100%-იანი განკურნება - ახალმა თერაპიამ ონკოლოგიური პაციენტები სრულად გამოაჯანმრთელა

თერაპია

მეცნიერები გამოცემაში New England Journal of Medicine გამოქვეყნებულ ნაშრომში იტყობინებიან, რომ ახალი თერაპიის შედეგად, კვლევაში მონაწილე ონკოლოგიური პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა სრულად განიკურნა. სპეციალისტთა განცხადებით, ეს ისტორიაში პირველი მსგავსი პრეცედენტია. ინფორმაციას  უცხოური მედია ავრცელებს.

ბოლო დროს, ინოვაციური მეთოდებით ადამიანებსა თუ ცხოველებში კიბოსთან ბრძოლაში მეცნიერებმა არაერთ წარმატებას მიაღწიეს, თუმცა, ეს დაავადება ინდივიდუალურია და ძნელია ისეთი საშუალების პოვნა, რომელიც ყველა პაციენტზე ერთნაირად იმოქმედებს. სწორედ ამიტომ, უკანასკნელი მიღწევა იმედის მომცემია, რადგან საუბარია ცდისპირთა სრულმასშტაბიან გამოჯანმრთელებაზე.

მათ ამისთვის მედიკამენტი, სახელად დოსტარლიმაბი გამოიყენეს, რომელიც მონოკლონური ანტისხეული გახლავთ. ის PD-1-ად წოდებულ ცილას უტევს, რომელიც, PD-L1-თან ერთად, სიმსივნის გარეთ იმუნური სისტემისგან დამცავ ერთგვარ ფარს ქმნის. მისი მეშვეობით სიმსივნე შეუფერხებლად იზრდება. უკეთ გასაგები რომ იყოს, PD-1-ს შეუძლია, T ლიმფოციტები "უდანაშაულო" უჯრედების განადგურებისგან შეაკავოს, მაგრამ სიმსივნე ამ ფუნქციას თავის სასიკეთოდ წარმართავს.

კვლევაში კოლორექტული (ნაწლავის) სიმსივნის მქონე 16 ადამიანი ჩაერთო, რომელმაც მკურნალობის 6-თვიანი კურსი გაიარა. მეცნიერთა მიერ ნაშრომის წერის დროს მათგან 12-ს კურსი უკვე დასრულებული ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ ამ პაციენტების ორგანიზმში სიმსივნური წანაზარდი გაქრა. მავნე უჯრედები არც თერაპიიდან 12 თვის შემდეგ დაფიქსირებულა. ამ პერიოდისთვის 16-ვე ცდისპირი ცოცხალი იყო.

უნდა ითქვას, რომ ზემოხსენებული მედიკამენტის მიღების შედეგად რაიმე სერიოზული უკუჩვენება არ გამოვლენილა, თუ არ ჩავთვლით დაღლილობასა და გამონაყარს. მართალია, ეს კვლევა მცირემასშტაბიანი იყო, მაგრამ მომავალში პრეპარატს უფრო მეტ ადამიანზე გამოცდიან. თითოეული დოზის ღირებულება დაახლოებით 11 000 აშშ დოლარია, ანუ ის საკმაოდ ძვირია, თუმცა სხვა არასასიამოვნო თერაპიების საჭიროებას გამორიცხავს.