11 მილიონი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ და ქვეყანას დღეს აქვს სრულყოფილი წამლის ხარისხის ლაბორატორია, რომელიც სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს - პრემიერი

პრემიერი

11 მილიონი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ და ქვეყანას დღეს აქვს სრულყოფილი წამლის ხარისხის ლაბორატორია, რომელიც სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოში წამლის ხარისხის კონტროლის პირველი ლაბორატორიის დათვალიერების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მხოლოდ GMP-ის სტანდარტის, ხარისხიანი წამლები შემოდის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და ამას სჭირდება ყოველდღიური თუ არა სისტემატიური კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან.

„პირველ რიგში მე მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთეთ, რომელიც სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. ეს არის ულტრათანამედროვე წამლის ხარისხის ლაბორატორია, რომელიც ქვეყანაში არსებობდა, მაგრამ არ იყო ასეთი დონის და ასეთი თანამედროვე. ჩვენ დაახლოებით 11 მილიონი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ და ქვეყანას დღეს, შეიძლება ითქვას, რომ აქვს სრულყოფილი წამლის ხარისხის ლაბორატორია. ახლა, რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ლაბორატორია, მე მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო ჩვენი მოქალაქეებისთვის. იცით, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა. ჩვენ დავიწყეთ შარშან და უფრო ადრეც წამლის ხარისხის გაკონტროლება, მოგეხსენებათ კარგად. ასევე იცით, რომ ჩვენ შემოვიღეთ სტანდარტები და ქვეყანაში მხოლოდ GMP-ის სტანდარტის წამლები შემოდის. ანუ, ხარისხიანი წამლები შემოდის ქვეყანაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და ამას სჭირდება ყოველდღიური თუ არა სისტემატიური კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ეს ლაბორატორია და მოხდება შემოწმება ყველა იმ წამლის, რა თქმა უნდა, შერჩევით, რომელიც დღეს არის ბაზარზე ხელმისაწვდომი ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, როცა დასჭირდებათ, მიიღონ ხარისხიანი წამალი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო, რის შედეგადაც წამლებზე ფასები 60-70%-ით გაიაფდა და მოქალაქეებმა 200 მილიონი ლარი დაზოგეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა რეფერენტული ფასების დაწესების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„ასევე, ვიტყოდი კიდევ ერთხელ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი გადაწყვეტილებები, რომლის შედეგადაც კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა წამლების შემოტანა, მოხდა დივერსიფიკაცია, შემოვიდა ხარისხიანი, GMP-ის სტანდარტის წამლები თურქეთიდან, სხვა ქვეყნებიდანაც, რამაც 60-70%-ით გააიაფა წამლებზე ფასები და ჩვენმა მოქალაქეებმა 200 მილიონი ლარი დაზოგეს აი ამ ერთი ღონისძიებით. იცით, რომ ასევე რეფერენტული ფასები დავაწესეთ იმის გადასაზღვევად, რომ ვიღაც მანიპულატორებმა და სპეკულიანტებმა, ამის არაერთი ფაქტი გამოიკვეთა მაგალითად, PSP ერთ-ერთი შემთხვევა იყო, PSP-ს აფთიაქებში, გახსოვთ, რომ, ამის შესახებ საჯარო ინფორმაციაც გავრცელდა, ონკოლოგიური პაციენტებისთვის მედიკამენტზე ფასი გაზარდეს 300%-ით. ამაზე სახელმწიფომ სასწრაფოდ მოახდინა რეაგირება, სამინისტრომ, ჩვენ აღვკვეთეთ ეს ფაქტი და დაკორექტირდა დაუყოვნებლივ ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი გადაწყვეტილება. აი ამ ყველაფრის საკონტროლებლად, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება თანამედროვე ლაბორატორიაც, ფასების კონტროლიც და უფრო მეტი მონიტორინგი",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოში წამლის ხარისხის კონტროლის პირველი ლაბორატორია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ულტრათანამედროვე აპარატურით აღიჭურვა. მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის საშუალებით, მედიკამენტების ხარისხის შესწავლა და მათი კონტროლი მოხდება, რაც წამლებისა და ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ლაბორატორიაში უკვე დასრულდა დანადგარების ინსტალაციური პროცედურები, დაკომპლექტდა კვალიფიციური პერსონალით, რომლებმაც გადამზადების პირველი ეტაპი საერთაშორისო ტრენერებისა და ექსპერტების ჩართულობით გაიარეს.

ამჟამად, მიმდინარეობს ლაბორატორიული დანადგარების კალიბრაცია/კვალიფიკაციის ეტაპები და მეთოდების დანერგვის პროცესები უცხოელი ფარმ-ანალიტიკოსების დახმარებით.

ამ ეტაპზე, წამლის სახელმწიფო ლაბორატორიაში შესაძლებელია მიკრობიოლოგიური, მოლეკულური და ფიზიკურ-ქიმიური მეთოდებით კვლევების ჩატარება. ასევე, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა შესაბამისი მიმართულებით საერთაშორისო სერტიფიცირებისა და აკრედიტაციის მოპოვების მიზნით.