ქარიშხალი ბარსელონაში - დატბორილია გზები, შეფერხებულია მატარებლების მოძრაობა და ავიარეისები
1730732603
სამწუხაროდ, ყოველი ჩვენგანს ერთხელ მაინც წაუკითხავს სოციალურ ქსელში, საინფორმაციო სააგენტოების ვებგვერდებზე ინფორმაცია, რომ სიმსივნით დაავადებულ, ბავშვს, მოზარდს, ახალგაზრდას, მრავალშვილიან დედას დახმარება ესაჭიროება...
ჯერ თავად „ამ განაჩენის“ აფიშირება და მერე ამისთვის „მოწყალების თხოვნა“ ასმაგად ამძიმებს იმ ადამიანების მდგომარეობას, ვისაც დახმარება ესაჭიროება.
„თითო ლარიც მნიშვნელოვანია“ - ეს ფრაზა ყველაზე მტკივნეულია ჩემთვის. კარგად მესმის ადამიანის მდგომარეობა, რომელსაც ხელში უჭირავს საშინელი ანამნეზი და ამ დროს ფიქრობს, საიდან მოიტანოს თანხა სამკურნალოდ... სად წავიდეს და ვის მიმართოს...
მე არ ვარ ავთვისებიანი სიმსივნის პაციენტი, მაგრამ არანაკლების გადატანა მომიხდა ორი წლის წინ. თვიდან-თვემდე შემოწირულობებით ვყიდულობდი საჭირო მედიკამენტებს.
ამის პარალელურად, იყო ბევრი ინფორმაცია იმ ადამიანებზე, რომლებსაც გასაყიდიც არ დარჩა არაფერი... და მე თავს ვიმხნევებდი, რომ სხვას უფრო ვჭირდებოდით... უფრო პრიორიტეტულებს... ბავშვებს, რომლებიც გრძელ თმებზე ოცნებობენ... ტკივილის გარეშე ცხოვრებაზე...
და აი, რამდენიმე წლის შემდეგ, ახლა უკვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებულია!
პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ სახელმწიფო სრულად დააფინანსებს ონკოლოგიური დაავადებების მქონე 300 ბავშვის მკურნალობას.
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს, სახელმწიფო დაფინანსებით, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა, საქართველოსთან ერთად, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში ექნება.
უცხოეთში სერვისის მიმწოდებლად, წინასწარი ბაზრის კვლევის საფუძველზე, უკვე შერჩეულია თანამედროვე სტანდარტების, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე მაღალტექნოლოგიური კლინიკები, სადაც ერთ სივრცეში გაერთიანებულია მომსახურების სრული სპექტრი.
პროექტის ფარგლებში, პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ მაღალხარისხიანი, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისები, მათ შორის, პროტონოთერაპია, რომელიც, გარკვეული ტიპის სოლიდური სიმსივნის სამკურნალოდ, უკანასკნელი სიტყვაა თანამედროვე მედიცინაში.
- მაშინ ასე არ იყო...
- მაშინ რომ ეს დრო ყოფილიყო...
- ადრე არც ფული იყო, არც ძლიერი კლინიკები...
- ადრე რომ ასე ყოფილიყო, ანანოს გადავარჩენდი!!!
ადრე, სისხლი რომ გვჭირდებოდა ანანოსთვის, ტელევიზიიდან ტელევიზიაში დავრბოდი... საინფორმაციოს ბოლოს ვაცხადებდით... მაშინ არ იყოს მოწოდება სოციალურ ქსელში და არც ასე ხელმისაწვდომი იყო კარგი კლინიკები...
სამომავლოდ გადარჩებიან. იცოცხლებენ... აღარ იტირებენ დედები, მამები იმის გამო, რომ დაფინანსება არაა...
„ისეთი სერვისები, როგორიც არის თუნდაც პლოტონური თერაპია, დასხივება და ასე შემდეგ, რომელიც მრავალი ათასი ამერიკული დოლარი ჯდება, ყოველ შემთხვევაში, შეიძლება, 10 000 ევრო დაჯდეს ერთი კურსი. რა თქმა უნდა, ამის საშუალება ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ, ყველას არ აქვს ამის საშუალება და სახელმწიფოსაც არ აქვს, რადგან ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით გარკვეული შეზღუდვები, რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება ასეთი მომსახურება, ამიტომ ეს საკითხი იყო მოუწესრიგებელი და გადაუწყვეტელი. ჩვენი გადაწყვეტილებით, 300 ონკოლოგიური პაციენტი, ბავშვი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ... რამდენიმე წლის წინ, ჩემი ინიციატივით, დავაფუძნეთ სოლიდარობის ფონდი, 25 მილიონი ლარის ფარგლებში დავაფინანსეთ ათასამდე ბენეფიციარი ბავშვის მკურნალობა, ონკოლოგიური პაციენტები და ახლა უკვე ამ პროგრამის შემდეგ არცერთ ბავშვს არ ექნება დაფინანსების პრობლემა, არცერთ ოჯახს არ შეექმნება პრობლემა. ყველას ვუმკურნალებთ საუკეთესო კლინიკებში, რომელიც აღიარებულია მთელს მსოფლიოში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საზღვარგარეთ ბავშვების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია.
ყოველწლიურად, სამწუხაროდ, ჯერ კიდე 150-მდე ბავშვს უდგინდება ავთვისებიანი სიმსივნე.
საგულისხმოა, რომ იქნება მუშაობა საქართველოში ონკოლოგიური სერვისების განვითარებაზე და ის პარტნიორი კლინიკები, რომლებიც პროგრამაში მონაწილეობისთვის გარკვეული კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ, ადგილზე, ქართველი ექიმების მომზადებაში და სამომავლოდ სერვისის გაძლიერებაში დაეხმარებიან ქართულ კლინიკებს.
„18 წლამდე პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპი იქნება, ვიდრე საქართველოში არ გაძლიერდება სერვისები და არ შეიქმნება თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრი, სადაც ხელმისაწვდომი იქნება სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი. ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს“, – ითქვა მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნანა ჩხაიძე