დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ბრიტანეთმა 2022 წლის 8 სექტემბერს გამოაცხადა, რომ გარდაიცვალა ამ ქვეყნის ყველაზე ხანგრძლივი მონარქი, ელისაბედ მეორე. დედოფალი იყო ხალხის ლიდერიც და მსახურიც, ხოლო მისი თავმდაბლობა და პატიოსნება ყოველთვის პატივისცემას იმსახურებდა.
ჩარლზ მესამემ სიტყვით გამოსვლისას შექსპირის სიტყვები მოიშველია და აღნიშნა, რომ ელისაბედ მეორე იყო ნიმუში ყველა ცოცხალი პრინცისთვის.
ბუკინგემის სასახლემ დედოფალ ელისაბედ მეორის წერილი თებერვალში გამოაქვეყნა. ის მოსახლეობას მადლობას უხდიდა მხარდაჭერისთვის და ამბობდა, თუ ვის ისურვებდა გაერთიანებული სამეფოს მომდევნო დედოფლად.
„მუდამ მადლობელი ვარ იმ ერთგულებისა და სიყვარულისთვის, რომელსაც ჩემ მიმართ ავლენთ. როდესაც ჩემი ვაჟი ჩარლზი გახდება მეფე, ვიცი, რომ მისი და მისი მეუღლის, კამილას მიმართ იმავე მხარდაჭერას გამოავლენთ. ჩემი გულწრფელი სურვილია, რომ როცა ეს დრო მოვა, კამილა ცნობილი იყოს როგორც დედოფალი კონსორტი, რადგან ის განაგრძობს საკუთარ ერთგულ მსახურებას“, – აღნიშნულია თებერვალში გამოქვეყნებულ ელისაბედ მეორის წერილში...
გაერთიანებული სამეფოს ახალ მეფეს, ჩარლზ მესამეს გვირგვინი 6 მაისს დაადგეს. კორნვოლის ჰერცოგინია კამილა კი დედოფალი კონსორტი გახდა.
ალბათ, სულ რამდენიმე ქალი იქნება ისე შეურაცხყოფილი და მიუღებელი საზოგადოებისთვის, როგორც კამილაა. ის დღემდე რჩება პრინცესა დაიანას შედარების ობიექტად და მიუხედავად დედოფლობისა, ის მაინც გარდაცვლილი ლედის ჩრდილშია. კამილას, ახლა უკვე დედოფალ კონსორტს, ჩარლზისა და დაიანას ოჯახის დანგრევაში ადანაშაულებენ.
დაიანამ 1995 წელს ცნობილ სკანდალურ ინტერვიუში BBC-სთან თქვა – “ამ ქორწინებაში სამნი ვართ”, მესამე ადამიანად მან სწორედ კამილა პარკერ-ბოულზი იგულისხმა, მისი ქმრის დიდი ხნის საყვარელი. დაიანა მეტოქეს “როტვეილერს” უწოდებდა.
მას შემდეგ, რაც 1997 წელს დაიანა პარიზში, ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა, ჩარლზი და კამილა საზოგადოებაში ერთად ჩნდებოდნენ, წყვილი 2005 წელს დაქორწინდა.
კამილა როზმერი შენდი ლონდონში 1947 წლის 17 ივლისს დაიბადა, ბრიტანეთის ერთ-ერთ გავლენიან ოჯახში. განათლება მან ლონდონში, შვეიცარიასა და საფრანგეთში მიიღო.
თვითდაჯერებული და მომხიბვლელი კამილა პრინც ჩარლზს პირველად დოღზე შეხვდა, 1970-იანი წლების დასაწყისში, ისინი მალე დაახლოვდნენ. თუმცა ქალი დარწმუნებული იყო, რომ მომავალი მეფე მასზე არასოდეს დაქორწინდებოდა და ცოლად გაჰყვა ბრიტანეთის არმიის ოფიცერს, ენდრიუ პარკერ ბოულზს.
სამეფო ოჯახიდან ქორწილს დედოფლის და, მარგარეტი და დედოფლის ქალიშვილი, პრინცესა ანა ესწრებოდნენ.
წყვილს 2 შვილი შეეძინა. ტომ პარკერ ბოულზი, რომლის ნათლია ჩარლზია, მწერალია, ლორა ლოპესი კი ხელოვნების კურატორი.
გრძნობა კამილასა და ჩარლზს შორის არ გამქრალა, მომავალი მეფე საყვარელ ქალს დაიანაზე დაქორწინების შემდეგაც ხვდებოდა.
კამილა და ენდრიუ პარკერ ბოულზი 1995 წელს დაშორდნენ, 1 წლით ადრე, ვიდრე ცოლს პრინცი ჩარლზი დაშორდებოდა. დაიანას გარდაცვალების შემდეგ წყვილი საზოგადოებაში ერთად გამოჩენისას სიფრთხილეს იჩენდა, თუმცა საზოგადოებას ოფიციალურად 1999 წელს წარუდგნენ, რამაც მათი ერთად ყოფნა უკვე ყველასთვის ნათელი გახადა.
კამილა და ჩარლზი ვინძორში 2005 წლის 9 აპრილს დაქორწინდნენ. სამოქალაქო ცერემონიას წმინდა ჯორჯის ტაძარში რელიგიური რიტუალიც მოჰყვა, რომელსაც დედოფალი ელისაბედიც ესწრებოდა.
დროთა განმავლობაში კამილა საზოგადოებისთვის მისაღები პიროვნება გახდა, მან მოახერხა ჩარლზის და დაიანას შვილებთან, უილიამთან და ჰარისთან დაახლოებაც.
ბრიტანეთის ისტორიაში 73 წლის ჩარლზი გახდა მონარქი, რომელიც ტახტზე ყველაზე ხანდაზმულ ასაკში ავიდა.
კორონაციის ცერემონიაზე მიიწვიეს 200-მდე ქვეყნის 2000-ზე მეტი წარმომადგენელი. რუსეთის წარმომადგენლები ცერემონიაზე არ მიუწვევიათ.
ნანა ჩხაიძე