Exclusive: ზელენსკიმ ავთანდილს ბოტასებისთვის მადლობა შემოუთვალა

avto

ასეთი ექსკლუზივი გვაქვს თქვენთვის. 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ერთ-ერთ შეხვედრაზე, თავის თანაშემწის ფეხზე, თვალი მოჰკრა სპორტულ ფეხსაცმელს და მოეწონა. მას უთხრეს, რომ  ეს მილიტარისტული სტილის ბოტასი, ქართველ დიზაინერს - ავთანდილს ეკუთვნოდა.

ზელენსკისთვის ეს ბრენდი და ქართველი დიზაინერის სახელი, უცხო არ ყოფილა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ცქვიტინიძემ რუსეთის მოდის კვირეულიდან - უკრაინულზე გადაინაცვლა. 

"კიევში ჩასვლის დღიდან პოპულარული გავხდი. მქონდა ორი მაღაზია. მაშინდელი პრეზიდენტი, ვიქტორ იუშჩენკო თავისი ოჯახით, ჩემს ჩვენებებს ესწრებოდა. სადილებზე მეპატიჟებოდნენ. წარმოიდგინეთ, უკრაინის პრეზიდენტთან ერთად "ბორშჩს" გეახლებოდით. და ეს ხდებოდა, არა ოფიციალურ წვეულებაზე, არამედ, ჩვეულებრივ ოჯახურ სადილებზე.

შეიკრა დიდი სამეგობრო წრე. პირველი ლედი ჩემი სამოსით დადიოდა..." - ამბობს ავთანდილი "პრაიმტაიმთან".

ავთანდილის მეორე ხაზში, "ჯარისკაცი" ექვსი წლის წინ შევიდა. როგორც დიზაინერი ჩვენთან ამბობს, ყველა ადამიანს, სხვადასხვა ახლობლის სახით, თავისი დამცველი ჯარისკაცი ჰყავს. 

ავთანდილი: ჯარისკაცების სიმბოლოები ბოტასზე ჩამოვკიდე. სპორტული ფეხსაცმელი სხვადასხვა ფერში მქონდა. და აი, ჩემი ხაზის ჯარისკაცმა მიმიყვანა ომის ტერიტორიაზე. ჩემი ბოტასი უკრაინის პრეზიდენტს მოსწონებია.

დღეს ის არის ყველაზე მთავარი ჯარისკაცი, რომელიც იბრძვის მშვიდობისთვის, სიყვარულისთვის და იმისთვის, რომ ადამიანები დაცულები იყვნენ. 

მე უკრაინიდან, სადაც შვიდი კარიერული წელი გავატარე, ზელენსკის არ ვიცნობდი. მან ჩემს შესახებ იცის, როგორც უკრაინული მოსახლეობის დიდმა ნაწილმა. 

მოკლედ, უკრაინელი პრეზიდენტის ქართველმა თანაშემწემ იზრუნა იმაზე, რომ საომარ ვითარებაში მყოფ ქვეყნის მთავარსარდალს, კომფორტული ფეხსაცმელი ჰქონოდა.

ავთანდილი: ხაკისფერი ბოტასი გავუკეთე, უკრაინის დროშის ფერებიც გამოვიყენე. საომარი უნიფორმის ტონებშია. 

ზელენსკი სწორი ტიპია თავისი მრწამსითაც და ჩაცმის სტილითაც. გრძნობ, რომ შენნაირია. ადამიანია, რომელიც ნდობას იწვევს. 

ჩემი ბოტასით გავუგზავნე ის ენერგეტიკა, რაც ამ ხაზში ჩადებული მაქვს, ჯარისკაცი, რომელიც გიცავს. 

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა შემომითვალა...