გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
დღეს მარინე თბილელი (დობროვსკაია) 102 წლის გახდებოდა. შეუძლებელია ამ მსახიობის მიერ შესრულებული როლების მეხსიერებიდან ამოშლა. დიდი, წყლიანი და სიცოცხლის სიყვარულით სავსე თვალების მქონე მსახიობი გარდა იმისა, რომ მისადმი კეთილ განწყობას გიჩენდა, რაღაცნაირად ცხოვრების ხალისს გადმოგდებდა.
კინოში ბევრი საინტერესო როლი შეასრულა თუმცა, როგორც მისი ქმარი, აკაკი დვალიშვილი ამბობდა: „კინოში მას თავისი როლი არ უთამაშია, კინორეჟისორები ძირითადად მის გარეგნობაზე აკეთებდნენ აქცენტს, არადა, შეიძლებოდა მისი მსახიობური ნიჭის უფრო კარგად გამოყენება. სულ ლამაზი ქალების როლების თამაში თავად უაზრობადაც კი მიაჩნდა და სახასიათო როლზე ოცნებობდა, რომელიც მოქალაქეობრივი იდეით იქნებოდა გაჟღენთილი. სამწუხაროდ, ამ ოცნების ასრულება არ დასცალდა“.
"პრაიმტაიმთან" დედას ბაია დვალიშვილი იხსენებს.
ბაია დვალიშვილი: არ უყვარდა თავისი დაბადების დღე. აღსანიშნავად არც არასდროს ეცალა - ან რეპეტიციაზე იყო, ან - გასტროლებზე. უფრო ხშირად 7 ნოემბერს აღნიშნავდა, რადგან დასვენების დღე იყო. ჩვენს ოჯახში სულ ხალხმრავლობა იყო, სუფრა გაშლილი და ხმაური...
მისგან რაც ყველაზე მეტად მახსოვს და ჩარჩენილი მაქვს, არის მის მიერ ჩემთვის ნათქვამი: თუ რაიმე კარგი ხდება, გააბევრე, იმაზე იფიქრე, იმით იყავი და ენერგია მისგან აიღე. სხვა დანარჩენ ცუდს, შეძლებისდაგვარად, ყურადღება არ მიაქციოო. ასე მოიქეცი,რომ დადებითად იყო და სხვასაც დადებითი ენერგია და კარგი ხასიათი გადასცეო. ცხოვრებისგან ყოველთვის კარგი აიღე, ყოველდღე შეიძლება კარგი დაინახო, რითიც შეძლებ გაიხალისო ცხოვრებაო.
82 წლის იყო, როდესაც გარდაიცვალა. მისი სიბერე არ დაემთხვა საქართველოში კარგ პერიოდს. იყო ბნელი და ცივი 90-იანები. ძალიან არასაინტერესო სიბერე ჰქონდა, არა მხოლოდ მას. ამბობდა კიდეც, როგორი არასაინტერესოა ცხოვრება, როგორ აღარ მაინტერესებსო. ოღონდ ამას ტრაგიკულად არ ამბობდა, ფაქტის კონსტატაცია იყო. რა ცხოვრებაც მანამდე ჰქონდა - ფერადი, მხიარული, ნათელი, ხმაურიანი და სტუმრიანი, 90-იანი წლებიდან 2002 წლამდე, გარდაცვალებამდე ასეთი განწყობით იყო. მის თაობას სიბერეში ასე არ გაუმართლა...
ძალიან გამიხარდა, რომ გაიხსენეთ დედა. მადლობა.