1728591125
Exclusive: "მამას დიაგნოზი რომ გავიგეთ, ორი კვირა ვფიქრობდით, რა ფორმით გვეთქვა მისთვის" - ამირან არაბულს თურქეთში რვა საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა
ფოლკლორისტსა და მწერალს - ამირან არაბულს ფერისცვალების დღეს, თურქეთში, რვა საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა; დიაგნოზი იყო მძიმე - კუჭის სიმსივნე. ოპერაციას წინ ექვს თვიანი მკურნალობა უძღოდა...
როგორც ფოლკლორისტის ქალიშვილი, ანანო არაბული "პრაიმტაიმთან" ამბობს, მამამ ეს პერიოდი ხევსურულად, უჩუმრად და ვაჟკაცურად გადაიტანა.
მძიმე დიაგნოზსაც უტყვად დაუხვდა...
ანანო არაბული: როდესაც მამას დიაგნოზი გავიგეთ, ორი კვირა ვფიქრობდით, როგორ და რა ფორმით გვეთქვა ეს მისთვის. მერე ეთერომ უთხრა. ჩვენ, შვილები, ყველანი იქ ვიყავით, თქმას ვაპირებდით, მაგრამ მაინც დედამ უთხრა და... ერთ წერტილს უყურებდა, ხმა არ ამოუღია საერთოდ, არ შეიმჩნია.
ემოციურია, მაგრამ არ გამოხატავს, სიტყვაძუნწია...
საკმაოდ რთული ოპერაცია ჩაუტარდა, რვა საათიანი; თანამედროვე მეთოდით ჩატარდა, რობოტული გასტროსკოპია ჰქვია; ქირურგი მართავდა, მაგრამ რობოტით ჩაუტარდა და ამიტომ ხანგრძლივი დრო დასჭირდა. თავიდან გვითხრეს, რომ ოპერაცია ოთხ საათს გაგრძელდებოდა, შემდეგ კიდევ ოთხი საათი დაემატა; მოკლედ, ვინერვიულეთ, მაგრამ საბედნიეროდ, კარგად დასრულდა, ყველაფერი გავასუფთავეთო, გვითხრეს. დაახლოებით ოთხ საათში ფეხზე დააყენეს და გაატარეს; სხვანაირი მიდგომები აქვთ. ორი დღეა უკვე დაბლენდერებულ საკვებსაც იღებს; ასე მოუწევს რაღაც პერიოდი და კონტროლზე იქნება...
თურქეთის "აჩიბადემის" კლინიკაში ქართველები ხვდებიან ქართველ პაციენტებს და სულ თავს გადაჰყვნენ მამას, სრული კომფორტი შეუქმნეს;
კლინიკიდან ხვალ გაწერენ და რამდენიმე დღეს სტამბულში დაჰყოფს, შეამოწმებენ და გამოუშვებენ.
ისედაც უსიტყვო ადამიანია, ხომ ვთქვი და მთელ ამ პერიოდში, მით უფრო, სიტყვაძუნწობდა. ახლა რომ ხვდება, ყველაფერი კარგად წავიდა და არავინ არაფერს უმალავს, დამშვიდდა...
ამდენად, ძალიან ხევსურულად გადაიტანა, მძიმედ, უსიტყვოდ იბრძოლა და დაამარცხა დაავადება...
დედაც დამშვიდდა;
ყველას ძალიან დიდი მადლობა განვლილი რთული თვეების მანძილზე გამოხატული ყურადღებისა და თანადგომისთვის;
ასევე დაგაინტერესებთ: