ეს ადამიანები წლების განმავლობაში ეწეოდნენ სახელმწიფო საბოტაჟს, პროპაგანდას იმისას, რომ საქართველოში დაწყებულიყო სამოქალაქო არეულობა, დაპირისპირება, საკმაოდ კარგად ფინანსდებოდნენ გარედან, მათ მოუწევთ ამისთვის პასუხისგება - გიორგი გაბუნია

გიორგი გაბუნია

როდის გადაიხდიან მილიონიან გირაოს მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე? სასამართლომ მათ 30-დღიანი ვადა განუსაზღვრა. წინასასამართლო სხდომის თარიღად 25 დეკემბერი დასახელდა. სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში ბრალდებული 8 ოპოზიციონერის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

"ქართულ ოცნებაში" ქვეყნის ღალატზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ბრალდებები მტკიცებულებებით არის გაჯერებული, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ოპონენტებისა და მათი დამფინანსებლების ერთადერთი მიზანი საქართველოში რევოლუციური პროცესების განვითარება იყო.

"ეს ადამიანები წლების განმავლობაში ეწეოდნენ სახელმწიფო საბოტაჟს, პროპაგანდას იმისას, რომ საქართველოში დაწყებულიყო სამოქალაქო არეულობა, დაპირისპირება, ამისთვის ისინი საკმაოდ კარგად ფინანსდებოდნენ გარედან და იყვნენ მხარდაჭერილი გარედან, გარე აქტორებისგან. შესაბამისად, მათ მოუწევთ ამისთვის პასუხისგება. კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, მათ შორის მტკიცებულებები, რომლებიც გაჟღერდა მთავარი პროკურატურის მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს არის გამოძიების საქმე და მე ვფიქრობ, რომ ამასთან დაკავშირებით უნდა დაველოდოთ შესაბამის უწყებებს, გამოძიებას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული სასამართლო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაადგენს ჭეშმარიტებას. ერთი რამ უნდა ითქვას ნათლად და გარკვევით, რომ სახელმწიფოში არავის ეპატიება ქვეყნის საბოტაჟი და ქვეყნის მტრობა“, - აცხადებს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია.

მრავალტომიან საქმის მასალებში დევს ლიდერების აუდიოჩანაწერები და აქციის მონაწილეების საუბარი რაციებში.