„ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არცერთი პრეზიდენტი არ ყოფილა ასეთი ბოროტი თავდასხმების მსხვერპლი, მაგრამ ისინი მხოლოდ იმიტომ მესხმიან თავს, რომ თქვენთვის ვიბრძვი“ - ტრამპი

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სასამართლოში წარდგენამდე ორი დღით ადრე, მხარდამჭერებს 2024 წლის საარჩევნო კამპანიისთვის თანხების მობილიზაციისკენ მოუწოდა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი მოწინააღმდეგეები არჩევნებში მილიარდობით დოლარის დახარჯვას გეგმავენ და მათი მიზანი აშშ-ის კომუნისტურ ქვეყნად ქცევაა.

„ჩვენ უკვე ოფიციალურად მესამე სამყაროს ქვეყანა ვართ. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არცერთი პრეზიდენტი არ ყოფილა ასეთი ბოროტი და ამაზრზენი თავდასხმების მსხვერპლი. მაგრამ ისინი მხოლოდ იმიტომ მესხმიან თავს, რომ თქვენთვის ვიბრძვი. ძალიან მარტივია. ისინი ვერ მყიდულობენ და ვერ მაკონტროლებენ და ეს მათ აშინებს. განსაკუთრებული ინტერესების მქონე გლობალისტმა დონორებმა სიმდიდრე ჩვენი ქვეყნის განადგურებით გამოიმუშავეს. სამაგიეროდ, ჩვენს საპრეზიდენტო კამპანიას ყოველთვის აფინანსებდნენ თქვენნაირი ძირძველი პატრიოტები“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოში 4 აპრილს წარდგება, რა დროსაც მას თითის ანაბეჭდებს აუღებენ და მანჰეტენის სასამართლოში ფოტოს გადაუღებენ. დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი ყოფილი პრეზიდენტი იქნება, რომელსაც სისხლის სამართლის ბრალდებას წაუყენებენ.