მძევლის გათავისუფლებას მივაღწიეთ ჩვენი სამხედრო ზეწოლისა და პრეზიდენტ ტრამპის მიერ დიპლომატიური ზეწოლის წყალობით - ბენიამინ ნეთანიაჰუ

 ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მადლობას უხდის აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ისრაელელ-ამერიკელი მძევლის დაბრუნების პროცესში გაწეული დიპლომატიური ძალისხმევისთვის და აცხადებს, რომ ისრაელის სამხედრო და ტრამპის პოლიტიკური ზეწოლა „გამარჯვების ფორმულაა“.

„ამას მივაღწიეთ ჩვენი სამხედრო ზეწოლისა და პრეზიდენტ ტრამპის მიერ გაწეული დიპლომატიური ზეწოლის წყალობით. ეს კომბინაცია არის გამარჯვების ფორმულა. დღეს ველაპარაკე პრეზიდენტ ტრამპს. მან მითხრა: „მე ვალდებული ვარ ისრაელის წინაშე. მე ვალდებული ვარ, განვაგრძო მუშაობა თქვენთან მჭიდრო კოორდინაციით“, რათა მივაღწიოთ ჩვენი ომის ყველა მიზანს: გავათავისუფლოთ ყველა მძევალი და დავამარცხოთ „ჰამასი“. ეს მიზნები ურთიერთდაკავშირებულია“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ცნობისთვის, „ჰამასმა“ განაცხადა, რომ ისრაელელ-ამერიკელი მძევალი ედან ალექსანდერი გაათავისუფლეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ალექსანდერი უკვე ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფება.