გუდაურში რესტორანში 12 ადამიანის ცხედარი იპოვეს - უბედური შემთხვევის დეტალები
1734195900
დღეს უკანასკნელ გზაზე დიდი ადამიანი გააცილეს. ღირსება და რაინდობა - ორი სიტყვით ასე ახასიათებენ არტისტს, რომელმაც 91 წელი ისე გაატარა ამ მღვრიე წუთისოფელში, რომ არ გასვრილა.
"სულს აღზრდა უნდა. დღეს ვერ იცლიან ამისთვის თუ არ იცლიან, არ ვიცი. კუნთების ჩამოყალიბება ადვილია, სულისა - ძნელი... ამის გარეშე კი... ერთ მეგობარს ვუთხარი: რა არის, სულ ღორივით (არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ უნდა ვთქვა) ძირს რომ იყურები, საშოვარზე. აიხედე, ნახე რა ზეცაა; შენ ისე ცხოვრობ, ცა არ გინახავს-მეთქი!
მე სულ ზეპირად ვიცოდი ცარგვალის განლაგება, ირმის ნახტომი, დიდი დათვი, პატარა დათვი... თუშეთში ცეცხლს დავანთებდი, ნაბადში გავეხვეოდი და გარეთ ვწვებოდი დასაძინებლად, იმიტომ კი არა, რომ სახლში არ შემეძლო ღამის გათევა, გარეთ ცას მივჩერებოდი. ვუყურებდი, როგორ მოგზაურობდა ცისკრის ვარსკვლავი. მეც მათთან ერთად ვსერავდი ცის კაბადონს...
სამზეოსკენ უნდა გაიხედო. იცით, რა არის სამზეო? მე კუს ტბაზე დავდიოდი ფეხით. იქ, ზევით, კაკლები ხარობს... უძოზეც ავდიოდი ხოლმე. იქიდან კოჯრამდე კილომეტრ ნახევარიღა რჩება. მზის ამოსვლას ვასწრებდი იქ ასვლას. რომ გადმოიხედავ და მზე ამოდის - ეს არის სამზეო. მატერიალურს აბსოლუტურად არაფერს არ აქვს მნიშვნელობა. ყველაფერი რომ წამართვან, ამისი ნახვის უფლებას თუ დამიტოვებენ, უბედნიერესი კაცი ვიქნები. ეს უნდა შეიგრძნო. ბედნიერებას დანახვა უნდა. უნდა განასხვავო ღირებული და ნაკლებად ღირებული" - თენგიზ არჩვაძე.
"დიდოსტატის მარჯვენაზე" გაკეთებულ კინოეპოპეაში კონსტანტინე არსაკიძის როლი ვახტანგ ტაბლიაშვილმა თენგიზ არჩვაძეს ანდო. არსაკიძე-არჩვაძე! შემთხვევითი დამთხვევა არ არის. ვფიქრობ, ის ამ სახის უკვდავსაყოფად მოგვევლინა... ამ "შეხვედრით" დიდი კონსტანტინეც ძალზე კმაყოფილი ყოფილა. და იცით, რას ამბობდა არჩვაძეზე თურმე რეჟისორი?
"- მსურდა მეჩვენებინა დიდი ხუროთმოძღვრის შინაგანი წვა, თავდავიწყება და არაადამიანური ტანჯვა უკვდავი ძეგლის შესაქმნელად, და თუ ეს ვაჩვენე, უბედნიერესი კაცი ვიქნები...
ვნეტარებდი თენგიზ არჩვაძის ინტელექტუალური არსაკიძით..."
ხელოვნებათმცოდნე ეთერ წეროძემ 2008 წელს გამოსცა წიგნი და ის თენგიზ არჩვაძეს მიუძღვნა. მასში სხვადასხვა მოგონებაა თავმოყრილი, რომელსაც "პრაიმტაიმი" ეტაპობრივად შემოგთავაზებთ. ჟურნალისტ ვ. მარდალეიშვილის მიერ მოთხრობილი, ერთის შეხედვით "უმნიშვნელო" ამბავი უნდა შემოგთავაზოთ, რომელსაც დიდი მნიშვნელობა მივანიჭე. ეს პატარა ეპიზოდი დიდ არტისტზე წარმოდგენას მშვენივრად გვიქმნის.
***
გაზაფხულის პირი იყო, "მწუხრ და მიდრეკილ დღე". მცხეთას ვიყავი. საოცრად ლამაზი და დიდებული იყო ლომისფერი სვეტიცხოველი. ნუშის ყვავილის, ნორჩი ბალახისა და გამთბარი მიწის სურნელი იდგა ტაძრის ეზოში.
ტაძრის კართან მისულს საგალობლის ხმა მომწვდა, "შენ ხარ ვენახი"... მომხიბლავი მელოდია ჟრუანტელივით მოედო სულს, კიდემდე აავსო და ზევით, სულ ზევით, ზეცამდე ამაღლდა...
სიმღერა მიწყდა. ტაძრიდან რამდენიმე კაცი გამოვიდა, ისინი ვინც მღეროდნენ. ერთი მათგანი თენგიზ არჩვაძე იყო. ხელში წიგნები ეჭირა. სახეზე ნათელი გადასდიოდა. ზედაც არ შეუხედავს აღტაცებული ტურისტებისათვის, გაიმანძილა, მობრუნდა, მზერით კიდევ ერთხელ მიესიყვარულა ჩამავალი მზის სხივებით განათებულ ჩუქურთმებს ტაძრის ფასადზე და წავიდა. უსაშველოდ ამაყი და მოხდენილი შვენოდა ბინდშეპარულ მცხეთას.
სვეტიცხოვლის თაღებქვეშ ჯერ კიდევ გუგუნებდა სიმღერის ექო. დეიდა მარიამი შემომხვდა, ჩვენს დიდებულ წინაპართა საფლავების მოვლაში გაჭაღარავებული, სათნო მანდილოსანი. უჩვეულოდ გახარებული ჩანდა.
- იცი, ახლა აქ ვინ იყო? - მითხრა. - ამის ამშენებელი, ტაძარს მოავლო თვალი და პასუხი რომ არ გავეცი, დაუმატა, - თენგიზ არჩვაძე იყო, შვილო! უყვარს აქაურობა, ხშირად მოდის ხოლმე.
მოხუცს კონსტანტინე არსაკიძესთან გაეიგივებინა მსახიობი, რომელმაც ეკრანზე გააცოცხლა სვეტიცხოვლის ხუროთმოძღვრის ლეგენდარული სახე. ამ ქალისათვის იგი ახლა ნამდვილად დიდოსტატი არსაკიძე იყო!
ასევე დაგაინტერესებთ:
„თითქოს დამშვიდობებაა, აღსარებაა...“ - თენგიზ არჩვაძის უნიკალური ვიდეო ინტერვიუ
რა კადრებს აქვეყნებს ნიცა თავაძე “ოქროს ბურთის” დაჯილდოებიდან