ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
ერეკლე საღლიანმა სექტემბერში თურქეთში ოპერაცია გაიკეთა. დიაგნოზი, რომელიც თურქმა მედიკოსებმა პოეტს დაუსვეს, იყო ტრემორი. მას ხელის კანკალის გამო, ბოლოს წერაც აღარ შეეძლო და დამოუკიდებლად - წყლის დალევაც.
საზოგადოება საყვარელ სვან პოეტს გვერდში დაუდგა, საოპერაციოდ თანხა შეუგროვა და დღეს, შედეგად, ბატონი ერეკლე ლექსსაც მეუღლის გარეშე წერს და "პრაიმტაიმის" მკითხველთან მალე კრებულის გამოცემასაც აანონსებს.
ერეკლე საღლიანი: ყველაფერმა კარგად ჩაიარა. როგორც ექიმები ვარაუდობდნენ, ისე კარგად მიდის ყველაფერი. კარგი შედეგი მივიღეთ.
ვმუშაობ, აბა, რა! წერის გამო იყო ოპერაცია რომ დამჭირდა. ხელის კანკალის გამო წერას ვერ ვახერხებდი. ახლა უკვე საერთოდ აღარ მაქვს ხელის კანკალი.
ცოლს, მარინა შერმადინს ვკარნახობდი ლექსებს და ის წერდა. ახლა უკვე პრეტენზია აქვს, შენი პოეზიის შექმნაში მონაწილეობა მაქვს მიღებულიო. ლამის თანაავტორობაში მეცილება. (იცინის)
იმდენად კომფორტული აღმოჩნდა მასთან ერთად მუშაობა, რომ ვერ ველევი. ისევ ვკარნახობ, მაგრამ უკვე შეგიძლია, შენით დაწერეო, მეუბნება. მივეჩვიე. თუმცა თავიდან მიჭირდა კარნახით ლექსის წერა. ლექსი ინტიმური თემაა. მანამ, სანამ შეიქმნება და თავის ფორმას მიიღებს, მხოლოდ შენშია და როგორია, კარნახით წერა? თუმცა, ჩემი და მარინას თანამშრომლობა, ნაყოფიერი გამოდგა.
კრებულზე ვმუშაობ, თითქმის სამი წელია. ბოლო ორი წლის ლექსებში სულ სხვა განწყობაა. კრებულს დავარქმევ - ლაგუშედა, სვანურად ნიშნავს "შეგვეწიოს".
ბოლო პერიოდის ლექსებში ჩანს დაფიქრება იმაზე, რაც გვჭირს რატომ გვჭირს. მე მაინც მგონია, რომ პანდემიაც არ იყო შემთხვევითი. ფაქტობრივად, ეს იყო პასუხი ჩვენს საქციელზე. ადამიანის ჩაკირული ტვინი რომ სხვანაირად არ გაიხსნა, ეს პერიოდი მოგვევლინა.
რომ არა პანდემია, პუტინი სამი წლით ადრე დაიწყებდა ომს. და ეს მხოლოდ უკრაინას და პუტინს არ ეხება, ყველაფერი გადაიდო.
ადამიანის ცნობიერება მაინც ძნელად იცვლება. სამწუხაროდ, გასულმა ორმა წელმა ცნობიერებაში არაფერი დაგვიტოვა. დიდი ადამიანები წავიდნენ ჩვენგან. მე არ ვიცი, ანზორ ერქომაიშვილს თუ ვინმე შეცვლის.
ერი უფრო ფართო მომცველი მცნებაა, ვიდრე თითოეული ჩვენგანი. ერი არც ჩვენით იწყება და არც ჩვენით მთავრდება, თუმცა ჩვენნაირებისგან შედგება. ერის გენიალური განმარტება აქვს რუს ფილოსოფოსს, ბერდიაევს.
ერში შედის არა მარტო წარსული, არა მარტო მომავალი თაობები, ერში შედის წარწერები, საფლავის ქვები და თუ გვინდა რომ ერის მცნებას მივწვდეთ, ვუსმინოთ საფლავის ქვებს და წარწერებს.
აი, ჩვენ სად ვართ დღეს, ამაში ჯერ ისევ ვერ გავრკვეულვართ, თუმცა იმედია, გავერკვევით.