„ეს იყო ორი არაორდინარული ადამიანის შეხვედრა. არც ერთს ყურში არ ესმოდა კარგად... ერთმანეთს უყვიროდნენ, მე კიდევ - ორივეს“ - კახი კავსაძისა და ლევან თედიაშვილის ტანდემზე

kaxi

74 წლის ლევან თედიაშვილმა, რომლის ერთ-ერთმა ბოლო ფოტომ ახლახან სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, ბოლო როლი ლევან კოღუაშვილის ფილმში ითამაშა, რომელიც მან ამერიკაში გადაიღო. 

კოღუაშვილი სპორტის დამსახურებულ ოსტატს “ბებერ ლომს” ეძახის. რეჟისორი გვიყვება, როგორ ათამაშა ლევანი ფილმში - "მეოთხე ბრაიტონი", სადაც ბებერმა ლომმა მთავარი, ემიგრანტის მამის როლი შეასრულა, რომელიც შტატებში შვილის გადასარჩენად ჩადის.

რეჟისორი გვიყვება, რომ ლევანი ერთ-ერთ აქციაზე ნახა და ჩუმი, ორდღიანი დაკვირვების შემდეგ, სათამაშოდ დაიყოლია.

ლევან კოღუაშვილი: – ვიცოდი, რომ ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და თავს ვიკავებდი. მერე მითხრეს, რომ არ არის ცუდად, პოლიტიკურ მიტინგებზეც დადის ხოლმეო. ჰოდა, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიტინგზე მის სანახავად მივედი, რუსთაველზე. (მიტინგზე მხოლოდ იმიტომ დავდივარ, რომ მსახიობებს ვარჩევ.)

ორი დღე დავყვებოდი უკან და ვაკვირდებოდი, როგორ მოძრაობდა, როგორი იყო. მერე მივედი, დაველაპარაკე. მოხიბლა იმან, რომ მეც ლევანი მქვია... დამთანხმდა. უკვე მე უნდა გადამეწყვიტა... ყურში კარგად არ ესმის და რთულია ასეთ დროს მუშაობა. მაგრამ კადრში იმდენად შთამბეჭდავი და საინტერესო იყო, რომ ამ პრობლემის მიუხედავად, მისი გადაღება გადავწყვიტე.

ვუთხარი, ითამაშე ფილმში და ხშირად დაგპატიჟებ სუშიზე-მეთქი. გიჟდება სუშიზე. წამოვალ ამერიკაში, პრობლემა არ არის, მილიონჯერ ვარ ნამყოფიო... თუ ნიუ-იორკში ყოველ დღე მაჭმევ სუშის, მაშინ წამოვალო, მითხრა. დუბლების გადაღება არ უყვარს, ვერ იტანს და "ვკერავდი", ერთი-ორი დუბლიც, ლევან და საღამოს სუში იქნება-მეთქი. სუში გვეხმარებოდა. ასე მივიტყუე ფილმში (იცინის).

როგორც მომიყვა, "ხარება და გოგიაში" გადაღება არ უნდოდა და გიორგი შენგელაიამ ცეკა ჩართო, რომ მას ეთამაშა. ფაქტობრივად, ცეკამ უბრძანა თამაში. ფილმში გადაღება სულ არ ადარდებდა, არ ეცალა. კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო, რთველის სეზონზე დაკავებული გახლდათ.  მაგრამ აიძულეს.

ძალიან საინტერესო და არაორდინარული პიროვნებაა. ასეთ პიროვნებასთან ურთიერთობა, ერთის მხრივ საინტერესოა, მაგრამ სირთულეები აქვს. ბევრი რამ მომცა ადამიანურად. თითქოს ხუმრობს და ამ ხუმრობის მიღმა დიდი ტკივილი იმალება, რომელსაც იუმორით ფარავს. 

ძლიერი და ღირსეული ადამიანია. თავისი ტკივილის მიუხედავად, ღირსეულად იქცევა.

სპორტული დისციპლინა ფენომენალურად აქვს გამომუშავებული. ნიუ-იორკში გადაღების მეხუთე დღეს, ხელი მოიტეხა. ჩემი სასოწარკვეთილი სახე რომ დაინახა, მითხრა, შენ ნუ შეგეშინდება, ხვალ გადაღებაზე მოვალო. მოტეხილი ხელით გავაგრძელეთ მუშაობა. ძალიან დასაფასებელია, როცა მის ასაკში, ასეთ რამეს აკეთებს კაცი.

მიხარია, რომ ლევანი და კახი კავსაძე, ეს ორი ლეგენდარული პიროვნება, ერთად დაფიქსირდნენ ჩემს ფილმში. მათ აქვთ გადაკვეთის სცენები... სულ ხუმრობდნენ. ეს იყო ორი არაორდინალური ადამიანის შეხვედრა. არც ერთს ყურში არ ესმოდა კარგად... ერთმანეთს უყვიროდნენ, ამ დროს, მე ვუყვიროდი ორივეს, ჭკუაზე არ ვიყავით... აი, ასე გადავიღეთ.

განათლებული ადამიანია. ძალიან კარგად იცის ფსიქოლოგია. მიყვებოდა, რომ შეჯიბრებებს იგებდა, როდესაც უზნაძის განწყობის თეორიის მიხედვით ხელმძღვანელობდა. ცნობილია ფაქტი, რომ ლევანს ოლიმპიური ფინალის ღამეს ეძინა, როცა ნერვიულობისგან, სპორტსმენები თეთრად ათენებენ ხოლმე.

მისმა მეუღლემ, ქალბატონმა ნანამ მომიყვა, ძალიან კარგად იცის ანატომიაო. სწავლობდა კუნთები როგორ მუშაობს. ერთი შეხედვით, მარტივი პიროვნება გეგონება, ამ დროს - არა. რომ გაიცნობთ, ხვდებით, რომ ასეთი ფენომენალური გამარჯვებები, მხოლოდ ფიზიკური ძალის იმედად არ მოდის. თან ქართველი, რომელიც საბჭოთა კავშირის ნაკრების  კაპიტანი იყო. წარმოიდგინეთ! რამდენი შინაგანი წინააღმდეგობის გადატანა მოუწევდა, რაც ჩვენ არ ვიცით. რამდენჯერ დაბლოკეს, მესამე ოლიმპიადაზე საერთოდ არ გაუშვეს.

მოყვა, როგორ დააგორა ბლოხინი კიბეებზე. ტელევიზორს უყურებდნენ თურმე, შემოსულა ბლოხინი და ისე რომ, არავის არაფერი არ გვკითხა, გადართო ტელევიზორიო. ხმა ვერავინ ვერ გასცა, მე გავიყვანე და კიბეზე დავაგორეო. ამის გამო ნაკრებიდან გარიცხეს. მონრეალის ოლიმპიადიდან უშვებდნენ სახლში. მაგრამ ლევანს უთქვამს, მოდით, ფინალი მაჭიდავეთ, ოქროს მოვიგებ და მერე გამიშვითო. ცხადია, ფინალი მოიგო.

დღემდე ვარჯიშობს ყოველ დილით. მე რომ გავიცანი, ოთხი წლის წინ, მუშტაიდის ბაღში ვარჯიშობდა. თავის სხეულს დღესაც კარგად ფლობს. ამ დროს მხოლოდ სპორტით არ შემოიფარგლება, ბევრი რამ აინტერესებს. ბიზნესშიც იყო, პოლიტიკაშიც.

როცა ადამიანს თვალსაწიერი ფართო აქვს, მასთან ურთიერთობა, საინტერესოა და კადრში ეს კარგად ჩანს. ბევრი შრე აქვს და ეს იგრძნობა. კამერას ვერ მოატყუებ. როცა ადამიანი შრეებით სავსეა და სიღმეები აქვს, ეს ეკრანზე ზუსტად იგრძნობა. ასეთია ლევან თედიაშვილი.

ცნობილმა ბრიტანელმა ფერადკანიანმა მსახიობმა, დელროი ლინდომ მითხრა: ლევანის როლი ჩემთვის ფენომენალური როლია. რასაც ის აკეთებს, ვოცნებობ ეგეთი რამ გავაკეთო კინოშიო.

ლევანი უშუალოა ეკრანზე, ისეთია, როგორიც არის. მისი ენერგეტიკა შექმნილია არა სამსახიობო ოსტატობის ფლობით, არამედ მის მიერ განვლილი ცხოვრების გზით. იმ უდიდესი გამარჯვებებით, ძალიან დიდი ტკივილით და ლამაზი სიბერით.

აფხაზეთში საომრად შვილთან ერთად წავიდა  და... მას ჩააკვდა ხელში...

ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლი: როცა ვახ­ტან­გი აფხა­ზეთ­ში გა­ემ­გზავ­რა, მეც ჩავ­ჯე­ქი თვითმფრი­ნავ­ში და მას­თან ერ­თად წა­ვე­დი. ჩემი შვი­ლი ომში მი­დი­ო­და და მე სახ­ლში დავ­რჩე­ბო­დი?! მამა, სად მოდი­ხა­რო? შენ­თვის ნას­როლ ერთ ტყვი­ას მა­ინც გადავეფა­რე­ბი მეთ­ქი. ასეც მქონ­და ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ როცა ბა­ბუ­შე­რის აე­როდ­რო­მი და­ი­ბომ­ბა და თვითმფრინავი აფეთ­ქდა, ვე­რა­ფე­რი ვუშ­ვე­ლე... საავადმყო­ფო­ში ჩემს ხელ­ში და­ლია სული...
მტერს არ ვუ­სურ­ვებ ამის გან­ცდას, ძა­ლი­ან რთუ­ლი გზა მაქვს გავ­ლი­ლი.

ლევან კოღუაშვილი: ასეთი წარმატებები, ასეთი ტკივილი და სიღრმე აქვს. არ არის მარტივი ადამიანი. პლუს ამას საინტერესო გარეგნობა აქვს. კარგი გაგებით, სიმპათიური მამაკაცია. თან კეთილშობილურად დაბერდა. სიბერესაც ხომ გააჩნია. კარგად დაბერდა. ეს ყველაფერი ერთად ქმნის ლევან თედიაშვილს, რომელზედაც ყველა ქვეყანაში უნდა იოცნებონ, რომ მსგავსად არა სტერეოტიპული, ნიჭიერი პიროვნებები ჰყავდეთ.