ახალი ტურისტული ლოკაციები, პროექტები კულტურისა და სპორტის მიმართულებით - მთავრობის მასშტაბური გეგმები ტურიზმის განვითარებისთვის

ტურისტული ცენტრები

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი განახლებული სახით პარლამენტს დღეს დაუბრუნდა. გაზრდილი ბიუჯეტის დაფინანსების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სოციალური პროექტებია.

მაგალითად, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 50 ლარის ნაცვლად, 200 ლარი გახდება. ორმაგდება კერძო სექტორში დასაქმებულთათვის დეკრეტული შვებულება და ის 1000 ლარის ნაცვლად, 2000 ლარი გახდება. 2023 წლიდან კი სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ.

ასევე, მომდევნო 2 წლის მანძილზე ტურიზმის განვითარების მიმართულებით, ეფექტური და მასშტაბური პროექტებია დაგეგმილი.

გარდა ამისა, მომდევნო წელს მასშტაბური, დევნილების ბინების მშენებლობის პროექტი განხორციელდება. საცხოვრებელი ფართები 7 ათასი ოჯახისთვისაა გათვალისწინებული.

მომდევნო წელს ჩვენ ვიწყებთ ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარებას, მათ შორის არსებულის სრულ რეაბილიტაციას და ამ მიზნით ჩვენ 200 მილიონ ლარს გამოვყოფთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, ტურიზმი არის ერთ-ერთი სექტორი, რომელიც კვლავ იქნება მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი საქართველოს ეკონომიკური ზრდის მომდევნო წლებში, გამომდინარე იქიდან, რომ რაოდენობრივ ჭრილში, მხოლოდ 60%-იანი აღდგენა გვაქვს 2019 წელთან შედარებით.

„აქედან გამომდინარე, ახალი ტურისტული ლოკაციების ჩამოყალიბებაზე და არსებულის განვითარებაზე, მომავალ წელს დამატებით გამოიყოფა 200 მლნ ლარი. ეს ხელს შეუწყობს ახალი ადგილების, მიზიდულობის ცენტრების გაჩენას ქვეყანაში, რომლებიც მოემსახურება ტურისტულ სექტორს. ასევე, თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად გამოიყოფა დამატებით 170 მილიონი ლარი. ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტებზე დამატებით გამოიყოფა 30 მილიონი ლარი. კულტურისა და სპორტის მიმართულებით დამატებით გამოიყოფა 55 მილიონი ლარი, მათ შორის, 25 მილიონი ლარი მიიმართება 2025 წელს დაგეგმილი ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიადის მასპინძლობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებაზე, ასევე, მეორე წარდგენასთან შედარებით დაფინანსება გაეზრდებათ სპორტულ ფედერაციებს", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი მთავრობის მეთაურის ინციატივას ტურიზმის განვითარების მიმართულებით, უპრეცედენტოს უწოდებს და ამბობს, რომ ამ ყველაფრით ჩვენ ქვეყანაში მივიღებთ ახალ ტურისტულ მიმართულებებს სხვადასხვა რეგიონში, ახალ ტურისტულ, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურას, ახალ ტურისტულ პროდუქტებს, რაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ხელს შეუწყობს ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენის დინამიკას, გააძლიერებს დარგს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს.

„საქართველოში ტურიზმის აღდგენის დინამიკა საკმაოდ დადებითი ტენდენციებით მიმდინარეობს. დარგის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყანაში დამატებით გამოიყოფა 200 მლნ ლარი, რომელიც სრულად მოხმარდება ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. ამ ყველაფრით ჩვენ ქვეყანაში მივიღებთ ახალ ტურისტულ მიმართულებებს სხვადასხვა რეგიონში, ახალ ტურისტულ, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურას, ახალ ტურისტულ პროდუქტებს, რაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ხელს შეუწობს ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენის დინამიკას, გააძლიერებს დარგს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გააძლიერებს რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესებს“, თქვა ქვრივიშვილმა „პრაიმტაიმთან“.

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ საქართველოსთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა იყოს ITB Berlin 2023-ის მასპინძელი ქვეყანა.

ვიცეპრემიერის თქმით, მსოფლიოს უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსი საქართველოს მისცემს პირდაპირ წვდომას მსოფლიოს უმსხვილეს ბაიერებთან და მიზნობრივ ბაზრებთან, 37 მლნ ევროს ღირებულების მედია დაფარვას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს ამით მიეცემა შესაძლებლობა საკუთარი ტურისტული პოტენციალი და ტურისტული პროდუქტები გააცნოს გამოფენის 200-ათასიან აუდიტორიას, მათ შორის 100 ათას ბიზნეს-ვიზიტორს და გამოფენის მრავალ მილიონიან სატელევიზიო მაყურებელს.

ექსპერტი სოსო არჩვაძე „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ ის პროექტები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, მართლაც უპრეცედენტოა. საქართველოს მთავრობა მუდმივად ზრუნავს მისი ხალხის კეთილდღეობაზე იქნება ეს სტაბილურობა თუ ეკონომიკური სიძლიერე.

ის წინადადებები და მიმართულებები, რაზეც საუბარი იყო სამთავრობო სხდომაზე და პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებაში, ამის დასტურია. საქართველო უკვე ორი წელიწადია, რაც მაღალ, დამაჯერებელ ტემპებს აფიქსირებს. ეკონომიკური ზრდის პარალელურად, იზრდება საბიუჯეტო რესურსების მოცულობაც, რომლებიც უკვე შეიძლება გამოყენებული იქნეს და გამოიყენება როგორც ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, ისე სოციალური ბლოკის მიმართულებების მასშტაბური დაფინანსებისათვის.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლის დეკანი ვახტანგ ჭარაია ფიქრობს, რომ ტურიზმის თემა აუცილებელია კომპლექსურად განვიხილოთ და ვეცადოთ, რომ პროექტებით, რომლებიც პრემიერ-მინისტრმა დააანონსა, მივიღოთ მაქსიმალური მოგება.

„ტურიზმის განვითარება ჩვენი ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამის პარალელურად კი ასევე მნიშვნელოვანია, თითოეული ტურისტის მიერ დატოვებული თანხიდან მოგება, საქართველოს ეკონომიკაში გაიზარდოს. თვითმიზანი არ უნდა იყოს, რომ მივიღოთ მილიარდის მაგივრად, მილიარდში შემოსავალი. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ის, რომ მილიარდში თუ არის 400 მილიონი მოგება, ეს 400 გავხადოთ 500 მილიონი.

ტურიზმის თემა აუცილებელია კომპლექსურად განვიხილოთ და ვეცადოთ, რომ პროექტებით, რომლებიც პრემიერ-მინისტრმა დააანონსა, მივიღოთ მაქსიმალური მოგება. ანუ მივიღოთ მოგება ყოველი ტურისტისგან. სწორედ ეს პროექტები მოგვცემს შესაძლებლობას მეტი მოგება მივიღოთ და არა მხოლოდ მეტი ტურისტი. შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილი ეს ინიციატივა მისასალმებელია და კიდევ უფრო არის გასავითარებელი. იქნება ეს სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, დასვენება-გართობის კუთხით თუ სხვა მიმართულებით. კიდევ განვმეორდები და მივესალმები პრემიერის ინიციატივას და ვფიქრობ, არ უნდა მოვეშვათ. ყოველ ახალ ტურისტს უნდა დავხდეთ თავაწეულები. უფრო მეტი ქართული პროდუქტით, უფრო მეტი ქართული წარმოებით და აქტივობებით“,- ამბობს ვახტაგნგ ჭარაია.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ანდრია გვიდიანი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა, სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას აწარმოებს.

მისი თქმით, სწორი ეკონომიკური პოლიტიკა ნიშნავს იმას, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში პრაქტიკულად ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი არის გაუმჯობესებული და ტენდენცია მუდმივად არის მზარდი.

„ყველა პარამეტრი უმჯობესდება, მათ შორის მაკროეკონომიკური პარამეტრებიც. ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რაზეც საუბრობდა პრემიერ-მინისტრი. სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი არის ისიც, რომ მუდმივად იზრდება ბიზნესის ბრუნვის მოცულობა, ახალდარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა, იზრდება დღგს-ს გადამხდელ საწარმოთა რაოდენობა და ა.შ, რაც არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი“, - განაცხადა გვიდიანმა.

მთავარი სიახლეები