პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რაც აზერბაიჯანის პრეზიდენტისგან მოვისმინე, ეს იყო დადასტურება იმისა, რომ საქართველო ასევე იქნება მონაწილე საერთაშორისო პროექტების, როგორც გაზსადენის, ასევე ელექტროენერგეტიკის ნაწილში, - ამის შესახებ ექსპერტმა, ანდრია გვიდიანმა „ქრონიკას“ განუცხადა.
გვიდიანმა კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ გუშინ საქართველოში ვიზიტის დროს განცხადებულ ინიციატივებზე და ენერგეტიკულ პროექტებზე.
„იცით, რომ პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო პროექტის მონაწილეა საქართველო. იგივე არის ნავთობსადენები, გაზსადენები და სხვა ინფრასტრუქტურა. აქ საუბარია იმაზე, რომ აზერბაიჯანი აპირებს, გააძლიეროს ევროპაში თავისი ენერგორესურსების გატანა, როგორც ბუნებრივი აირის, ასევე ელექტროენერგიის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება და დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც აქამდე იყო.
საუბარია, ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების მშენებლობაზე და ყველაზე პრინციპული რაც იყო, რაც აზერბაიჯანის პრეზიდენტისგან მოვისმინე, ეს იყო დადასტურება იმისა, რომ საქართველო ასევე იქნება მონაწილე საერთაშორისო პროექტების, როგორც გაზსადენის, ასევე ელექტროენერგეტიკის ნაწილში. შესაბამისად, აქედან ჩვენ უნდა მოველოდეთ საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებას, რაც მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის მოსახლეობისა და ენერგეტიკის სექტორისთვის“, - განაცხადა გვიდიანმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, გეგმავენ, 2027 წლისთვის ევროპაში ექსპორტზე გაიტანონ 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი. მისივე თქმით, შესაბამისად იგეგმება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ბუნებრივი აირის ექსპორტის გაზრდის საკითხიც. „ამ მილსადენით გაიზრდება ექსპორტი და კიდევ უფრო დაიტვირთება. გვინდა, გამოვიყენოთ ბაქო-სუფსას ტერმინალიც, ვიცი, რომ არ არის ახლა ქმედითი, მაგრამ გვინდა, დავტვირთოთ ეს არხიც“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.