დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის არტისტი, 90 წლის ლამარა ვაშაკიძე დღემდე სცენაზეა, მეხსიერებით ამაყობს, სილამაზის ფორმულას გვიმხელს და "პრაიმტაიმთან" ცოტასაც წუწუნებს, გასუქებული ვარ და სწრაფად უნდა დავიკლო, ვიდეოში ჩემი თავი არ მომეწონაო.
ლამარა ვაშაკიძე: - 90 წლის ვარ. თავის მოვლა ჩემთვის ჩვეულებრივი რამ იყო. აუცილებლად ფორმაში უნდა ვყოფილიყავი.
ვაფასებ სიცოცხლეს. ჩემს თავს პატივს ვცემ. ყოველთვის თავის დროზე ვისვენებდი, ვიკვებებოდი. რძის პროდუქტი, კარაქი, მაწონი, რძე. მიყვარს ხორცი. მიყვარს ჩაი. საუზმე მსუბუქად უნდა მივირთვა, ჩაი და ხაჭაპური. სადილი - უფრო ნოყიერად და გემრიელად. ვახშამი შვიდ საათამდე. შვიდის შემდეგ არ ვჭამ. თუ მაინცდამაინც მაწონი. ისე გურმანი ვარ. მიყვარს ჭამა. ცოტა და ხშირ-ხშირად ვიკვებები. ოთხშაბათს და პარასკევს ვმარხულობ. ახლა გასუქებული ვარ, ამ ვიდეოში ვნახე, არ მომეწონა და უნდა დავიკლო. ნივთიერებათა ცვლა ნორმალური მაქვს. არც ერთი ორგანო არ მაქვს დაზიანებული. თავიდანვე სწორად მკვებავდა დედა - თევზის ქონი, რძეში კარაქი, სოფლის რძე...
ცეკვა ძალიან მიყვარდა და მიყვარს. ბავშვობაში დავდიოდი ცეკვაზე. თეატრალურ ინსტიტუტში რაც ვისწავლეთ და სპექტაკლებში რაც მიცეკვია, ეგ იყო. ჩემით ვახერხებდი საცეკვაო ნომრების შესრულებას. ახლაც ვცეკვავ;
ჯანსაღი ცხოვრების წესი აუცილებელია. ფეხით ადრე დავდიოდი. ახლა მანქანით დავდივარ, თეატრში კი ვმოძრაობ ბევრს.
ბუნებით ოპტიმისტი ვარ. სილამაზეს ვაფასებ, გარშემო ყველა მიყვარს. მხოლოდ პოზიტიური ემოციებით ვიმუხტები.
ლადო მესხიშვილი სახელობის თეატრში 64 წელი გავატარე. 19 წლიდან სცენაზე ვარ, ასამდე როლი მაქვს შესრულებული. სულ დაკავებული ვიყავი. გიორგი სიხარულიძე, ბრწყინვალე რეჟისორი ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელი იყო 12 წელი. მან "ჰელადოსი" დადგა და იქ ბოშურ ცეკვას ვცეკვავდი.
გადასარევი მეხსიერება მაქვს. სრულყოფილად მახსოვს ყველა ისტორია. ვინმეს რამეში რომ უნდა დარწმუნდეს და იხსენებენ, ასე იყო თუ ისეო, იტყვიან, აბა, ლამარას დავურეკოთო და ჩემთან ამოწმებენ ისტორიის სისწორეს. ჯვარი მწერია, აბსოლუტური მეხსიერება მაქვს. მე მგონია, რომ ეს ასეც უნდა იყოს.
კითხვა მიყვარს, ტელევიზორის ყურებაც მიყვარს, სეირნობა, განმარტოება, ბუნებაში ყოფნა და ფიქრი... ბავშვობიდან მეოცნებე ვიყავი. ბუნებაში ვიჯექი და კინოზე და მსახიობობაზე ვოცნებობდი.
გითხრათ, ვინ იყვნენ ჩემი თანაკურსელები? თენგიზ არჩვაძე, ზინაიდა კვერენჩხილაძე, გივი ბერიკაშვილი, ჯემალ ღაღანიძე, ბორის წიფურია. ჩემი კურსის მეექვსე ვარსკვლავი მე ვარ (იცინის). ქუთაისში ჩემი თეატრის წინ გამიხსნეს ვარსკვლავი.
რაც შეეხება კინოს, მეუღლემ მითხრა: კინოზე აღარ იფიქროო. არაჩვეულებრივი კაცი იყო, ბიზნესმენი. რახან თეატრში თამაშის უფლება მომცა, კინო დავთმე, არადა, ოცნებად მქონდა კინოში თამაში. თეატრალურში კინოსამსახიობოს ფაკულტეტზე ჩავაბარე. აზიური გარეგნობის გამო, სათამაშოდ უფრო მეტად, მიწვევდნენ სომხეთში, აზერბაიჯანში, ჩვენთანაც, მაგრამ ქმრისგან აკრძალული მქონდა.
მყავს ერთადერთი ვაჟი, ორი ექიმი შვილიშვილი.
ჩემი თავის ქალი ვარ, მაგრამ სხვების მიმართაც თბილი ვარ და გარშემო ყველას კარგად ყოფნას ვნატრობ.
ასევე დაგაინტერესებთ:
„მეშინოდა, მაგრამ ამირანმა გადამაწყვეტინა და..." - რა სთხოვა ამირან არაბულმა ცოლს თურქეთის კლინიკიდან