"თვითონ ვაჟას ქალამნის ერთ თასმად თვლიდა თავს და ამაში ნატამალიც არ ერია ყალბი თავმდაბლობისა... ვაჟას ასაკში განეშორა სააქაოს" - ხევსური პოეტი, რომელიც მარად 46 წლის დარჩა

gabriel

11 სექტემბერი გაბრიელ ჯაბუშანურის დაბადების დღეა. არხოტელმა პოეტმა, ამ საწუთროში, სულ 46 წელი იცხოვრა. 

ჯერ კიდევ ცამეტი წლისას ლექსებს საბავშვო ჟურნალ-გაზეთები უქვეყნებდნენ. კრებდა და იწერდა ხალხური შემოქმედების შედევრებს.

არხოტში ჯერ პედაგოგობდა, შემდეგ განაგებდა სოფლის სამკითხველოს, კოლმეურნეობის თავჯდომარედაც მუშაობდა.

პოეტის პირველი კრებული 1940 წელს გამოვიდა - „არაგვიანი“. ამას მოჰყვა კრებულები: „ლექსები“, „ნათელი მთაში“, „ლირიკა“, „მზეთა ქვეყანა“, „მაღალი მთვარე“, „ჩრდილი და მთვარე“, „მოკრძალება“, „რჩეული“ და სხვა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

გაბრიელს შვილი არ ჰყოლია, დარჩა ლექსები; 

"იცით მე ვინ ვარ? - რომ არ ვსთქვა ბევრი, - მცირე მტვერი ვარ შოთას კალმისა,

გურამიშვილის ვარ ცოტა ცრემლი და ერთი თასმა ვაჟას ქალმნისა...

მე ჭავჭავაძის ვარ სისხლის წვეთი, ბარათაშვილის ვარ ერთი ოხვრა:

- ამიტომ მქვიან, ალბათ, პოეტი და მათ მუხლებთან მიხდება მოხრა"...

ფოლკლორისტი ამირან არაბული გაბრიელ ჯაბუშანურს იხსენებს.

"როგორც კაცი და როგორც პოეტი.."
თვალწინ მიდგას ციცქა ჯაბუშანურის, გაბრიელის უფროსი ძმის, მიწური სახლი ამღაში. უბრალო, მწირული სახლი, სადაც გასული საუკუნის 80-იან წლებში ჯერ კიდევ ბიბინებდა ხევსურეთის ჰეროიკული წარსულის მეომრული სული და ღადარივით ღვიოდა ხსოვნა არხოტის თემის მიწაწყალზე მომხდარი არაერთი საანდრეზო ამბისა.
სოფელთან ახლოს, ხელის გაწვდენაზე, მოჩანდნენ ბერხენი ჯიხვების დაშაშრული რქებით შემკული საბეკური - ლეგენდარული ხოგაის მინდის ნადგომ-ნასახლარი,"ცით სვეტად ჩამობრძანებული" ლაღი იახსარის სახელობის ნიში და პეტრე ნაღვრისპირისა - რკენას ძალმოსილი ჯვარ-სალოცავის ნაშალი.

საკრალურობის მქრქალი ნაკვალევი და მითოსური სინამდვილის კანთიელი ანარეკლი მზეკაბანივით გადადიოდა დაპურებული ყანიდან თავხშირ სათიბზე და კალოდან ბანზე, ყინულიანი ბინულიდან მდინარე ასაზე და ყვავილიანი ბილიკიდან ახიელისკენ მიმავალ მტვრიან შარაგზაზე.

და ყოველივე ამას იდუმალების მოუხელთებელი ხიბლით ავსებდა და ასევადებდა უნცრუათ გაბრიელის ნაღვერდლიანი პოეზიის სადა, ბუნებრივი დეკლამაცია, ხშირად რომ ისმოდა ხოლმე სამფეხა ტაბლის ირგვლივ შემომსხდარი არხოტელებისა და ბარიდან წვეული მათი სტუმრების სულფონი სერობების დროს.

"შევდივარ, ხალხი გულისყურს მაქცევს..." - რეფრენივით გასდევდა იქაური ახალუხლის სალხინო შეკრებებს, დიდ-პატარა ხადილსა და მხიარულებას, ნიშნობა-ქორწილს, ძეობასა და ათენგენობას - მთიელთა ყველაზე ხალხმრავალ რელიგიურ დღესასწაულს...

 გაბრიელ ჯაბუშანური.

მის წრფელ, მართალ სიტყვას დღემდე მოჰყვა ქვაგრილის შუაზე გამხლეჩი მეხის ძალა და აგვისტოს მზის ჩაუმცხრალი მცხუნვარება, ჯიშიანი ბედაურის მუხლის ღონე და ნაავდრალი მდინარის ხმოვანება.

თვითონ რომ ვაჟას ქალამნის ერთ თასმად თვლიდა თავს (და ამაში ნატამალიც არ ერია ყალბი თავმდაბლობისა), მის თანამედროვე მწერლებსა და მკითხველებს კარგად მოეხსენებოდათ გაბრიელ ჯაბუშანურის პოეტური ნააზრევის ნამდვილი ფასი და მნიშვნელობა. მოეხსენებოდათ, მაგრამ რატომღაც არ ჩქარობდნენ მისი შემოქმედების უეჭველი ღირსებების დანახვას, აღნიშვნას, აღიარებას.
ათეული ბრწყინვალე ლექსის, რამდენიმე შესანიშნავი ბალადისა და პოემის ავტორს შესწევდა ძალა ქადილისა, თუმცა მის პიროვნულ თვისებათა ნუსხასა თუ ჩამონათვალში თვითკმაყოფილების ანდა თავმეტობის სულ მცირე ნასახიც კი არ მოიძევებოდა.
ამიტომაც ვერ შეძლო "ძლიერთა ამა ქვეყნისათა" ყურადღების მიქცევა, საკუთარი პოეტური მონაგარისთვის კუთვნილი ადგილის მიჩენა, ჯეროვანი მოვლა, მიხედვა და პატრონობა.

თუკი ვინმეზე ითქმის, რომ ამ ტიალ წუთისოფელში პოეზია იყო მისი სასო, შინა და თავშესაფარი, ითქმის გაბრიელ  ჯაბუშანურზეც. მას,გარდა ლექსისა, მახვილივით ფხიანი მხატვრული სიტყვისა და პოეტური წარმოსახვისა, არაფერი ებადა. მთელი თავისი არსებით, სულით და სხეულით შთაგონების ტყვე-ტუსაღი იყო და, რომც ეცადა, რანაირად დაიხსნიდა თავს ამ ტკბილი სატანჯველისა თუ ხელშეუქცევარი ბედისწერის უპირობო მეუფებისაგან.
ლექსი იყო მისი მწუხარე, ნამეწყრალი სულის მალამო. ლექსით იყუჩებდა გულში გაჩენილ "ურჩო" იარებს. ლექსში ხატავდა და სრულყოფდა თავის განუმეორებელ პიროვნულ პორტრეტს.

***
გაბრიელ ჯაბუშანურის უდახვეწილეს პოეზიაში უწყვეტად რეკენ ამაღლებული სიყვარულის მწკეპრი ზარები.
ცალფა სიყვარულის მოტივია მისი პოეტური ნატურის ძირითადი ნიშანი.
ამ მარად ძველსა და მაინც უბერებელ თემას ელეწებოდა მისი, როგორც მელექსის, უჟანგავი ფარ-ხმალი.

გაბრიელ ჯაბუშანურის ბიოგრაფიაში უცნაურად გადაექსოვა ერთურთს მთის ადათით დაუშვებელი სიყვარულის ტრაგიკული ხასიათი და სატრფიალო ლტოლვის წამლეკავი ძალა.
მზექალის მიმართ პოეტის დისტანციურ დამოკიდებულებაში თვალნათლივ ჩანს, რაოდენ ბედითია სიყვარული, რომლის უფლება არ გაქვს. რომელსაც, თუნდაც ორმხრივობის შემთხვევაში, ურთიერთშეყრით დაგვირგვინება არ უწერია.
ადვილი წარმოსადგენია, რანაირი უიმედობის მოძალებას ებრძოდა პოეტი, როცა 1961 წლის 9 იანვრით დათარიღებულ დღიურში ამას წერდა : "დღეს, შუაღამის შემდეგ, მითხრეს მზექალის სიკვდილი. ყველაფერი გათავდა ჩემთვის. ჩემი და ჩემი პოეზიის დიდი მზე მოუბრუნებლად ჩაესვენა."
ხოლო მანამდე:
"დღეს უნდა ვნახო მზექალი,
ჩემი მზისფერი ქალი.."

***
ლექსის "მათქვამთა" შორის წლობით ყოფნამ და ზეპირსიტყვიერების სახიზართან უშუალო ურთიერთობამ საგრძნობი სილბო და სისადავე შესძინა გ.ჯაბუშანურის პოეზიას, თუმცა პოეტური ფოლკლორისა და ეთნოელფერის დამთრგუნველი გავლენის კვალი არასდროს დასტყობია მის ხმასა და ინტონაციას - მუდამ ინარჩუნებდა დამოუკიდებლობის, ინდივიდუალობის, სუვერენული თვითმყოფადობის ესოდენ სასურველ სიმაღლეს.

***
გაბრიელ ჯაბუშანური გახლდათ ტოლერანტული ბუნების შემოქმედი, ვინც ითავისა დეპორტირებული ქისტების ზარავანდივით მწარე ხვედრი. ვინც თავისი შემოქმედებითი ცხოვრების ყველაზე ნაყოფიერი წლები ღილღოში გალია, მაჰმადის რჯულის აღმსარებელთა "მღვრიე ცის ქვეშ" იმსხემა, იმარტვილა და სანიმუშო სიცხადით წარმოსახა ჩრდილოკავკასიელ მთიელთა ხასიათი, ზნე-ჩვეულებები, ყოფითი დეტალები და, რაც მთავარია, მათი უტეხი, დაუმარცხებელი, თავისუფლებისათვის მბორგავი სულის ფარული ფენები და ხვეულები.

***
დაიბადა არხოტში, 1914 წლის 11სექტემბერს.
გარდაიცვალა თბილისში, 1968 წლის 23 დეკემბერს.
ნიშანდობლივია: ვაჟა-ფშაველას ასაკში განეშორა სააქაოს.
"მიყვარს გაბრიელ ჯაბუშანური, როგორც კაცი და როგორც პოეტი" - ეს სიტყვები კონსტანტინე გამსახურდიას ეკუთვნის.
როგორც ძველი მწიგნობრები იტყოდნენ, "დღეს დაუღამდა".
და გრძელდება სიცოცხლე ორიგინალურ პოეზიაში, თარგმანებში, დღიურებში, ჩანაწერებში, მოგონებათა ფურცლებში, პირად წერილებში.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

"ჩემი თავის ქალი ვარ, ვაფასებ სიცოცხლეს; ვცეკვავ, გურმანი ვარ; გადასარევი მეხსიერება მაქვს" - 90 წლის ლამარა ვაშაკიძე ასაკის საიდუმლოებაზე

"რაც ჩემთვის ჩემმა ცოლმა გააკეთა, ვერც ერთი ქალი ვერ გააკეთებდა. გამათავისუფლა ყველაფრისგან, რაც ოჯახს სჭირდება" - ტარიელ ხარხელაური ცისფერთვალებიან მუზაზე

"დიდხანს გეძებდი... 33 წლის შემდეგ გაგიცანი და უკვე დაგკარგე. ხომ იცი, "ყველაზე მაგარი" გოგოს "შუმახერი" ხარ!" - ამ ლეგენდარული ფოტოს გმირების სევდიანი დასასრული