გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ნახევარი წელი გავიდა, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და მისი ტერიტორიების დაპყრობა დაიწყო.
სამხედრო პოტენციალის დიდი სხვაობის გამო ყველა როგორც კრემლში, ისე თეთრ სახლში ელოდა, რომ რუსი ოკუპანტების ფართომასშტაბიანი, რამდენიმე მიმართულებით ელვისებური შეტევების შედეგად კიევი რამდენიმე დღეში დაეცემოდა, მაგრამ ეს არ მოხდა.
აქტიური საბრძოლო მოქმედებები უკრაინის თითქმის 2000 კმ-ზე გადაჭიმულ ფრონტის ხაზზე კვლავ გრძელდება და არც დასასრული უჩანს.
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რუსულმა სამსახურმა თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა ვრცელი ანალიტიკური სტატია სათაურით - „კომფორტული ეპოქის დასასრული: რუსეთ-უკრაინის ომის ხუთი გაკვეთილი პოლიტიკოსებისა და სამხედროებისათვის“. სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში თავი უფრო უარესად გამოავლინა, ვიდრე ექსპერტები ელოდნენ.
ამაში ერთმანეთს ეთანხმებიან როგორც დამკვირვებლები, ასევე - პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები, თუმცა ისინი სხვადასხვა დასკვნას აკეთებენ.
„დასავლეთის ბევრი ქვეყნის მთავრობებში და განსაკუთრებით - სახელმწიფო საფინანსო სტრუქტურებში ბევრს სურს, ისე იფიქროს, რომ რუსეთის არმია სუსტია და თავისი თავი საკმაოდ უუნაროდ აჩვენა; რომ რუსეთმა უკრაინის ომით ძალა დაკარგა და ამიტომ სამხედრო ხარჯების გაზრდის არავითარი საჭიროება არ არსებობს“, - ამბობს გენერალი რიჩარდ ბერონსი.
იმავდროულად, იგი იხსენებს მსოფლიოს ქვეყნების სხვა არმიების ისტორიებს, მაგალითად, აშშ-ის არმიის შემთხვევას, რომელიც ვიეტნამის ომის ბოლოს, 1979 წელს, ძალიან ცუდ დღეში იმყოფებოდა, თუმცა უკვე 1991 წლისათვის, სპარსეთის ყურის პირველი ომის დროს, მსოფლიომ სულ სხვა არმია დაინახა - მცოდნე სარდლობით, უმაღლესი დონის მომზადებით, აღჭურვილობით და ლოჯისტიკით.
ამიტომაც დასავლეთის სტრატეგიული დაგეგმვა უნდა გამომდინარეობდეს არა იმ პოზიციიდან, თუ როგორ იმოქმედა რუსულმა არმიამ უკრაინის ომში, არამედ - იმ სავარაუდო პოტენციალიდან, რომელსაც რუსეთის არმიამ შეიძლება მიაღწიოს, საკუთარ შეცდომებზე სწავლისას. და დასავლეთი სწორედ მაშინ დაინახავს, თუ რა აუცილებელი იქნება საკუთარი ჩვეულებრივი შეარაღებული ძალების მოდერნიზება.
სამომავლოდ პოტენციური მოწინააღმდეგე შეიძლება იყოს არა მარტო რუსეთი, პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, არამედ - ჩინეთიც, რომლის საფრთხეც უკვე რიგმა ქვეყნებმა თავიანთ სამხედრო დოქტრინებში "ძირითად საფრთხედ" მიიჩნიეს. "მოვიდა კომფორტული ეპოქის დასასრული, რომელიც 1990-იან წლებში დაიწყო ცივი ომის დამთავრებისას", - ამბობს სერ რიჩარდ ბერონსი.
აღსანიშნავია, რომ 24 აგვისტოს, უკრაინის სახელმწიფო დამოუკიდებლობის 31-ე წლისთავზე, კიევის ცენტრში იმ რუსული საბრძოლო ტექნიკის „აღლუმი“ მოეწყო, რომლის უმრავლესობა უკრაინის დამცველებმა სწორედ კიევის ოლქში გაანადგურეს და ნადავლის სახით ხელთ იგდეს.
კიევის ცენტრიდან უკრაინის პრეზიდენტმა თავის ხალხს, მხარდამჭერებს და მსოფლიოს მიმართა: მან თქვა, რომ უკრაინის ომმა მსოფლიო გააერთიანა.
„მსოფლიო ისტორიის ყველა სახელმძღვანელოში იქნება პარაგრაფი: „დრო, როცა უკრაინამ გააერთიანა მსოფლიო“, როცა ტირანია პასუხს მისთვის გასაგებ ენაზე იღებს.
ზელენსკის თქმით, შიშის გამო, მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასხდებიან: „ჩვენთვის ყველაზე საშიში რკინა, რაკეტები, თვითმფრინავები და ტანკები კი არა, ჯაჭვებია, სანგრები კია არა - ბორკილები“.
„ხელებს კი მხოლოდ ერთხელ ავწევთ - როცა გამარჯვებას ვიზეიმებთ. მთელ უკრაინაში!“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მაშინ როცა უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდა, კრემლში აქტიურად მუშაობდნენ და გეგმებს აწყობდნენ უკრაინის სადამსჯელო ღონისძიებებთან დაკავშირებით.
აგრესორი ოკუპანტი უკრაინის გაუტეხელმა ერთიანობამ კიდევ უფრო გააღიზიანა და საკუთარი მარცხის შურის საძიებლად ისევ იმ გუნდს მიუბრუნდა, რომლებმაც ამ სასტიკ ომში განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრეს და ისტორია დაწერეს. როცა ოკუპანტებმა ვერ დააჩოქა უკრაინა ვერც ტანკებით, რაკეტებით და აკრძალული იარაღით, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, მარიუპოლის მცველების სიკვდილით დასაჯოს კიევი.
ოკუპანტებმა მარიუპოლში, ფილარმონიის სცენაზე ციხის გისოსების აწყობა ჯერ კიდევ 5 აგვისტოს დაიწყეს.
ოკუპირებული დონეცკის ტერიტორიაზე თვითაღიარებული სახალხო რესპუბლიკის ე.წ ხელმძღვანელმა, დენის პუშილინმა, დაადასტურა განზრახვა მარიუპოლში უკრაინელი სამხედრო ტყვეების ტრიბუნალის გამართვის შესახებ.
ვადასტურებ რომ ტრიბუნალისთვის ვემზადებით და პირველი ტრიბუნალი მარიუპოლში გაიმართება,- თქვა ДНР-ის ე.წ. ხელმძღვანელმა.
უკრაინის პრეზიდენტმა საპასუხოდ განაცხადა, რომ მარიუპოლში უკრაინელი ტყვეების სასამართლო იქნება ის ხაზი, რომლის გადაკვეთის შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკებები აღარ იქნება.
ფაქტთან დაკავშირებით, შეშფოთება გამოთქვა გაერომ.
გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის ოფისში განაცხადეს, რომ სამხედროების დევნა საომარ მოქმედებებში მონაწილეობის გამო, სამხედრო დანაშაულად განიხილება.
როგორც ოფისში განაცხადეს, არსებობს იმის მტკიცებულება, რომ მარიუპოლის ფილარმონიის შენობაში მიმდინარეობს საკნების მოწყობა, სავარაუდოდ უკრაინელი სამხედრო ტყვეების განთავსებისთვის.
აზოველები რომ განწირულნი იყვნენ ოკუპანტების მიერ, ეს ჯერ კიდევ მარტში ცხადი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ისინი ტყვედ აიყვანეს. ნათელი გახდა, რომ ტყვეების გაცვლაზე საუბარი ზედმეტი იყო. რადგან 17 მაისს, რუსეთის დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ „აზოვსტალიდან“ გამოყვანილი ყველა მებრძოლი ტყვეთა გაცვლის მექანიზმს არ დაექვემდებარებოდა. როგორც მან თქვა, „ნაცისტები“ აუცილებლად უნდა გასამართლდნენ.
ამის შემდეგ, 26 მაისს, რუსეთის უზენაეს სასამართლოში დანიშნულია „ადმინისტრაციული საქმის განხილვა „აზოვის“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებისა და რუსეთის ტერიტორიაზე მისი საქმიანობის აკრძალვის შესახებ“.
ДНР-ის ლიდერი, დენის პუშილინი ამბობს, რომ აწ უკვე „ტერორისტული ორგანიზაციის“ - „აზოვის“ წევრები „მაქსიმალურად ღია პროცესზე“ გასამართლდებიან და „ყურადღებას არავინ მიაქცევს“ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ულტიმატუმს, რომ „აზოველების“ გასამართლება წერტილს დაუსვამს ყველანაირი მოლაპარაკების შესაძლებლობას.
2014 წლის 13 აპრილს უკრაინის მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო სამსახურის სპეციალური დანაყოფების შექმნის შესახებ, „სამოქალაქო ფორმირებების საფუძველზე“.
პერსონალის მომზადება თავდაპირველად ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ბერდიანსკში მიმდინარეობდა და 2014 წლის ინფორმაციით, ეს დასახლება იყო ქვედანაყოფის ბაზა. მოგვიანებით, ურზუფში ყოფილი პრეზიდენტის, იანუკოვიჩის აგარაკი გახდა პოლკის მთავარი ბაზა და შტაბი. შექმნიდან 2 თვეში ბატალიონში 500 მებრძოლი გაერთიანდა.
აზოვის ბატალიონი აზოვის პოლკში განლაგდა და 9 ოქტომბერს, მინისტრმა ავაკოვმა გამოაცხადა, რომ „აზოვის“ სპეციალური დანიშნულების პოლკი უკრაინის ეროვნულ გვარდიას შეუერთდებოდა.
„აზოვის“ შემადგენლობაში, უკრაინელების გარდა, სხვა ქვეყნების, მათ შორის - საქართველოს წარმომადგენლებიც საკმაოდ არიან, რომლებიც ოფიციალურად ირიცხებიან „აზოვის“ შტატში ან სულაც უკრაინის მოქალაქეობა აქვთ მიღებული, რათა ისინი არ ჩაითვალონ დაქირავებულ მებრძოლებად, მოწინააღმდეგის მიერ ტყვედ აყვანის შემთხვევაში.
თუმცა რეალურად ეს ნაკლებად იმუშავებს, რადგან რუს სამხედროებს, განსაკუთრებით კი - დონბასელ პრორუს სეპარატისტებს და მათ მხარეს მებრძოლ კადიროვის ჩეჩნებს, ასევე, „ჩვენებურ“ ოს და აფხაზ სეპარატისტებს „აზოველები“ პირად მტრებად ჰყავთ მიჩნეული.
ნანა ჩხაიძე