პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უპრეცედენტო შემთხვევა შეერთებული შტატების ისტორიაში - გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა ფლორიდაში დონალდ ტრამპის რეზიდენცია გაჩხრიკეს.
საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლები, ყოფილი პრეზიდენტის პალმ ბიჩზე მდებარე სახლში, წინასწარი გაფრთხილების გარეშე მივიდნენ.
თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ჯო ბაიდენმა არ იცოდა ჩხრეკის შესახებ და სამართალდამცველებს თეთრ სახლში არავინ გაუფრთხილებიათ ამის შესახებ.
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. დონალდ ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.
დონალდ ტრამპმა მომხდარს „ჩვენი ქვეყნისთვის ბნელი დრო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება არაფრით განსხვავდება უოტერგეიტის სკანდალისგან.
დონალდ ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI მარალაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო. ტრამპმა მომხდარი შეერთებული შტატებისთვის ბნელ დროდ, პროკურატურის ქმედება კი - არამალრთლზომიერად შეაფასა.
მისივე თქმით, რადიკალი მემარცხენე დემოკრატები მართლმსაჯულების სისტემას იარაღად იყენებენ, რათა ხელი შეუშალონ 2024 წელს პრეზიდენტად კენჭისყრაში.
შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება აპრილში მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის ეროვნული არქივის სამმართველომ შეატყობინა კონგრესს, რომ დონალდ ტრამპის სახლში თეთრი სახლის დოკუმენტებით სავსე 15 ყუთი აღმოაჩინა.
ზოგიერთი მათგანი კი საიდუმლო დოკუმენტს წარმოადგენდა. შეერთებული შტატების კანონმდებლობით, პრეზიდენტი, თანამდებობის დატოვების შემდეგ, ვალდებულია მისი წერილები, სამუშაო დოკუმენტები და ელექტრონული ფოსტა ეროვნულ არქივს გადასცეს.
მომხდარს პოლიტიკური ოპონენტების დევნად მიიჩნევენ რესპუბლიკური პარტიის წევრები. "უპრეცედენტო კორუმპირებული ქმედება და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება" - ასე აფასებს მომხდარს რესპუბლიკელი სენატორი ტედ კრუზი.
„რაც ნიქსონმა სცადა, ახლა ბაიდენმა განახორციელა, მისი ადმინისტრაცია იუსტიციის დეპარტამენტსა და გამოძიების ფედერალურ ბიუროს პოლიტიკური მტრების წინააღმდეგ, მიზანმიმართულად იყენებს" - წერს ტედ კრუზი ტვიტერზე.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება და აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტიც კი კანონზე მაღლა არ დგას.
„ჩვენ გვჯერა კანონის უზენაესობის. არც ერთი ადამიანი არ დგას კანონზე მაღლა, არც შეერთებული შტატების პრეზიდენტი, არც შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი“, - განაცხადა ნენსი პელოსიმ.
„რესპუბლიკელი“ სენატორი მარშა ბლექბერნი გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას „კუდიანებზე ნადირობა უწოდა“.
„ბილ და ჰილარი კლინტონებმა თეთრი სახლიდან 28.000 დოლარის ღირებულების ავეჯი წაიღეს. ობამამ საპრეზიდენტო ჩანაწერების შესახებ კანონი დაარღვია. რატომ არ მოაწყო გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მათ სახლებში რეიდი? ეს კუდიანებზე პოლიტიკური ნადირობაა, რომლის მიზანი პრეზიდენტ ტრამპის დამხობაა“, - აღნიშნა სენატორმა.
ამერიკელი ბიზნესმენი, ადვოკატი, ლობისტი და პოლიტიკოსი, ენდრიუ იანი ამბობს, რომ ეს რეიდი აძლიერებს პოზიციას მილიონობით ამერიკელისთვის, რომლებიც ამას უსამართლო დევნად აღიქვამენ“.
„ტრამპის ფანი არ ვარ. მინდა, რომ ის რაც შეიძლება შორს იყოს თეთრი სახლისგან. მაგრამ მისი მიმართვის ფუნდამენტური ნაწილი იყო ის, რომ ის კორუმპირებული სამთავრობო წყობის წინააღმდეგ გამოდის. ეს რეიდი აძლიერებს პოზიციას მილიონობით ამერიკელისთვის, რომლებიც ამას უსამართლო დევნად აღიქვამენ“, - აღნიშნა ენდრიუ იანმა.
დემოკრატი სენატორების მტკიცებით კი ფედერალური ბიუროს ქმედებისთვის პოლიტიკური სარჩულის მიბმა გაუმართლებელია.
ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, სახელს არაერთი სამართლებრივი ბრალდება უკავშირდება. მათ შორისაა არჩევნებში უკანონო ჩარევა, ბიზნესში თაღლითობისა თუ ცილისწამების შემთხვევები. შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის სახელი დაკავშირებულია 6 იანვარს მომხდარ კაპიტოლიუმზე თავდასხმის საქმესთანაც.
ნანა ჩხაიძე