1728156496
„რაც მე ვერ შევძელი, ეს მოახერხა თენგიზმა...“ - რას ამბობდა გოდერძი ჩოხელი თენგიზ არჩვაძეზე
თენგიზ არჩვაძე მარადისობას შეერთო და უკანასკნელი განსასვენებელი, დიდუბის პანთეონში, 31 ოქტომბერს დაიდო.
ხელოვნებათმცოდნე ეთერ წეროძემ 2008 წელს ხელოვნების ქურუმს წიგნი მიუძღვნა, რომელიც სავსეა ხელოვანების ნაამბობი საინტერესო ამბებით.
აი, რას ამბობდა გოდერძი ჩოხელი არტისტზე.
გოდერძი ჩოხელი: თუმცა, არ მქონია შემთხვევა, თენგიზი ჩემს ფილმში გადამეღო, მაინც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველა ჩემი სურათის მონაწილეა. იგი ისეთი პიროვნებაა, ჩვენს შორის არათუ კეთილი დამოკიდებულება, საოცრად დიდი სიყვარული დაატრიალა და უფლება არცა მაქვს, არ მიყვარდეს და საერთოდ, არცა მგონია, საქართველოში ის ვინმეს არ უყვარდეს.
გარდა დიდი შემოქმედისა, იგი დიდი პიროვნებაა. სამწუხაროდ, ვერ დავაფასეთ, ვერ გამოვიყენეთ მისი ნიჭი. თენგიზი ჩემთვის არა მარტო თანამედროვე ქართველია, ისტორიული პიროვნებაც არის - ჩვენი ზნეობრივი წინაპარი. ამაზე მეტყველებენ მისივე შექმნილი თეატრალური თუ ეკრანული სახეები. იმავდროულად, იგი ჩვენი მომავალიც არის, სუფთა კეთილშობილი ბუნებით.
დიდად სამწუხაროა ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ თენგიზ არჩვაძე სხვა ქვეყნის შვილი რომ ყოფილიყო, მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი მსახიობი იქნებოდა. ჩემთვის ასეა, მაინც. თენგიზს რომ დავინახავ, რაღაც მიხარია და დღემდე ვერ ამიხსნია ეს სიხარული.
პირადად მე უდიდესი სურვილი მქონდა, თენგიზს ჩემს ფილმებში ეთამაშა, მაგრამ ვერ მოვუძებნე როლი, რომელიც მას ეკადრება... თენგიზი მხატვრულად იშვიათად კითხულობს მხატვრულ ნაწარმოებებს, და უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა: იგი, რადიოთი ისე არაჩვეულებრივად ისეთი გრძნობით კითხულობს ჩემს მოთხრობებს, რომ მეც კი სხვანაირი თვალით დამანახა საკუთარი შემოქმედება. რაც მე ვერ შევძელი, ეს მოახერხა თენგიზმა - თვითონ მოძებნა კავშირი ჩემს შემოქმედებასთან.
ასევე დაგაინტერესებთ:
„თითქოს დამშვიდობებაა, აღსარებაა...“ - თენგიზ არჩვაძის უნიკალური ვიდეო ინტერვიუ