ძალიან ლამაზ ადგილას და ქარი მაგონებს ბაქოს. ამით დასტურდება, რომ ქარიც გვესალმება. მე სახლში ვგრძნობ თავს. ძალიან მიხარია, რომ თქვენს ქვეყანაში კვლავ ვიმყოფები. ჩვენ ხშირად გვაქვს შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან. ბატონი ირაკლი ორჯერ იყო ჩამოსული აზერბაიჯანში გასულ წელს და საერთაშორისო ღონისძიებებზეც ვხვდებით ერთმანეთს, - თქვა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ საქართველოში ჩამოტანილი კიდევ ერთი მესიჯია - საჭირო პირობების შექმნა მუდმივად მზარდი ტვირთბრუნვისთვის ევროპის მიმართულებით.
„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთბრუნვა გაიზარდა 75%-ით. ასევე, ბაქო-თბილისი-ყარსი [რკინიგზა] შესაძლოა, იყოს გამოყენებული, რომ 5 მილიონი ტონით დაიტვირთოს და მომდევნო წელს ამ მიმართულებით მეტი კაპიტალის დაბანდებას მოვახდენთ ამ დერეფანში. ვაპირებთ ამ მარშრუტის გამოყენებას, რათა კასპიის საშუალებით აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ევროპისკენ გავიტანოთ ტვირთები და ახალი მარშრუტები დავამუშაოთ. ყველა ქვეყნის ინტერესშია, რომ გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება და მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება, რათა ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
აზერბაიჯანის ლიდერის ვიზიტს არ ჩაუვლია ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების გარეშე. სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომ ალიევის ვიზიტის შესახებ მათთვის ცნობილი არ იყო. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, საქართველოს კონსტიტუციით, სახელმწიფოს მეთაური პრემიერ-მინისტრია და აზერბაიჯანის კონსტიტუციით - პრეზიდენტი.
„ჩვენი კონსტიტუციით სახელმწიფოს მეთაური პრემიერ-მინისტრია და აზერბაიჯანის კონსტიტუციით - პრეზიდენტი. ჩადიან გერმანიაშიც სახელმწიფოს ხელმძღვანელები და ხვდებიან კანცლერს, არ ხვდებიან შტაინმაიერს, პრეზიდენტს, და ამაზე არ ტყდება ამბავი. იმიტომ, რომ თემებია ისეთი, რომლებიც პირდაპირ პრეზიდენტის უფლებამოსილებაში არ არის გათვალისწინებული და საკმაოდ კარგად იცის ეს პრეზიდენტმა“,- თქვა გია ვოლსკიმ.
ვოლსკიმ ამ უმნიშვენელოვანესი ვიზიტის დეტალებიც განმარტა და აღნიშნა, რომ ევროპა დაინტერესებულია იმაში, რომ ალტერნატიული ენერგორესურსი ჰქონდეს სწორედ აზერბაიჯანიდან და საქართველოს დერეფანი, რა საკვირველია, ერთადერთი ალტერნატიული შესაძლებლობაა ამისათვის.
„საგანგებო მნიშვნელობა აქვს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ თანამშრომლობას და ეს არ არის მხოლოდ ამ ორი ქვეყნის ინტერესების სფერო. ევროპა, მისი ბაზარი დაინტერესებულია იმაში, რომ ალტერნატიული ენერგორესურსი ჰქონდეს სწორედ აზერბაიჯანიდან და საქართველოს დერეფანი, რა საკვირველია, ერთადერთი ალტერნატიული შესაძლებლობაა ამისათვის. ამ თემებზე მოლაპარაკების პერიპეტიებს თუ გადავხედავთ, ძალიან მარტივად დავასკვნით თუ ვის სჭირდება დესტაბილიზაცია საქართველოში, როდესაც ესოდენ მნიშვნელოვან თემებზე მიდის მსჯელობა. სატრანზიტო მიმართულებით საუბარი დღეს არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი დადებითად შეაფასა ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა.
როგორც მან აღნიშნა, ილჰამ ალიევის განცხადება იყო ძალიან დადებითი, იმედისმომცემი და საქართველოს წარსულშიც შეუსრულებია ეს [მედიატორის] როლი.
მისივე თქმით, „დღეს გვაქვს ასევე საშუალება, რომ კონსულტაციები გავმართოთ აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის. თუ სომხეთი მზად იქნება, ჩვენ მზად ვართ, რომ დღესვე ავამოქმედოთ ეს ფორმატი.“
„რაც შეეხება საქართველოს როლს, როგორც მედიატორისა, ჩვენ გვახსოვს ძალიან კარგად, ერთი წლის წინ, როდესაც აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის შემდგომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა და საქართველომ შეასრულა როლი, როდესაც გათავისუფლდნენ დაკავებულები და ეს იყო წარმატებული ისტორია საქართველოსი, როგორც მედიატორისა ამ პროცესში. თუმცა, გარდა ამისა, არსებობს უამრავი სხვადასხვა სფერო, რაშიც შეიძლება თანამშრომლობა და უფრო მეტი საუბარი ამ ქვეყნებს შორის, ეს იქნება ენერგეტიკა, ეკონომიკა, თუ სხვადასხვა სფერო, რაც შეიძლება, ამ ურთიერთთანამშრომლობით გაუმჯობესდეს“,- განაცხადა დეგნანმა.
მეზობელი ქვეყნის მთავარი ლიდერის ვიზიტს გამოეხმაურა „ქართული ოცნებიდან“ წასული, ახლა უკვე „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი და ამ ვიზიტს უმნიშვნელოვანესი უწოდა. მან იმედი გამოთქვა, რომ რომ ამ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა მომგებიანი იქნება მთელი რეგიონისთვისაც.
„დღეს ამ რეალობის წინაშე ვართ. ახალი შესაძლებლობები გაჩნდა, რაც გულისხმობს ამ დერეფნის კიდევ უფრო მეტად ამოქმედებას. რა თქმა უნდა შეუძლებელია განვითარდეს ერთი ქვეყანა, თუ კონტექსტიდან იქნება ამოგლეჯილი, თუ მეზობლებთან არ ექნება ინფრასტრუქტურული პროექტები გაკეთებული, თუ საერთო მიზნები არ გვექნება და მადლობა ღმერთს ჩვენი მეზობლების ნაწილთან გვაქვს ასეთი სტრატეგიული მეზობლობა, მეგობრობა, ინტერესები და სწორედ ასეთი ქვეყანაა აზერბაიჯანი. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ორმხრივი თანამშრომლობა, მხოლოდ ორმხრივად მომგებიანი კი არ იქნება, მომგებიანი იქნება მთელი რეგიონისთვის და მთელ რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებისთვის. ჩვენი უპირველესი ამოცანაც მშვიდობის შენარჩუნებაა“, - განაცხადა სუბარმა.
ექსპერტი ანდრია გვიდიანი ამბობს, რომ რაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თქვა, ეს იყო დადასტურება იმისა, რომ საქართველო ასევე იქნება მონაწილე საერთაშორისო პროექტების, როგორც გაზსადენის, ასევე ელექტროენერგეტიკის ნაწილში.
„იცით, რომ პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო პროექტის მონაწილეა საქართველო. იგივე არის ნავთობსადენები, გაზსადენები და სხვა ინფრასტრუქტურა. აქ საუბარია იმაზე, რომ აზერბაიჯანი აპირებს, გააძლიეროს ევროპაში თავისი ენერგორესურსების გატანა, როგორც ბუნებრივი აირის, ასევე ელექტროენერგიის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება და დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც აქამდე იყო“,- ამბობს გვიდიანი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებას უმნიშვნელოვანეს გზავნილს უწოდებს.
მისი თქმით, ყველა ის პროექტი, რომელზეც იყო საუბარი ამ ვიზიტის ფარგლებში, არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ სრულიად რეგიონისთვის, რეგიონში არსებული ეკონომიკური მდგომარეობისთვის.
„აღნიშნული პროექტები ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას კიდევ უფრო განიმტკიცოს თავისი როლი რეგიონში და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელი მიიღოს. ყველა ინტერესში შედის, რომ დერეფანი იყოს ეკონომიკურად მოგებიანი, უფრო ეფექტური იმისთვის, რომ სრულად მოხდეს უტილიზაცია იმ შესაძლებლობებისა, რა შესაძლებლობებიც არსებობს რეგიონში“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის შეფასებით, დღეს, როდესაც გარკვეული შეთანხმებები მიღწეულია სამშვიდობო დარეგულირების კუთხით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, საქართველოს კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეუძლია.
„ამ მხრივ ყველა კარი ღიაა. მოლაპარაკებების მაგიდა თბილისში არის მზად. მხარეებმა უნდა გამოხატონ იმის სურვილი, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა. საქართველო ამას ყველანაირად ხელს შეუწყობს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
სამხედრო ექსპერტი და ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე აცხადებს, რომ კავკასიაში მიმდინარე პროცესების ფონზე, ილჰამ ალიევის ვიზიტი მნიშვნელოვანია.
„ერთ ნიუანსს გავუსვამ ხაზს. ილჰამ ალიევი თბილისში ბოლოს 2015 წლის ოქტომბერში, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს იყო. მანამდე, იმავე წელს, ივნისში, ღარიბაშვილი იყო ვიზიტით ბაქოში. ასევე გავიხსენებ ღარიბაშვილის ვიზიტს ანქარაში, მედიაციას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის (ტყვეების და რუკების გაცვლა) და სხვა. დღევანდელ ადუღებულ მსოფლიოში, აქტიური სამეზობლო და რეგიონული პოლიტიკის წარმოება, სანდო და მეგობრული პირადი ურთიერთობების ჩამოყალიბება სამეზობლოში, მნიშვნელოვანია“, - წერს ამირან სალუქვაძე.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტის არაფორმალური ნაწილი მცხეთაში, „შატო მუხრანში“ გაიმართა.
სტუმრებმა ტრადიციული ქართული კერძების მომზადების პროცესში მიიღეს მონაწილეობა. დელეგაციის პატივსაცემად შესრულდა ქართული ტრადიციული ცეკვები.
ილჰამ ალიევი შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა.