„თუ სამშობლო მაინც არ მომეფეროს, მე მოვკვდები – როგორც პოეტს შეჰფერის!“- 17 მარტი პოეტთა მეფის გალაკტიონ ტაბიძის გარდაცვალების დღეა

გალაკტიონ ტაბიძის გარდაცვალების დღე

„შეიძლება, ჩვენ ცოტანი ვართ; მაგრამ არც ისე ცოტანი, რომ სამაგიერო პასუხი ვერ გავსცეთ ჩვენს მტრებს… რომელნიც ჰფიქრობენ ქართული პოეზიის, და მაშასადამე ქართული კულტურის, ჯერ დამონებასა და შემდეგ სრულიად განადგურებას. უკანასკნელ სისხლის წვეთამდე ვიბრძოლებთ ჩვენ ქართული პოეზიისათვის“- (გალაკტიონის დღიურიდან).

„ის იყო ადამიანი, რომელსაც წლები ვერ ამარცხებს! მას არ სჭირდებოდა მწვერვალზე ასვლა, თავად გალა იყო მწვერვალი“ - დღეს გალაკტიონის ტრაგიკული გარდაცვალებიდან 63 წელი გავიდა.

„ვაკე, ილია ჭავჭავაძის გამზირი, ნომერი ხუთი - აქ, ელიტური სამკურნალო კომბინატის ეზოში, პირველი კორპუსის მეორე სართულზე ასასვლელი კიბისა და ძირითადი კედლის კუთხეში, 1959 წლის 17 მარტს, 17 საათსა და 45 წუთზე, დაეცა გალაკტიონ ტაბიძე, რომელიც იქვე გარდაიცვალა ისე, რომ წვეთი სისხლი არ დაუღვრია და მიწაზე არავითარი კვალი არ დაუტოვებია“...- ფრაგმენტი  გალაკტიონის ბიოგრაფიის მკვლევარი პოეტ ვახტანგ ჯავახაძის ჩანაწერების წიგნიდან. 

გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), გალაკტიონ ტაბიძე, 1891 წლის 17 ნოემბერს, ვანის რაიონის სოფელ ჭყვიშში დაიბადა.

გალაკტიონის ძმისშვილი (პროკლე, იგივე აბესალომ ტაბიძე), პროფესორი ნოდარ ტაბიძე, რომელიც ბიძის გარდაცვალებამდე (1959 წლამდე) ბოლო 12 წელი მასთან ერთად ცხოვრობდა, ყველაზე რეალურად და დოკუმენტურად აღწერს და იხსენებს თავის წიგნებსა და ინტერვიუებში გალაკტიონს, რომელსაც „კოსმოსურ არსებას“ უწოდებდა და მთელი ცხოვრება ეთაყვანებოდა.

გთავაზობთ ნოდარ ტაბიძის მოგონებას, რომელიც აცოცხლებს ყოველ წამს იმ დღისას. ეს იყო 17 მარტი. 1959 წელი იდგა....

ნოდარ ტაბიძე:

„აი, გალაკტიონი ისევ ცუდად იყო... 17 მარტს მითხრა -  „არა მგონია, ადგილი ჰქონდეთ, მაგრამ კარგს იზამ თუ გამომყვები საავადმყოფოშიო.

მეც დავეთანხმე, ჩავაცვი პიჯაკი, მანქანა გავაჩერეთ და წავედით. რომ მივუახლოვდით საავადმყოფოს, გალაკტიონმა უთხრა მძღოლს: „გარეკე!“ და გავაგრძელეთ გზა, შემდეგ გადავიდა, დალია არაყი, მიაყოლა ჯონჯოლი, ჩაილაპარაკა: „არ გამოვცოცხლდი კაცი?!“,- ამის შემდეგ რუსთაველისაკენ გავემართეთ. გზაში მძღოლს ესაუბრება:

- შვილები გყავს?

- დიახ, ორი და მალე შვილიშვილსაც ველოდები.

- ჰოდა, უთხარი შენს შვილებს, რომ გალაკტიონი ნახე. იცი, როგორ ვუყვარვარ ახალგაზრდობას?

ყელმოღერებული ლაპარაკობდა...

წავიდეთ, იქნებ იყოს ადგილი, - ვუთხარი მე და საავადმყოფოსკენ გავემართეთ. მივედით. ნაცნობი ექიმები გადაეხვივნენ გალაკტიონს და უთხრეს: “დღეს ადგილი არ გვაქვს“.

ისევ ვკითხე: როგორ ბრძანდებით? მან კი მიპასუხა: არა მიშავს რა, - თან ხელებს იფშვნეტდა. უკვე ისეთ დღეში იყო, რომ წინააღმდეგობის გაწევის თავიც კი აღარ ჰქონდა.

შეგვხვდა ნაცნობი ექიმი და უთხრა გალაკტიონს: მალე მოვა შენი ძმაკაცი კალე (მთავარი ექიმი) და აუცილებლად აღმოგიჩენს ადგილს. ვდგავართ ბატონი კალეს კაბინეტის წინ. აი, მოვიდა მთავარი ექიმიც:

-რა დაგემართა გალაკტიონ?

- ვკვდები... გრიპი... გაციება... სურდო (რაღა თქმა უნდა, ყველაფერი არ დაასახელა)...

- გიშველი რამეს, ახლავე ავალ და გიშოვი ადგილს.

მართლაც აღმოჩნდა ადგილი. შევიყვანე გალაკტიონი ოთახში, ჩავაცვი საავადმყოფოს ტანსაცმელი, გამოვედით ვესტიბიულში და ვხედავთ, მწერალთა დელეგაცია მოდის, შალვა დადიანის ნეშტი უნდა გადაასვენონ მთაწმინდაზე.

ერთადერთი, ვინც დელეგაციას გამოეყო, იყო ირაკლი აბაშიძე, ანუგეშა გალაკტიონი და წავიდა. სხვა არც ერთ მწერალს გალაკტიონისკენ არ მოუხედავს.

გალაკტიონმა გამომშვიდობებისას მომცა დავალებები და წამოვედი. მოვედი სახლში და ორ საათში გაისმა ავბედითი წკრიალი ტელეფონისა: „გალაკტიონი აღარ არის“

დღეს 17 სექტემბერია, ბატონი ნოდარ ტაბიძის გარდაცვალების დღე . მძიმე დღეა ჩვენთვის, მისი სტუდენტებისთვის, მეგობრებისთვის“....

 

გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება რამდენიმე ათეული წელია გადაულახავ მწვერვალად დგას თანამედროვე ქართულ პოეზიაში. მისი ავტორიტეტი დღესაც ბატონობს და გადაუჭრელ ამოცანად რჩება ქართული ლექსის თვისობრივად ახალ, მის ლექსთან შედარებით უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა. მისი ლექსები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე.

გალაკტიონ ვასილის ძე ტაბიძე - XX საუკუნის, ქართული პოეზიის, ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი იყო.

გალაკტიონი დაიბადა, კულტურული ტრადიციების მქონე, სოფლის მასწავლებლის ოჯახში. 1900 წლიდან, სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1908 წლიდან - თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1910 - 1911 წლებში, მუშაობდა მასწავლებლად.

გალაკტიონ ტაბიძე, არის ჟურნალ მნათობის ერთ-ერთი დამაარსებელი (1924). მისი შემოქმედება XX საუკუნის 10-იანი წლებიდან იწყება.

1914 წელს გამოქვეყნებულმა კრებულმა ლექსები და განსაკუთრებით, 1919 წელს გამოცემულმა არტისტულმა ყვავილებმა მას საყოველთაო აღიარება, გენიალური გალაკტიონისა და პოეტების მეფის სახელი მოუტანა.

გალაკტიონის შემოქმედება შეიძლება 4 პერიოდად დავყოთ - I) მოსამზადებელი პერიოდი, როცა იგი, შეიძლება ითქვას, აკაკის მოსწავლეა. 2) 1915 – 1926 წლები, როცა მასში გენიამ გაიღვიძა. ამ პერიოდში მხოლოდ შედევრებს ქმნიდა.

3) 1928 – 1936 წლები – დაშინებული გალაკტიონი. ამ პერიოდში, ძირითადად, იდეურ ლექსებს წერდა. 4) ბოლო ეტაპი, როცა დაიბრუნა თავისი ხიბლი და მართლაც სრულყოფილ ლექსებს წერდა.

მაგრამ 1915-26 წლები მაინც სულ სხვა იყო. სწორედ ეს გახლავთ გალაკტიონის შემოქმედების ყველაზე ნაყოფიერი წლები.

50 წლის იუბილე ჩატარდა – საკმაოდ მკრთალი, ოპერისა და ბალეტის თეატრის ნახევრად სავსე დარბაზში. გალაკტიონი მაინც ძალიან კმაყოფილი იყო, თუმცა წიგნმა ვერ მოუსწრო.

შემდეგ გალაკტიონი ხშირად ავადმყოფობდა და 1959 წლის თებერვალში უკანასკნელად იყო მოსული რედაქციაში. მალე გალაკტიონმა თავი მოიკლა. წიგნი გაზაფხულზე გამოვიდა, მაგრამ გალაკტიონი ამას ვეღარ მოესწრო.

უბრალოდ ჩაცმული - ყველასგან გამოირჩეოდა, შიგნიდან ანათებდა და ამდიდრებდა გარემოს, და არა მარტო ფიზიკურად იდგა მთელი თავით მაღლა. ერთი შეხედვითაც შეატყობდით, სხვა კაცი იყო...“ - ვახტანგ ჯავახაძე.

“თუ სამშობლო მაინც არ მომეფეროს, მე მოვკვდები – როგორც პოეტს შეჰფერის!” – გალაკტიონი.