Exclusive: „ჯარში რომ მიჰყავდათ, სამტრედიის სადგურზე შევხვდი...მას მერე არ მინახავს!“- „მამლუქის“მთავარი გმირის, ხვიჩას აქამდე უცნობი ისტორიები

მსაჯი

ქართული მხატვრული ფილმის, ისტორიული დრამა „მამლუქის“ (დ. რონდელი, 1958 წ.) ერთ-ერთი მთავარი გმირი ხვიჩა (დავით დანელია), მეოთხე კლასის მოსწავლე გახლდათ, როცა  ფილმში,  პატარა ხვიჩას როლი შეასრულა.

სხვადასხვა ასაკში, ეკრანზე 20-ზე მეტი სახე შექმნა - მათ შორის: დათო ჯაფარიძე (განაჩენი, ლ. ხოტივარი, 1959), ტარიელ დადიანი (დღე უკანასკნელი, დღე პირველი, ს. დოლიძე, 1959), დათო (პაპა გიგია, ზ. გუდავაძე, 1960), პატარა დათიკო (გლახის ნაამბობი, ლ. ესაკია, 1961), ოთარი („ჩარი რამა“ ნ. სანიშვილი 1972 წ.)

თამაზი (თოჯინები იცინიან, ნ. სანიშვილი, 1963), მეომარი (ხევისბერი გოჩა, ნ. სანიშვილი, 1964), სტუმარი რაინდი (აბესალომ და ეთერი, ლ. ესაკია, 1966), ოტია (ტარიელ გოლუა, ლ. ხოტივარი, 1968), მერაბი (ჯვარცმული კუნძული, შ. მანაგაძე, 1968), შავხალათიანი (წყალდიდობა, თ. გოშაძე, 1970), გურჯაანელის ძმა (დაისი, ნ. სანიშვილი, 1971) და სხვ. 

ქართველი ისტორიკოსი და მსახიობი, ამავე დროს ხელბურთის მსაჯია. 1984 წლიდან დღემდე არის საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი.  

მისი პირადი ცხოვრების შესახებ, სრული ინფორმაცია, აქამდე ნაკლებად იყო ცნობილი, მაგრამ რამდენიმე დღის წინ, „პრაიმტაიმთან“ მიცემულ ინტერვიუში, დავითის შემოქმედებიდან უამრავი სიახლე გახდა ცნობილი: 

21 იანვარს 74 წლის გავხდი, სამწუხაროდ პანდემიის გამო, ვერ აღვნიშნე დაბადების დღე, მეც შემხვდა ვირუსი, მაგრამ ვაქცინის დამსახურებით, საკმაოდ იოლ ფორმაში გადავიტანე.

დღემდე მსაჯი ვარ და ჩემ ბავშვებთან ერთად, ხშირად მიწევს მოგზაურობა თვითმფრინავით, ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. კვირაში ერთხელ, შეჯიბრზე წასვლა მიწევს.

ხშირად ვვარჯიშობ, ფეხბურთს და ჩოგბურთს ვთამაშობ. 1987 წლიდან მე და ჩემი ოჯახი, ქ. მოსკოვში ვცხოვრობთ. მყავს ესპანელი მეუღლე - მილაგროს ლისარალდე-ალკორტა-ბელდარანი.

ორი შვილი გვყავს -  ქალიშვილი ეუხენია და ვაჟი დავით დანელია-ლისარალდე - მოსკოვის ჰავა არ უხდება, ალერგიულია და დასთან, ქ. სოჭში ცხოვრობს. პროფესიით მოდელია, ამჟამად 35 წლის არის, დასაოჯახებელია.

ძალიან მინდოდა საქართველოში ჩამოსვლა, მაგრამ პანდემიის გამო, ვერ შევძელი. ბ-ნ ვაჟასთან (გოჩა - ფილმიდან „მამლუქი“ - 1958 წ.) შეხვედრას დამპირდით, მართლაც საინტერესო იქნება, დაახლოებით 55 წლის შემდეგ, მე და ვაჟას (ჯოჯუა) - „ხვიჩა და გოჩას“ შეხვედრა.

- ბოლოს როდის შედგა „ხვიჩა და გოჩას“ შეხვედრა? 

ბოლოს, ჯარში რომ მიჰყავდათ, სამტრედიის სადგურზე შევხვდი. მაშინ ალბათ 18-19 წლის ვიქნებოდით - ერთმანეთს გადავეხვიეთ, მას მერე არ მინახავს. თქვენი ინფორმაციით ვიცი, რომ სენაკში ცხოვრობს.

ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ვაჟასთან შეხვედრის, საქართველოში რომ ჩამოვალ აუცილებლად ვნახავ. 

- მოგვიყევით, როგორ მოხვდით ფილმში „მამლუქი“...

ნათლიაჩემი, ქ-ნი ნუნუ ფაღავა, კინოსტუდიაში მუშაობდა. პატარა ვიყავი, დაახლოებით 7 წლის, როცა პირველად წამიყვანა გადაღებაზე.

1955 წელი იყო, „ბაში-აჩუკის“ გადაღებებზე მოვხვდი. ფილმის ფინალში, როცა ბაში-აჩუკი ცხენზე ამხედრებული მიქრის და ბავშვები ეძახიან - ბაში-აჩუკი მოდის, მეც ბავშვებთან ერთად ვყვირი, მაგრამ კადრში ვერ მოვხვდი, სავარაუდოდ, არ მოვეწონე რეჟისორს (იცინის).

ამის შემდეგ, ორი წელი გავიდა. ქორეოგრაფ ბ-ნ რომან ჭოხონელიძის ხელმძღვანელობით, 1957 წელს ჩვენი ანსამბლი „მოსწავლეთა(პიონერთა) სასახლეში“ ქართული ხელოვნების დეკადისთვის ემზადებოდა, რომელიც მოსკოვში უნდა გამართულიყო. მოსამზადებელი პერიოდი მახინჯაურში გავიარეთ. 

თითქმის, ერთი თვე გავატერთ და მახსოვს, კინოსტუდიიდან ჯგუფი ჩამოვიდა ბავშვების ასარჩევად. ფოტოები გადაგვიღეს და ჩვენი მისამართები ჩაიწერეს. 500 ბავშვიდან, მე ამირჩიეს.

კინოსტუდიაში სინჯებზე დამიბარეს, მოვეწონე და ფილმზეც დამამტკიცეს. სახლში ტელეფონი არ გვქონდა, რომელიც ძალიან მჭირდებოდა. გადაღებები რომ დაიწყო, დაგვიდგეს - ეს იმ დროს, დიდი ფუფუნება იყო.

ხელფასიც კი დამინიშნეს 100 მანეთი, დედას კი- 50, ჩემი მოვლისთვის. შეძლებული ოჯახი გვქონდა, მამა - იუსტინე დანელია იმ დროს, თევზჭერის ქარხნის დირექტორი იყო. წარმოშობით სამტრედიის რაიონ სოფელ ღანირიდან იყო, რომელიც ძალიან უყვარდა.

ბ-ნი ეროსი მანჯგალაძეც ამ სოფლიდან იყო, მამასთან მეგობრობდა, რომ დამინახავდა ქუჩაში დამიძახებდა-ხოლმე - ღანირი (იცინის). ჩემი ძმა, ბადრი დღემდე არ ტოვებს სოფელს. სოლოლაკში კიროვის ქუჩაზე ვცხოვრობდით.

39-ე საშუალო სკოლა დავამთავრე, საკმაოდ ცნობილი სკოლა იყო - ჯუმბერ ბერაძე, ძმები თამაზ და ბუხო ყურაშვილები, ერთად ვსწავლობდით.

- ცეკვავდით კიდეც?

6 წლიდან „ახალგარზდობის (პიონერთა) სასახლეში“ ვცეკვავდი, ქორეოგრაფ რომან ჭოხონელიძესთან, უამრავი ცნობილი მოცეკვავე, მისი გაზრდილი იყო. სკოლა რომ დავამთავრე, ერთი წელი „სუხიშვილების“ ანსამბლის სტაჟიორიც კი ვიყავი.

ხელბურთს ვთამაშობდი, მაგრამ ამავე დროს ვცეკვავდი. ძალიან ბევრ გასტროლზე ვარ ნამყოფი. 20 წლამდე პროფესიონალი მოცეკვავე ვიყავი, მაგრამ სპორტი ავირჩიე, ხელბურთელი გავხდი.

თსუ დავამთავრე - ისტორიული ფაკულტეტი, არქეოლოგიის განხრით, მაგრამ ძირითადად სპორტით ვიყავი დაკავებული და ამიტომ რამდენიმე წლის შემდეგ, ფიზკულტურის ინსტიტუტში ჩავაბარე.

მსაჯის პროფესია ავირჩიე, ჩემი პირველი მწვრთნელი, საკავშირო კატეგორიის მსაჯი, ჯუნა აბშილავა იყო. მე და ბ-ნი გურამ ძაგანიამ (სპორტის აკადემიის რექტორი), 9 წელი ერთად ვმუშაობდით.

- ბევრ ცნობილ ფილმში მონაწილეობდით, თითქმის ყველა ბუმბერაზ მსახიობთან გქონდათ შეხება, უხერხული იქნება გკითხოთ, რომელს გამოარჩევდით...

მართალი ბრძანდებით, რომელი ერთი გავიხსენო -  აკაკი ხორავა, სერგო და ბუხუტი ზაქარიაძე, ალექსანდრე ომიაძე, გიორგი შავგულიძე, დუდუხან წეროძე, ვერიკო ანჯაფარიძე, ოთარ კობერიძე, ლია ელიავა,

ემანუელ აფხაიძე, თენგიზ არჩვაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ტარიელ მაღალაშვილი, ნუგზარ შარია, მედეა ჩახავა, ზურაბ ქაფიანიძე, კოტე დაუშვილი, ქართლოს მარადიშვილი, გია ფერაძე და სხვები.

სხვათა შორის ფილმი „ტარიელ გოლუა“, სადაც ოთართან ერთად ვთამაშობ, არ მაქვს ნანახი. ასევე, ფილმი - „წყალდიდობა“, სადაც შავ ჩოხიანის როლს ვასრულებ და - „პაპა გიგია“.

მითხრეს, რომ ფირები კინოსტუდიაში გაჩენილი ხანძრის დროს დაიწვა. მოსკოვის არქივშიც მოვიძიე, მაგრამ ვერ იპოვეს. მახსოვს, რომ ერთ-ერთ მსახიობს, რომელიც ამ ფილმებში მონაწილეობდა, რესტორანში ჩხუბის დროს, ადამიანი შემოაკვდა და ეს ფილმები გააქრეს, ისევე, როგორც ნუგზარ შარიას შემთხვევაში.

- ბ-ნ ნუგზართან მეგობრობთ?

მე და ნუგზარი, ახლო მეგობრები ვართ. მისი სცენარის - „ქეთევან წამებულის“ და „წმინდა ნინოს“ თაობაზე, 2007 წელს მოსკოვში შეხვედრა მქონდა საქართველოს პატრიარქთან, რომელიც ჩემმა მეგობარმა გივი შუგაროვმა მოაწყო (იმ დროს საქართველოს საელჩოში მუშაობდა), არავინ გამოთქვა სურვილი.

ბ-ნ მამუკა ხაზარაძეს ვთხოვეთ დაფინანსება, მაგრამ სამწუხაროდ, პასუხი არ მიგვიღია. ასე უყურადღებოდ დარჩა ნუგზარის სცენარი.

- რომელ ფილმში მონაწილეობთ ერთად?

ფილმში - „აბესალომ და ეთერი“, სადაც მე, სტუმარი რაინდის როლი მაქვს, ნუგზარს - მურმანის.

- ყველაზე მეტად, რომელ როლს გამოარჩევდით?

რა თქმა უნდა, ხვიჩას როლი ფილმიდან „მამლუქი“, რომელმაც დიდი წარმატება მოიპოვა.

ასევე ფილმში „აბესალომ და ეთერი“, აბესალომის როლისთვის დიდხანს მამზადებდნენ, არიაც კი მასწავლეს, მაგრამ რატომღაც არ დამამტკიცეს - 17 წლის ვიყავი. საბოლოოდ, „სტუმარი რაინდის“ როლზე დამამტკიცეს, იქაც ვმღერი.

- მნიშვნელოვანი ისტორიები, რაც გადაღებიდან დაგამახსოვრდათ?

რატომღაც ცუდი უფრო გამახსოვრდება, გადაღებებზე ბევრი მონაწილე დაიღუპა, რაც არ მავიწყდება. ერთ-ერთი ფილმის გადაღებები, ფოთში, ზღვის სანაპიროზე, იპოდრომზე მიმდინარეობდა.

ხშირად, შესვენების დროს, ვცურავდით. იმ დღეს დიდი ტალღები იყო. მე და ჩემმა ძმამ საბანაოდ ზღვაში შევცურეთ, მე კარგად ავითვისე, რადგან მასწავლიდნენ როგორც ცურვას, ასევე ფარიკაობას, ცხენოსნობას, ჭიდაობას.

20 წლის ბიჭი, რომელიც განათებაზე მუშაობდა, იხრჩობოდა, მაშველები მის გადასარჩენად შევარდნენ ზღვაში, ხელიც კი მოჰკიდეს, თითქმის გამოყვანილი ჰყავდათ ნაპირზე, მაგრამ ტალღამ მოიტაცა და უკან ჩაითრია.

სამწუხაროდ, დაიხრჩო, ვერ გადაარჩინეს.

რეჟისორ გ. შენგელაიას ფილმის - „მაცი ხვიტია“(1965 წ.) გადაღებაზე ვიყავით, ღამის გადაღებები მიმდინარეობდა. ცხენზე ჯირითის კადრებს იღებდნენ, სადაც სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ.

ერთ-ერთ ეპიზოდში, ცხენით, მდინარის მეორე მხარეს უნდა გადაგვეცურა, ორი კადრი გადაიღეს და მესამეს დროს, ფეხი უზანგში ვერ გავუყარე და ჩამოვვარდი ცხენიდან, დამბაჩაც დავკარგე.

გამიმართლა, რომ გადმოხტომა მოვასწარი. დამბაჩის გამო, 500 მანეთი ჯარიმა უნდა გადაიხადოო, გიორგი შენგელაიამ გადამარჩინა.

ესტონეთში ფილმ „ჯვარცმული კუნძულის“ გადაღებები მიმდინარეობდა. ესტონელები იღებდნენ ფილმს, სადაც მეც ვთამაშობდი, სადაც ქართველი ჯარისკაცი, ესტონელ ჯარისკაცს აპატიმრებს.

სამი დღე ვიყავი გადაღებებზე, სადაც ხელფასის სახით 60 მანეთი გადამიხადეს (იცინის).  გადაღებების დასრულების შემდეგ, იქაურები დავპატიჟე კაფეში და კარგად ვიქეიფეთ. მე და ცხონებული გია ფერაძე ვიყავით ერთად.

- მეგობრობდით გიასთან?

ჩემი ახლო მეგობარი იყო, ფეხბურთსაც ერთად ვთამაშობდით. ფილმშიც „პაპა გიგია“ ერთად ვთამაშობდით.

საოცარი იუმორი ჰქონდა, პრეზენტაციაზე, უამრავი მეგობარი დაპატიჟა, ისე დასრულდა, რომ გია კადრში ვერ დაინახეს. ეპიზოდურ როლში იყო (იცინის).

მეუღლესთან (ირინა მიქატაძე) ერთად იყო ჩამოსული ერთ-ერთ გადაღებაზე, რესტორანში დამპატიჟა და კარგად ვიქეიფეთ. მთელი საღამო სცენაზე „ჩიტო გვრიტოთი“ დაწყებული, ბუბა კიკაბიძის თითქმის ყველა რეპერტუარი შეასრულა.

ძალიან მხიარული ადამიანი იყო. რაც ის ტრაგიკული ამბავი დაემართა, მას მერე აღარ მინახავს, გიას ძმას შევხვდი რამდენჯერმე. სამწუხაროდ, არც მის შვილებს ვიცნობ. ბიჭი საოცრად ჰგავს.

1961 წელს საბჭოთა ფილმების დეკადა იყო კაიროში, სადაც ქართული ფილმი „მამლუქი“ იყო წარდგენილი, მოსკოვიდან მოვიდა ერთი ადგილი, რომელიც მე მერგო წილად, მაგრამ არ გამიშვეს და ძალიან გული დამწყდა.

- 1984 წლიდან მოსკოვში ცხოვრობთ, ძალიან კარგად მეტყველებთ ქართულად...

მიუხედავად იმისა, რომ მეუღლე ესპანელი მყავს და სახლში რუსულად ვსაუბრობთ, ბევრი ქართველი მეგობარი მყავს და ხშირად მიწევს მშობლიურ ენაზე საუბარი.

- მეუღლეზე მოგვიყევით...

მოსკოველი მეგობარი მყავდა, მის ოჯახში გავიცანით ერთმანეთი. პროფესიით კოსმეტოლოგია, 1982 წლიდან ვიცნობთ ერთმანეთს, პირველივე შეხვედრიდან მოგვეწონა ერთმანეთი და მას მერე ერთად ვართ.

მშობლები განქორწინებულები იყვნენ, ბასკები არიან, მამა - მოსკოვში ცხოვრობდა, სპეციალობით ექიმი იყო, დედა და ძმა ესპანეთში, დედა სპეციალობით მათემატიკოსია, ვაჟთან ერთად ესპანეთში ცხოვრობს. 1985 წელს ვიქორწინეთ.

1984 წლიდან საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ვარ, სანამ მოსკოვში გადავიდოდი, „კგბ“-ში დამიბარეს, ვიღაცას დაუწერია, თითქოს საზღვარგარეთ გაქცევას ვგეგმავდი, ჩემი მეუღლის გვარიც კი გადაკეთებული იყო.

სხვათა შორის, დიდი დრო არ დამჭირდა, მალე გაარკვიეს ჩემი ამბავი, ვუთხარი, რომ ჩემი მეუღლე პოლიტ ემიგრანტების შვილია, ცოლად მოვიყვანე, რა გაქცევა-მეთქი.

მკითხეს, ხომ არ იცი, ვინ დაწერაო, იმდენი შეყვარებული მყავდა, რომელმა დაწერა, რა ვიცი-მეთქი. კი ვიცოდი, მაგრამ ხომ არ ვიტყოდი (იცინის).  ახალგაზრდა როცა ხარ, თან უცოლო, რა გითხრათ, მქონდა ბავშვური გატაცებები!

- ლეგენდარულ მსახიობებთან ერთად გაიზარდეთ, ახალგაზრდა თაობას როგორ დაახასიათებდით?

ძალიან ცოტა ქართული ფილმი მაქვს ნანახი, აქედან გამომდინარე, კარგად არ ვიცნობ ახალგაზრდა მსახიობებს. ჩემი ძმისშვილი, ქეთევან დანელია, პროდიუსერია და მისგან ვიგებ ახალ ამბებს.

რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმმა - „მეოთხე ბრაიტონი“, ნიუ-იორკში „ტრიბეკას“ საერთაშორისო კინოფესტივალზე, სამი ჯილდო მიიღო – საუკეთესო ფილმი, საუკეთესო მსახიობი, საუკეთესო სცენარი.

ძალიან გამიხარდა ბ-ნ ლევან თედიაშვილის წარმატება, ნიჭიერი კაცია, ნამდვილად ეკუთვნოდა. როგორც ვიცი, ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი გვერდში დაუდგა და დღეს კარგად არის. მე და ლევანი, ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს.

 - ბევრი მეგობარი გყავთ საქართველოში?

ძალიან ბევრი, მაგრამ ყველაზე ახლო მეგობარი, ჩემი კლასელი გოდერძი ამაშუკელია, ასევე ბიჭი შავდია, გურამ ძაგანია, ხელბურთელი ძმები - ბერიაშვილები, მსახიობი მეგობრებიდან, ალეკო გაბეჩავა - მთავარი როლის შემსრულებელი(მაცი) რეჟისორ გ. შენგელაიას ფილმიდან „მაცი ხვიტია“(1966 წ.). ჩემი თაობის მსახიობებიდან, უამრავი გარდაიცვალა.

ძალიან მინდა ბ-ნი თენგიზ არჩვაძის ნახვა, ერთი სული მაქვს ჩამოვიდე და ვესტუმრო. ნუგზარ შარიას ვაჟთან, ზურასთან ვმეგობრობ, ჩოგბურთს ვთამაშობთ ერთად და აქედან გამომდინარე, ხშირად დავდივართ ბათუმში ტურნირებზე.

მე და ნუგზარი დღემდე ვმეგობრობთ. რეჟისორ ნ. სანიშვილის ფილმში „ხევისბერი გოჩა“(1964 წ.), გადაღების დროს გავიცანით ერთმანეთი, სადაც ნუგზარ შარია, ონისეს როლს ასრულებს, მე ეპიზოდურ როლში ვარ.

ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოში მძიმე მდგომარეობაა, ბევრს გაუჭირდა, განსაკუთრებით, პანდემიის გამო. უამრავი ქართველი შეიწირა კოვიდმა.

ძალიან ბევრი ადამიანია ემიგრაციაში - როგორც ვიცი, რუსეთში, დაახლოებით 150 მილიონია.

მთელი თბილისი, განსაკუთრებით სოლოლაკი, ირანელებით არის სავსე და მე საკუთარი ბინა აღარ მაქვს - რომ ჩამოვდივარ, სტუმრად ძმასთან, ზოგჯერ ჩემ მეგობარ, გოდერძი ამაშუკელთან ვრჩები.

- რა მიზეზით?

ჩემი ოჯახი, 2002 წელს თაღლითობის მსხვერპლი გახდა, დედაჩემს 2 ოთახიანი ბინა, მოტყუებით ჩაადებინეს იპოთეკაში. ამის შემდეგ, მშენებარე კორპუსში ჩადო თანხა, მაგრამ იმ ადგილას დღემდე არაფერი აშენებულა, რადგან მიწის მესაკუთრემ, არ გაყიდა კუთვნილი ფართი.

2008 წელს „ცენტრ პოინტმა“ აიღო თავის თავზე და კრწანისში, თვალის კლინიკასთან, ერთ-ერთ მშენებარე კორპუსში მოგვცა სამოთახიანი ბინა, რომელიც ბოლომდე შევისყიდე, მაგრამ დღემდე დაუსრულებელია მშენებლობა, ოფიციალურად, ვერ გავაფორმე.

ველოდები სიახლეებს, როგორც მითხრეს, სამშენებლო კომპანია „m 2“- მა აიღო თავის თავზე და დაასრულებს მშენებლობას.  გარაჟის თანხაც კი გადახდილი მაქვს - 7 ათასი დოლარი.

საქართველოში რომ ჩამოვალ, თუ მოვახერხე, ამ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის მერ ბ-ნ კახი კალაძეს მინდა შევხვდე.  

- 1984 წლიდან მოსკოვში ცხოვრობთ, გენატრებათ საქართველო?

ძალიან, საშინელი ნოსტალგია მაქვს! რაც პანდემია დაიწყო, ვეღარ ჩამოვედი, თორემ ყოველ წელს ვსტუმრობ საქართველოს.

მე და ჩემი მეუღლე, ხშირად ვმოგზაურობთ, ესპანეთში დავდივართ, იქიდან კი, იტალიაშიც გადავდივართ ხოლმე.

საქართველოში, მინიმუმ ერთ თვეს ვატარებთ, ხშირად ბათუმშიც დავდივარ ტურნირებზე - ჩოგბურთს ვთამაშობ. გარდა ამისა, აუცილებლად ჩავდივარ-ხოლმე, მშობლიურ ღანირში.